Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს ასახელებს


კარლ ბილდტი
კარლ ბილდტი
რამდენიმე დღეც და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდება შვეცია - ევროკავშირის წევრი 1995 წლიდან, რომელიც შეცვლის ჩეხეთის რესპუბლიკას - ევროკავშირის ლიდერს განვლილი 6 თვის მანძილზე. ორბაშათს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა და ევროპის საკითხთა მინისტრმა სესილია მალმსტრიორმმა ისაუბრეს თავიანთი ქვეყნის პრიორიტეტებზე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში. ყოველკვირეულ პროგრამა “ახალ ევროპაში” მოგითხრობთ ამ გეგმებსა და მოლოდინზე, რომელიც საქართველოში უკავშირდება შვეციის ჩადგომას ევროკავშირის სათავეში.

1 ივლისს იწყება, ევროკავშირის ძალისხმევა, პირველ რიგში, ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ანუ, ფაქტობრივად, არ იცვლება პრიორიტეტი, რომელიც აქამდე ჩეხეთს ჰქონდა გამოცხადებული. ევროპის საკითხებში შვეციის მინისტრის სესილია მალმსტრიომის განცხადებით, ვითარება კვლავინდებურად ძალიან სერიოზულია: “სავარაუდოდ, მოწმე გავხდებით უმუშევრობის ძალიან მაღალი დონისა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში -ამ შემოდგომაზე და, ალბათ, ზამთარშიც. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საფინანსო ბაზრებისადმი ნდობის აღდგენაზე, უნდა მოვემზადოთ დიდი ოცეულის შეხვედრისთვის, რომელიც სექტემბერში იმართება და უნდა მივამართოთ ყველა ზომას, რათა შევძლოთ კოორდინირებული მოქმედება უმუშევრობასთან ბრძოლაში”.

შვეციის თავმჯდომარეობის კიდევ ერთ პრიორიტეტად სახელდება ეკოლოგია. მიზანია ევროკავშირის ერთობლივი პოზიციის შემუშავება გლობალური კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციისათვის, რომელსაც დეკემბერში კოპენჰაგენი უმასპინძლებს. ამ თემაზეც, პრეს-კონფერენციის დროს, ევროპის საკითხებში შვეციის მინისტრმა, სესილია მალმსტრიომმა ისაუბრა, შემდეგ კი სიტყვა გადასცა საგარეო უწყების ხელმძღვანელს, კარლ ბილდტს. ბილდტი ედგება სათავეში მომდევნო ნახევარი წლის მანძილზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს, რაც საქართველოსთვის, უდავოდ მნიშვნელოვანი სიახლეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტოს ომის პირველივე დღეებიდან ბილდტი რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ყველაზე მკაცრ და აქტიურ ოპონენტებს მიეკუთვნებოდა. ის 11 აგვისტოს ეწვია თბილისს, მანამდეც და შემდეგაც აკრიტიკებდა რუსეთის არგუმენტაციას, საქართველოში შეჭრით, თითქოსდა, თავისი მოქალაქეების დაცვის შესახებ. ბილდტი ასაბუთებდა აგრეთვე, რატომ არ შეიძლება კოსოვოს შედარება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან.

ცოდნა, რომელიც შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აქვს აღმოსავლეთ ევროპის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს. ის კარლ ბილდტს მიიჩნევს საქართველოს მეგობრად, რომელმაც კარგად იცის, რა ხდება აღმოსავლეთ ევროპაში, რას აპირებს რუსეთი და ამიტომ რეალისტური მიდგომა აქვს.

ზოგადად, შვეციის ჩადგომა ევროკავშირის სათავეში, ალექსანდრე რონდელის შეფასებით, ძალიან კარგია საქართველოსთვის, რადგან შვეცია, როგორც სკანდინავიის ქვეყანა, საგარეო პოლიტიკაზე “მაცივილიზებელი” გავლენით გამოირჩევა - ეს არის “კეთილმყოფელი როლი და გავლენა” საერთაშორისო ურთიერთობებში.

შვეცია თავისი ტერიტორიით ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა (რიგით მესამე), თუმცა, მოსახლეობით, რომელიც, დაახლოებით, 9 მილიონს შეადგენს, მომცროების რიგში დგას და, თავისი ნეიტრალური სტატუსით, ცხადია, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ძლიერ ქვეყნებს არ მიეკუთვნება. მაგრამ მის ძალად არის მიჩნეული, ქართველი პოლიტოლოგის განმარტებით, კეთილმყოფელი გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე.

შეკითხვას, მაინც რას შეიძლება მოელოდეს საქართველო ევროკავშირში შვეციის თავმჯდომარეობისაგან, ალექსანდრე რონდელი ასეთი ჩამონათვლით პასუხობს: მოსალოდნელია ევროკავშირში საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელება; რუსეთთან ევროკავშირის უფრო აქტიური მუშაობა და რუსეთზე კარგი გავლენა; მოლაპარაკების დაჩქარება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმებაზე, რის შესახებაც ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო 2008 წლის 1 სექტემბერს; ამ შეთანხმებაში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადგენილების შესვლა; ასევე შვეციის ძალისხმევით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება და მისი მოქმედების არეალის გაფართოება.

ევროკავშირსი მორიგე თავმჯდომარეობას შვეცია, როგორც ცნობილია, ჩეხეთის რესპუბლიკისაგან ჩაიბარებს - ქვეყნისაგან, რომელიც ასევე არის მიჩნეული საქართველოს მეგობრად, მისი ინტერესების დამცველად ევროკავშირში. და თუ ასეა, როგორ შეიძლება შეჯამდეს ევროკავშირში ჩეხეთის 6-თვიანი თავმჯდომარეობა - საქართველოს თვალსაწიერიდან? პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი არაორაზროვან შეფასებას იძლევა: მისი თქმით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა კარგად, საქართველო ჩეხეთისაგან ძალაინ აქტიურ მხარდაჭერას იღებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია “ნაბუკოს” გაზსადენის პროექტისა და “აღმოსავლეთის პარტნიორობის” მხარდაჭერა ევროკავშირში ჩეხეთის თავმჯდომარეობისას.

როგორი იქნება შვეციის თავმჯდომარეობა, ჯერ-ჯერობით ვარაუდებსა და იმედებს უკავშირდება. ცნობილი კი ის არის, რომ შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი მალე ეწვევა საქართველოს. ბრიუსელში პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, კარლ ბილტმა, ევროკავშირის თავმჯდომარეობის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრის ბოლოს მიუთითა როლზე, რომელსაც საქართველოში ასრულებს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია:
“საქართველოში როგორც ეუთოს, ისე გაეროს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ვეტოს გამოყენების შემდეგ, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია არის ერთადერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მისია, დარჩენილი საქართველოში სტაბილურობის ხელშესაწყობად. ამის გათვალისწინებით, ვაპირებ, საკმაოდ მალე გავემგზავრო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც ამ რეგიონში ვდგავართ,” განაცხადა კარლ ბილდტმა.

ბრიუსელში პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ბუნებრივია, გვერდს ვერ აუვლიდა ირანის თემას. მან კატეგორიულად დაგმო დემონსტრანტების დახოცვა და ირანის ხელისუფალთ მოუწოდა, ჩატარდეს გამოძიება ეჭვის გამო, რომელიც ირანელებში გამოიწვია საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამარჯვებამ.

და კიდევ ერთი საყურადღებო საკითხი, ნახსენები კარლ ბილტის მიერ: ისლანდიის მოსალოდნელი განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რაზეც, სავარაუდოდ, მალევე მიიღებს დადებით პასუხს. ხოლო ისლანდიის მეშვეობით, ევროკავშირი შესაძლოა, დროთა განმავლობაში, აქტიურად ჩაერთოს არქტიკის გარშემო მოლაპარაკების პროცესში, რომელიც სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. კლიმატური ცვლილებების შედეგად, მეცნიერთა შეფასებით, ათიოდე წელიწადში, არქტიკის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი ზაფხულობით ყინულით აღარ იქნება დაფარული, რაც დამატებით ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის და თან ახალ შესაძლებლობებს იძლევა სავაჭრო მიმოსვლისთვის, ისევე როგორც ნავთობის მოსაპოვებლად. რა გასაკვირია, რომ ეკონომიკური მოგების პერსპექტივა წინასწარვე იწვევს დიდ ინტერესს. შეერთებულ შტატებს, კანადას და რუსეთს შორის არქტიკის გარშემო დავა უკვე დაწყებულია. მათ, ადრე თუ გვიან, ევროკავშირიც დაემატება.
XS
SM
MD
LG