Accessibility links

სტაინბერგი: აშშ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას


დღეს ვაშინგტონში, საქართველოსა და აშშ-ის მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, გაიმართა ორმხრივი კომისიის პირველი სხდომაც. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უნდა შეხვედროდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, მაგრამ კლინტონს ხელი აქვს მოტეხილი და მის ნაცვლად ვაშაძეს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი მასპინძლობდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა პირველ შეხვდერასთან დაკავშირებით.

სტაინბერგის თქმით, აშშ კვლავაც ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ამასთან, მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. "საქართველომ წარსულში დიდი წვლილი შეიტანა ერაყში ჩვენს ოპერაციებში და განსაკუთრებით მადლიერი ვართ საქართველოს გადაწყვეტილებისთვის, იგივე გააკეთოს ავღანეთშიც," თქვა სტაინბერგმა.

აშშ-ის სახელმწიფო დივნის მოადგილე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კმაყოფილება გამოთქვა მთავრობის თავშეკავებული პოზიციის გამო.

"ჩვენ დიდად ვაფასებთ იმას, რომ საქართველოს მთავრობა თავშეკავებას იჩენს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ და განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას მისი დემოკრატიისა და რეფორმების გასაძლიერებლად", აღნიშნა სტაინბერგმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა მასპინძელ მხარეს. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ორი ქვეყნის დელეგაციებმა "განიხილეს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც საერთაშორისო ორმხრივ ინსტრუმენტებად უნდა გარდაიქმნას".

მისი სიტყვებით, "ეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის, ისევე, როგორც ეს იყო ქარტიის ხელმოწერისას. ეს არის ერთი გამორჩეული მნიშვნელობის შეთანხმება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, მას მერე, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ."

როგორც იტყობინებიან, ჯეიმს სტაინბერგი ჰილარი კლინტონს შეცვლის მომავალ კვირაშიც საბერძნეთში, სადაც ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს შეხვედრები გაიმართება.
XS
SM
MD
LG