Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი საერთაშორისო ჩარევის გამო ბრალდებებს აძლიერებს


ჰასან ქაშგავი დასავლეთს ადანაშაულებს
ჰასან ქაშგავი დასავლეთს ადანაშაულებს
ირანის ხელისუფლება სულ უფრო აძლიერებს ბრალდებებს საზღვარგარეთის ქვეყნების მისამართით, რომლებიც მის შინაურ საქმეებში ერევიან. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ივნისს განაცხადა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს იმ მეამბოხეებს, რომლებიც, ირანის ხელისუფლების მტკიცებით, მაჰმუდ აჰმადინეჟადის დამაჯერებელ გამარჯვებას აპროტესტებენ. რა ხდება თეირანის ქუჩებში?

12 ივნისს ირანში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა სათავე დაუდო მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომლის მსგავსი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ოპოზიციის მთავარი კანდიდატის, მირ ჰოსეინ მუსავის, ასობით ათასი აღშფოთებული მომხრე გამოვიდა ქუჩებში იმის სათქმელად, რომ არჩევნები გაყალბდა არსებული პრეზიდენტის, აჰმადინეჟადის სასარგებლოდ. სულ ბოლო საპროტესტო დემონსტრაციის დროს, გასულ შაბათს, პოლიციასთან მომხდარ შეტაკებებში, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით ადამიანი დააპატიმრეს.

ირანის ხელისუფლება აქციების მონაწილეებს ტერორისტებსა და მეამბოხეებს უწოდებს, 22 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე კი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰასან ქაშგავიმ თითი დასავლეთისკენ გაიშვირა:

“ევროპის ბევრი ქვეყანა და ამერიკა, ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდნენ ადამიანებს გამოიყენონ დემოკრატიული საშუალებები; ნაცვლად იმისა, რომ თავიანთ განცხადებებში გამოხატავდნენ პატივისცემას კანონით გათვალისწინებული ნორმებისადმი, - ამის ნაცვლად, მათ მხარი დაუჭირეს ექსტრემისტებსა და ოპორტუნისტებს.”

გასულ პარასკევს ირანის უმაღლესმა ხელისუფალმა აიათოლა ალი ჰომენეიმ დასავლეთის სახელმწიფოები ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის გამო დაადანაშაულა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს უბრძანა შეეწყვიტათ დემონსტრაციები.

ირანის ხელისუფლება არეულობების მოწყობაში უცხოეთის მედიასაშუალებებსაც ადანაშაულებს. ქვეყნის დატოვება ნაბრძანები აქვს სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის მუდმივ კორესპონდენტს თეირანში, ხოლო ავტორიტეტული “ნეუსვეკი” აცხადებს, რომ მისი კორესპონდენტი დააპატიმრეს და მის შესახებ არაფერი ისმის.

იმავდროულად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა უსაფუძვლო უწოდა მცდელობას, არჩევნების შემდეგ ირანის საზოგადოებაში წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობა წარმოაჩინონ როგორც “ბრძოლა ირანსა და სხვა ქვეყნებს შორის.” დასავლეთის სახელმწიფოები მოუწოდებენ თეირანს, არჩევნების სამართლიანობაში დაარწმუნოს ირანელი ხალხი და ნება დართოს მას მშვიდობიანი კონსტიტუციური გზით გამოხატოს საკუთარი პროტესტი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კვირას ხმების ხელახალ გადათვლაზეც გააკეთა აქცენტი:

“მე მჯერა, რომ ეჭვები იოლად შეიძლება გაქარწყლდეს, თუკი გამჭვირვალედ მოხდება ხმების ხელახალი გადათვლა, თუ საჭიროა, საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით. ამის შემდეგ სამართლიანობა აღდგება. ჩემი შეხედულებით, ეს არის საუკეთესო და უიოლესი საშუალება ვითარების გასარკვევად.”

კვირას ზოგიერთი მოძრობა ამ მხრივ ირანში დააფიქსირა ირანის გავლენიანმა ზედამხედველთა საბჭომ, რომელიც არჩევნებს აკვირდება. აჰმადინეჟადის სამი მთავარი მეტოქის პასუხად, ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 12 ივნისის არჩევნებზე მართლაც დაფიქსირდა დარღვევები.

აბას ალი ქადხოდეის თქმით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე უფრო მეტი ბიულეტენი დაფიქსირდა, ვიდრე იყო ამომრჩეველი. თუმცა ასეთი შემთხვევა აღინიშნა 50 უბანზე, რაც მაშინაც კი ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე, თუკი, საერთო ჯამში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება 3 მილიონამდე ბიულეტენის ნამდვილობა. ხმების გადათვლა ნებისმიერ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ხელახლა დაინიშნოს არჩევნები, რასაც ოპოზიციის ლიდერი მირ ჰოსეინ მუსავი და მისი მომხრეები მოითხოვენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG