Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალდას ადამკუსი: "საქართველოს შეუძლია, ლიტვის იმედი ჰქონდეს".


ვალდას ადამკუსი და მიხეილ სააკაშვილი
ვალდას ადამკუსი და მიხეილ სააკაშვილი
თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, მთაწმინდის პანთეონის ქვემოთ განახლებულ სკვერს ამიერიდან "ვილნიუსის სკვერი" ერქმევა და ის იქნება ერთგვარი სიმბოლო ლიტვის და საქართველოს მეგობრობისა, იმავდროულად კი - ერთგვარი მადლიერების სიმბოლო იმ მხარდაჭერისთვის, ლიტველი ხალხი და მისი ხელისუფლება რომ უწევდა და უწევს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ურთულეს გზაზე. ვილნიუსის სკვერი თბილისში 23 ივნისს, საქართველოში ლიტვის პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის ვიზიტის დროს, გაიხსნა. სკვერი ლიტვისა და საქართველოს პრეზიდენტებმა გახსნეს. ამჯერად უკვე თბილისში, ვილნიუსის სკვერიდან, უსურვა საქართველოს მოსახლეობას ვალდას ადამკუსმა იმ ოცნების ასრულება, რომელიც, მისი სიტყვებით, არის დამოუკიდებლობა, მშვიდობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დამკვიდრება.

ცოტა ხნის წინ - მაისში - ლიტვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმატება დალია გრიბაუსკაიტემ მოიპოვა, რის შედეგადაც, პირველად ლიტვის ისტორიაში, პრეზიდენტის პოსტს ქალბატონი დაიკავებს. სწორედ მან უნდა შეცვალოს ვალდას ადამკუსი - კაცი,რომელიც საქართველოს მეგობარ ლიტვას სათავეში 1998 წელს ჩაუდგა და რომლის პრეზიდენტობის პერიოდშიც დაიმკვიდრა ლიტვამ თავისი სრულფასოვანი ადგილი ევროპაში - ნატოსა და ევროკავშირში.

მან ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. ჯერ კიდევ 1955 წელს მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა. იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი, წლების მანძილზე მსახურობდა შეერთებული შტატების მთავრობაში და, როგორც 23 ივნისს თბილისში, ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიალზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, სამშობლოსგან შორს ყოფნისას ერთი დღეც არ შეუწყვეტია ბრძოლა ლიტველი ხალხის იმ ოცნებისთვის, რომელიც უკვე ადამკუსის პრეზიდენტობისას განხორციელდა და ლიტვა ევროპაში ევროპის სრულფასოვან წევრად დაბრუნდა.

ლიტველმა ხალხმა და მისმა პრეზიდენტმა იბრძოლეს თავისუფლებისთვის. ვინც იბრძოლა, მან იცის ამ ბრძოლის სიმძიმე და მისი ფასი და ამიტომ იცის ისიც, თუ რა მნიშვნელოვანია მხარდაჭერა იმათთვის, ვინც ახლა გადის ბრძოლის ამ ურთულეს გზას.

ლიტვა, ბალტიისპირეთის სხვა სახელმწიფოებთან ერთად, იცავს საქართველოს ინტერესებს უმნიშვნელოვანეს გაერთიანებებში. ევროკავშირში სწორედ ლიტვა იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ თქვა მტკიცე "არა" ევროპასა და რუსეთს შორის დიალოგის განახლებაზე იმის გამო, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა. საქართველოში ახსოვთ ეს ფაქტი და ახსოვთ სხვა ბევრი ფაქტიც. ლიტველი ხალხის მიმართ ქართველი ხალხის მადლიერების შესახებ ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა. ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა კი თქვა: ”ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია და საქართველოს წინაშე არის ძალიან დიდი საფრთხე... და დღეს საქართველოს სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, უფრო მეტად გაფრთხილება, ვიდრე ყველა ევროპულ ქვეყანას, ერთად აღებულს.”

”ეს ომი მოხდა სწორედ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა, ისევე როგორც თავის დროზე ლიტველმა ხალხმა, თქვა, რომ არასდროს იტყვის უარს დამოუკიდებლობაზე” - ომის მიზეზებზე საუბარი ამ სიტყვებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა..- ”ეს ომი იმიტომ კი არ მოხდა, რომ ვინმეს არ მოსწონდეს სააკაშვილი - მოხდა იმიტომ, რომ საქართველო არის გაჩხერილი იმ გზაზე, რომლითაც შეიძლება ჩაიკეტოს მთელი ევრაზიული დერეფანი”, - თქვა მან და გაიხსენა აგვისტოს უმძიმესი დღეები, როცა ვილნიუსის ქუჩებში ლიტველი ხალხი ქართველების გასამხნევებლად ქართულ სიმღერებს მღეროდა: ”ყველაზე მეტი ქართული დროშები გაიყიდა ვილნიუსში. ლიტვაში იმართებოდა დიდი საპროტესტო აქციები და ლიტველი მომღერლები მღეროდნენ ქართველების გასამხნევებლად. და მაშინ რამდენიმე ლიდერი ჩამოვიდა თბილისში, მიუხედავად გაფთხილებისა, რომ ჩამოაგდებდნენ მათ თვითმფრინავს. და ისინი მაინც ჩამოვიდნენ და დადგნენ აქ ჩვენს ხალხთან ერთად მთელი მსოფლიოს დასანახად მანამდე, სანამ არ მოიხსნა თბილისის საფრთხე.”

და სწორედ მაშინ თბილისში, რუსთაველის მოედანზე შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს ვალდას ადამკუსმა უთხრა: ”თავისუფალი ლიტველი ხალხი მოკითხვას გითვლით თავისუფალ ქართველ ხალხს.მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო. მოდით, დავდგეთ ერთად, ვიყოთ ერთიანები და გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება.”

საქართველოს მადლიერების ნიშნად, მიხეილ სააკაშვილმა ვალდას ადამკუსს უმაღლესი ქართული საბრძოლო ორდენი გადასცა - ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი... მიხეილ სააკაშვილის თქმით, გადასცა იმიტომ, რომ მან საქართველოსთვის იბრძოლა. ვალდას ადამკუსს სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს 3 ათეულამდე უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯილდო. 2007 წელს ის წლის ევროპელად დასახელდა. მაგრამ მთავარი წარმატება, მთავარი ჯილდო მისთვის არის და იქნება ის, რასაც ლიტვამ მისი პრეზიდენტობისას მიაღწია და რის მიღწევასაც ის ახლა საქართველოს უსურვებს: ”მე მინდა ვუსურვო ამაყ, დინამიურ, ენერგიულ ქართველ ხალხს გააგრძელოს ბრძოლა თავისი ოცნებისთვის, მიაღწიოს დამოუკიდებლობას, მშვიდობას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ადგილის დამკვიდრებას. თქვენ გყავთ მილიონობით მეგობარი ლიტვაში და გყავთ უამრავი თანამგრძნობი მთელ მსოფლიოში. დიდი მადლობა.”
XS
SM
MD
LG