Accessibility links

logo-print

რა მოლოდინი უკავშირდება აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას?


2009 წლის 9 იანვარი. საქართველოსა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს აწერენ ქარტიას

2009 წლის 9 იანვარი. საქართველოსა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს აწერენ ქარტიას

22 ივნისს ვაშინგტონში იდგმება პირველი ნაბიჯები შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის განხორციელების გზაზე. ქარტია, რომელსაც მხარეებმა ხელი 9 იანვარს მოაწერეს, გულისხმობს სამომავლო ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას 4 ძირითადი მიმართულებით, მათ შორის - უსაფრთხოების სფეროშიც, რასაც ექსპერტები მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოსთვის. ასევე 22 ივნისს დაგეგმილი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრა. თუმცა შეხვედრა გადაიდო და ოფიციალურ მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ კლინტონს ხელი აქვს მოტეხილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ჯერ ისევ არ აძლევს მუშაობის საშუალებას. ამერიკის მხარე ირწმუნება, რომ ეს გარემოება ხელს ვერ შეუშლის დაწყებულ პროცესს. რას ფიქრობენ ექსპერტები - რა დახმარებას შეიძლება ელოდეს საქართველო ამერიკისგან და რა სიგნალს ავრცელებს ვაშინგტონი შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ?

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია 2009 წლის 9 იანვარს შეერთებული შტატების ჯერ კიდევ ძველი ადმინისტრაციის ეპოქაში გაფორმდა და იქვე გაჩნდა შეკითხვა: რა თვალით შეხედავს დოკუმენტს ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაცია და რამდენად მიეცემა ახლებური თანამშრომლობის იდეას განხორციელების საშუალება? მართალია, იმხანად ითქვა ისიც, რომ ძალაუფლების შეცვლის გზაჯვარედინზე ძველი ადმინისტრაცია ახლის დასტურის გარეშე ასეთი ნაბიჯის გადადგმას მოერიდებოდაო, მაგრამ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
ასეა თუ ისე, პროცესი დაიძრა და ქარტიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს მხოლოდ საქართველოს მხარე რომ არ იჩენს, ამას გასული კვირის მიწურულს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ხაზი გაუსვა ჯონ ტეფტმაც, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში: "ამერიკელი ექსპერტები შეხვდებიან ქართველ ექსპერტებს და იმსჯელებენ იმ 4 ძირითადი სფეროს გარშემო, რომელთაც ქარტია მოიცავს. ძირითადი მიმართულებებია: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლიერება, ხალხებს შორის კონტაქტი და კულტურული სფერო. საქართველოს მთავრობის ექსპერტები, ამერიკელ ექსპერტებთან ერთად, განსაზღვრავენ წინსვლის გზებს - ჩვენი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებში. ეს იქნება პირველი ასეთი შეხვედრა და მე დიდი იმედით ვუყურებ ამ პერსპექტივას."

ქარტიის ფარგლებში განსაზღვრულ 4 ძირითად მიმართულებაზე სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იმედოვნებს, რომ პრინციპების ჩამონათვალი სამოქმედო გეგმად იქცევა და ქარტიის ფარგლებში მუშაობა მალე კონკრეტულ შედეგებსაც მოიტანს.
22 ივნისს ვაშინგტონში მიმდინარე შეხვედრებს სხვა მოვლენების კონტექსტში განიხილავს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. ის თვლის, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი, მათი პრეზიდენტების მოახლოებული შეხვედრის წინ, ერთმანეთს საგანგებო სიგნალებს უგზავნიან: "ცხადია, მხარეებს სურთ, რომ უკეთ მომზადებულები შეხვდნენ ერთმანეთს, უფრო მეტი კოზირი ედოთ ჯიბეში და დიალოგის დროს მხარეებმა საკუთარი ინტერესები უკეთესად დააკმაყოფილონ. რა თქმა უნდა, ამას უკავშირდება ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნები, რომელსაც ეწოდება ”კავკასია 2009”. ასევე შემხვედრი ნაბიჯია შეერთებული შტატების მხრიდან, როდესაც ამ საბჭოს მუშაობა იწყება სწორედ მედვედევ-ობამას შეხვედრამდე."

რას ნიშნავს ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ კოზირების დაგროვებისა და სიგნალების გაშვების პროცესი? რამდენად შესაძლებელია, რომ ამ კოზირებით ვაჭრობის პროცესს საქართველოს ინტერესები შეეწიროს? ირაკლი სესიაშვილის აზრით, ეს არ არის მოსალოდნელი, რადგანაც რუსეთი ვერ შეძლებს ისეთი საფასურის გადახდას, რაც უარს ათქმევინებდა ამერიკას სამხრეთ კავკასიაში თავის სტრატეგიულ ინტერესებზე.

თუმცა თეორიულად და პრაქტიკულადაც ყველაფერი მოსალოდნელია ექსპერტისთვის სამხედრო საკითხებში ირაკლი ალადაშვილისთვის. ის ასახელებს შეერთებული შტატებისთვის ასევე პრინციპულ საკითხს, რომელთან კავშირშიც რუსეთმა, შესაძლოა, ამერიკასთან საქართველოს თემით ვაჭრობა სცადოს: ”ჩვენდა სამწუხაროდ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სტრატეგიულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე. 1991 წელს დაიდო ეს ხელშეკრულება და მოქმედების ვადა 2009 წლის დეკემბერში გასდის. ბირთვული ქობინების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მოსკოვში დიდი ვაჭრობა წავა.”

ამ გარემოების მიუხედავად, ირაკლი ალადაშვილი მაინც იმედოვნებს, რომ ამერიკა არ დათმობს საქართველოსთან დაკავშირებულ გეო-პოლიტიკურ ინტერესებს და რუსეთს - მათ შორის, პრეზიდენტების დონეზეც - სათანადო პრინციპულობით დაელაპარაკება. ამ კონტექსტში ექსპერტები აღნიშნავენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ გორდონის, რამდენიმე დღის წინანდელ გამოსვლას კონგრესში. გორდონმა ბევრი ილაპარაკა საქართველოზე და, მათ შორის, გარკვევით თქვა ისიც, რომ შეერთებული შტატები არ ცნობს რუსეთის გავლენის სფეროებს და უწინდებურად მხარს დაუჭერს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG