Accessibility links

logo-print
ვიდეოკადრები, რომლებიც ირანელი ახალგაზრდა ქალის, ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრილი ნედას, უკანასკნელ წუთებს ასახავს, შაბათს მთელმა მსოფლიომ ნახა, თავად ნედა კი ირანში მიმდინარე მღელვარების სიმბოლოდ იქცა. ეს ტრაგიკული კადრები ასევე არის იმის შეხსენება, რომ ირანელი ქალები, რა საზოგადოებრივი მდგომარეობაც უნდა ეკავოთ მათ, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იმ საპროტესტო მოძრაობაში, რომელმაც ირანი ამასწინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოიცვა.

20 ივნისის საპროტესტო აქცია უკანასკნელი იყო ირანელი ნედასათვის. ნედამ საკუთარი სიცოცხლე შესწირა თავისსავე სურვილს, ქვეყანაში ცვლილებები მომხდარიყო.

იგი ერთ-ერთია იმ ათასობით ქალს შორის, რომლებიც, მათი აზრით, ირანის მასობრივად გაყალბებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიყვანა თეირანისა და სხვა ქალაქების ქუჩებში.

ირანის ყოფილი პრეზიდენტის აკბარ ჰაშემინი რაფსანჯანის ცოლმა კი ერთ-ერთმა პირველმა მოუწოდა ხალხს საყოველთაო პროტესტისკენ, თუკი არჩევნები გაყალბდებოდა. რეპორტიორი: “არჩევნების დღის შემდეგ თქვენ რას ურჩევდით კანდიდატების მხარდამჭერებს?”

რაფსანჯანის ცოლი: “ისინი უნდა გამოვიდნენ ქუჩებში, თუკი გაყალბება მოხდება.”
არ არის ცნობილი, მონაწილეობდა თუ არა რაფსანჯანის მეუღლე რომელიმე საპროტესტო აქციაში, მისი ქალიშვილი კი, ფაიზეჰ ჰაშემი, ნამდვილად ღებულობდა მონაწილეობას და ცოტა ხნით დაკავებულიც იყო.

ასევე, მეტწილად ქალები ჩანდნენ იმ ასობით და ათასობით ირანელს შორის, რომლებსაც მშვიდობიან დემონსტრაციებში ხელთ ეპყრათ ბანერები, წარწერით: “სად არის ჩემი ხმა?”

42 წლის დიასახლისი იასამანი ერთ-ერთი მათგანია. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სახლში ზის და დაჭერას ელოდება. “ისინი სათითაოდ ყველას აკითხავენ”, - ამბობს ის და სიცილით დასძენს, რომ “არ ეშინია”. იასამანმა და ბევრმა სხვა ქალმაც ირანში ხმა მისცა ან მირ ჰოსეინ მუსავის, ან მის მეტოქეს, რეფორმისტ მეჰდი ქრუბის, რადგან მათ არჩევას უკავშირებდნენ იმედს, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდებოდა. ორივე კანდიდატს ქალთა უფლებების საკითხი შეტანილი ჰქონდა საარჩევნო პროგრამაში და ორივე ირანელებს უფრო ფართო უფლებებს ჰპირდებოდა. თეირანში არსებული ”ქალთა უფლებების” აქტივისტი ნაშრინ სოტოუდეჰი ამბობს, რომ ქალებს ბევრი მიზეზი აქვთ, დაუპირისპირდნენ აჰმადინეჟადის მეორე ვადით არჩევას:

“განვლილი ოთხი წლის განმავლობაში არამხოლოდ ქალების შეკრებებზე ხდებოდა თავდასხმები. ბევრი ქალი არაერთხელ გამოიძახეს სასამართლოში, დააკისრეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დაემუქრნენ ხანგრძლივი პატიმრობით და ასევე ემუქრებოდნენ სერიოზული პრობლემებით მათი გამოსვლების გამო, ხშირად ესხმოდნენ თავს და სცემდნენ.”

ბოლო კვირის მშვიდობიან დემონსტრაციებზე, თეირანსა და სხვა ქალაქებში, საპროტესტო მოძრაობის წინა ხაზზე ყველა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ქალები ჩანან. ზოგიერთი აფრიალებს ბანერებს, ზოგიერთი გაიძახის მოწოდებებს, წინააღმდეგობას უწევს პოლიციას, რომელიც მათ ცემას არ ერიდება.

ირანის პანისლამისტური პარტიის ლიდერი ქალი, ზაჰრა ღოლამიპური, ამბობს, რომ ირანელი ქალები ყოველთვის აქტიურ სოციალურ როლს თამაშობდნენ, მიუხედავად მათი დისკრიმინაციისა. კერძოდ, ირანელ ქალებს არა აქვთ თანაბარი უფლება განქორწინებისას, შვილი ყოველთვის რჩება მამასთან, ქალებს ასევე არა აქვთ უფლება იმოგზაურონ სამშობლოს გარეთ მამებისა და მეუღლეების ნებართვის გარეშე. ქალთა ეს უუფლებობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციების დროსაც იჩენს თავს: პოლიციამ და ნიღბიანებმა ბევრ ქალს სასტიკად სცემეს. მათ შორის, როგორც იუწყებიან, არიან დაღუპულებიც. თუმცა ზაჰრა ღოლამიპური ამბობს, რომ ირანელი ქალები უკან დახევას არ აპირებენ:

“ირანელმა ქალებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ როგორი ძლიერები არიან. მათ ბევრჯერ სცემეს ელექტროხელჯოხებით, მაგრამ ისინი უკან ბრუნდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას. ეს ქალები არიან დედები, არიან დები. ეს ქალები გრძნობენ პასუხისმგებლობას.“

მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დასრულდება ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები, ღოლამიპურიც და სოტოუდეჰიც დარწმუნებული არიან, რომ ქალები, რომელთა 65 პროცენტსაც ირანელი სტუდენტობა შეადგენს, გააგრძელებენ ბრძოლას თავიანთი უფლებებისათვის.

ზოგიერთ მათგანს უკვე ახალი დევიზი აქვს: “ჩვენი ნედა. ჩვენი ხმა.”
XS
SM
MD
LG