Accessibility links

logo-print

გორში საპროტესტო აქციების შეწყვეტას ჯერჯერობით არ აპირებენ


საპროტესტო აქცია გორში

საპროტესტო აქცია გორში

გორში ერთი კვირაა, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები პოლიციის მიერ დაკავებული ზაალ გუდაძისა და თამაზ ტლაშაძის გათავისუფლების მოთხოვნით. საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკების უკანონოდ შენახვაში ბრალდებული გუდაძე და ტლაშაძე ოპოზიციის მხარდამჭერები არიან და აქტიურად მონაწილეობდნენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. ამიტომ, როგორც ოპოზიციური პარტიების ადგილობრივ ლიდერებს, ისე გორის საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს პოლიციის მიერ ზაალ გუდაძისა და თამაზ ტლაშაძისთვის წარდგენილი ბრალდების არ სჯერა და მათ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევს. საპროტესტო აქციების მონაწილე გორელები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებენ, რომ გუდაძეს და ტლაშაძეს ქალაქში კარგად იცნობენ და მათ წესიერებაში ეჭვი არ ეპარებათ. „ამ ადამიანების დაპატიმრება ჩვენი სირცხვილია“ - ამბობენ საპროტესტო აქციების მონაწილენი.

ადგილობრივი საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა გადაწყვეტილებით, პატიმართა გათავისუფლებამდე, გორში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გაიმართება.

ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოების საპროტესტო აქტიურობას ჯერჯერობით არ იმჩნევს და კომენტარზე უარს ამბობს. ერთკვირიანმა აქციებმა ვერც ცენტრალური სატელევიზიო არხების ინტერესი გამოიწვია.

დაახლოებით ორ კვირაში, გორში ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერთა ჩამოსვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მასშტაბურ საპროტესტო აქციას ელოდებიან.
XS
SM
MD
LG