Accessibility links

logo-print

ოპოზიციის მხარდამჭერები თანამოაზრეების გათავისუფლებას მოითხოვენ


აქციის მონაწილე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

აქციის მონაწილე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები 15 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა საქართველოში ევროკავშირის წარომადგენლობასთან შიმშილობა დაიწყო.

„თანასწორობის ინსტიტუტისა“ და ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენლები შიმშილობის აქციას ნინო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მართავენ. „არა ძალადობას!“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - ამგვარი შინაარსის ტრანსპარანტები წარმომადგენლობის მოპირდაპირე შენობის კედელზეა გაკრული, იქვე დგანან მათი ავტორებიც.

„პროტესტის ფორმა არის შიმშილობა, იმიტომ რომ ამ მთავრობამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. 15 ივნისს მშვიდობიან აქციას ვატარებდით პოლიციის სამმართველოსთან და ყველამ ნახა, რაც მოხდა,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილე ანრი ბიბინეიშვილმა, რომლის თქმითაც, შიმშილობა მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება. მიზანი კი 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებაა. 15 ივნისის აქციაში ასევე მონაწილეობდა „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი შოთა აფხაიძე, რომელსაც იმედი აქვს, რომ შიმშილობა შედეგს გამოიღებს და პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდების ბედით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები დაინტერესდება:

„ჩვენი თხოვნაა, გამოიყენოს უფრო მეტი მექანიზმი და ბერკეტები იმისათვის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საკითხები მართლაც სამართლიანად გადაწყვიტოს. დაკავებული ახალგაზრდები არიან სინდისის პატიმრები. მათი ნაწილი, სულ ცოტა, სამკურნალო დაწესებულებაში მაინცაა გადასაყვანი, რადგანაც საშინლად ნაცემები არიან და მათ სიცოცხლეს ექმნება საფრთხე.“

შოთა აფხაიძისა და შიმშილობის აქციაში მონაწილე სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებით, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ დაკავებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დეპუტატმა 15 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული 19 ახალგაზრდა 23 ივნისს მოინახულა.

ჯონდი ბაღათურია: „ყველა ცალსახად ამბობს, რომ საპატიმროში არც ფიზიკურ და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. გარეგნულად ყველანი კარგად არიან. არ აკლიათ მხნეობა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ მონიტორინგი უნდა დააწესოს მათ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ ხუთმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა.“

მოშიმშილეები - როგორც საპატიმროში, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან - მიიჩნევენ, რომ 15 ივნისს კანონი ხელისუფლებამ და პოლიციელებმა დაარღვიეს, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ოფიციალური ინფორმაციით, 15 ივნისს პოლიციამ ოცდაცხრამეტი სამართალდამრღვევი დააკავა. ამათგან ოცი სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა, ცხრამეტს კი, ასევე ადმინისტრაციული წესით, ოცდაათ დღემდე პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამართალი არ აღსრულებულა და რომ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული ახალგაზრდები უსამართლოდ იხდიან სასჯელს. ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მოშიმშილე ახალგაზრდები 15 ივნისის ინციდენტის ობიექტურ გამოძიებას და მოძალადეების დასჯას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG