Accessibility links

logo-print

ინგუშეთის პრეზიდენტი თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა


ევკუროვის აფეთქებული მანქანა

ევკუროვის აფეთქებული მანქანა

ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იუნუსბეკ ევკუროვი მძიმედ დაიჭრა მასზე და მის თანმხლებ პირებზე 22 ივნისს, გამთენიისას, ქალაქ ნაზრანში თავდასხმისას. რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა აფეთქება ბანდიტებს დააბრალა და ინგუშეთში საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნა. ევკუროვი მეოთხე ოფიციალური პირია, რომელიც დაღესტანსა და ინგუშეთში ბოლო კვირას მომხდარი აფეთქებებისას ან დაიღუპა, ან დაიჭრა.

იუნუსბეკ ევკუროვი, 48 წლის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც 8 თვის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა ინგუშეთის პრეზიდენტად დანიშნა, მძიმედ დაიჭრა, როცა დანაღმული ავტომობილი მისი კორტეჟის სვლაგეზზე აფეთქდა ნაზრანიდან მაგასისკენ მიმავალ გზაზე.

აფეთქებისას დაიღუპა ევკუორვის ორი მცველი. მძიმედ არიან დაჭრილი ევკუროვის ძმა და პირადი დაცვის კიდევ სამი წარმომადგენელი. ზოგიერთი ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო. ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომელმაც მომხდარი ბანდიტებს დააბრალა:

“ბოლო პერიოდში ინგუშეთის პრეზიდენტმა მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ დაემყარებინა წესრიგი და სამოქალაქო მშვიდობა რესპუბლიკაში. ეს აქტიურობა არ მოსწონთ ბანდიტებს და ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პოზიციების განმტკიცებისა და ყველა მიმართულებით მუშაობის გაძლიერების პირდაპირი შედეგია.”

მას შემდეგ, რაც ინგუშეთის პრეზიდენტი გახდა, ევკუროვის წინაშე რამდენიმე რთული ამოცანა დადგა. ინგუშეთის ახალ ლიდერს უნდა აღმოეფხვრა მემკვიდრეობით მიღებული სახელისუფლებო კორუფცია, აეღორძინებინა ეკონომიკა და შეემცირებინა უმუშევრობა, რითაც ინგუშეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაციაში. ევკუროვის მთავარი პრიორიტეტი კი, გავრცელებული აზრით, იყო უსაფრთხოების საკითხები - კერძოდ, პოლიციის, არმიისა და უშიშროების სტრუქტურის პერსონალზე თავდასხმის აღკვეთა. მხოლოდ 2008 წელს ინგუშეთში 60-ზე მეტი ტერორისტული აქტი მოხდა, რომლის დროსაც 70 პოლიციის მუშაკი დაიღუპა და 167 დაიჭრა.

ზოგიერთ საკითხში ევკუროვმა მართლაც მიაღწია თვალსაჩინო წარმატებებს. მათ შორის, ინგუშეთის პრეზიდენტმა თავის ირგვლივ შემოიკრიბა რამდენიმე ახალგაზრდა ოპოზიციონერი და ენერგიულად მოჰკიდა ხელი კორუფციული საქმეების შესწავლას. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ევკუროვზე თავდასხმა შეიძლებოდა მოეწყო ყოფილი პრეზიდენტის, ზიაზიკოვის, გუნდის წევრებს, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ანტიკორუფციული საქმიანობის სამიზნე გახდებოდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა იანვრის ბოლოს, ინგუშეთში ხანმოკლე ვიზიტის დროს, ევკუროვს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და 800 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციისათვის. მედვედევმა 22 ივნისს განაცხადა, რომ, მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ინგუშეთში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის; რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსმა ბორნიკოვმა კი განაცხადა, რომ ეს ტერორისტული აქტი იატაკქვეშა ბანდფორმირებების საპასუხო ნაბიჯია:

“აქტიურობამ ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მილიციის მხრიდან, რომლებიც ერთობლივ სპეცოპერაციას ატარებდნენ, ბანდფორმირებები პრაქტიკულად ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ძნელად მისადგომ რეგიონებში მოამწყვდია. ცხადია, იატაქვეშა ბანდებმა აქტიური წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს და ეს ქმედება, რომელიც დღეს განხორციელდა, სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაა. ვინაიდან იატაკქვეშა ბანდის მხრიდან ევკუროვის მისამართით არაერთი მუქარა გაისმა, ვფიქრობ, ეს ბანდიტების საპასუხო მოქმედება უნდა იყოს.”

აღსანიშნავია, რომ 22 ივნისს იუნუსბეკ ევკუროვზე მომხდარი თავდასხმა დაემთხვა ინგუში და ჩეჩენი მებრძოლების ერთობლივი სამხედრო რეიდის მეხუთე წლისთავს. ხუთი წლის წინ, ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე მომხდარი თავდასხმის დროს, 80 კაცი დაიღუპა. როგორც მაშინ ვარაუდობდნენ, შეტაკების უკან ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობა იდგა.

აპრილის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში წინააღმდეგობის მოძრაობის მეთაური დოკ უმაროვი აცხადებდა, რომ ცნობილი რიადის სალიჰინის თვითმკვლელთა ბრიგადა კვლავ გამოვიდა სცენაზე, რითაც, უმაროვის სიტყვებით, “თავდასხმების წელი დაიწყება.”

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ექსტრემისტებმა დაღესტნის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალი ადილგირეი მაგომედ ტაგიროვი და ორი ინგუში მაღალჩინოსანი მოკლეს.

თუმცა არც ერთ ექსტრემისტულ მოძრაობას ევკუროვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია.
XS
SM
MD
LG