Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პოლიციის კრიმინალიზაცია საშიშ ზღვარს მიუახლოვდა


რუსეთში პოლიციის მიმართ დიდი პატივისცემა არასოდეს ყოფილა, მაგრამ იგი კატასტროფულად დაეცა მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსმა სუპერმარკეტში ნამდვილი სასაკლაო მოაწყო. სხვათა შორის, მოსკოვის მერიის წინ მეცამეტე დღეა გრძელდება შიმშილობის აქცია პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ.
პოლიციელ იევსიუკოვის სახელი რუსეთში ყველასათვის ცნობილია. დენის იევსიუკოვმა, ჩრდილოეთ მოსკოვის პოლიციის განყოფილების ყოფილმა მაიორმა, აპრილის თვეში მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. ცოლთან ჩხუბის გამო მწყობრიდან გამოსულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა უმისამართო სროლა გამართა ერთ-ერთ სუპერმარკეტში, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაიჭრა.

მეორე დღეს მოსკოვის პოლიციის უფროსმა ვლადიმირ პრონინმა პოლიციელის ქმედებას ასეთი შეფასება მისცა:
“დახასიათება რომ მივცე თანამშრომელს, მაშინ ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი ოპერატიული მუშაკი, კარგი კარიერით მიდოდა. მაგრამ ჯერჯერობით გამოძიებასთან ერთად მივედით დასკვნამდე, რომ ეს იყო ფსიქიკური აშლილობა.”
მაგრამ ბევრი რუსისათვის იევსიუკოვის დანაშაული ავბედითი აღმოჩნდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ მან მკვლელობა ჩაიდინა არალეგალური იარაღით, რომელიც წლების წინ კრიმინალური გზით იქნა შეტანილი ჩეჩნეთიდან.

იევსიუკოვის შემთხვევა გამონაკლისი არ არის. ამ კვირაში ნასვამი რუსი პოლიციელი თავს დაესხა და მოკლა ფეხმძიმე ქალი. კიდევ ერთი პოლიციელი ჰეროინის ზედმეტი დოზით გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს კი, ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს მთელი ჯგუფი პოლიციელებისა, რომლებმაც მგზავრს 30 მილიონი რუბლი მოჰპარეს.

პოლიციელთა თავგასულობის მხრივ, კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა რუსეთის განაპირა რაიონებში.

ორი წლის წინ ჯორჯ სიკომურო ღამით შორეული აღმოსავლეთის ქალაქ დალნეგორსკის ერთ-ერთ დისკოკლუბში ატარებდა დროს, როდესაც პოლიციელებმა კლუბი შტურმით აიღეს:

“პოლიციის მუშაკები ჯგროდ შემოცვივდნენ. ჯერ ერთ ბიჭს დაუწყეს ცემა. მე მივედი, მაინტერესებდა, თუ რატომ სცემდნენ. შენც მასთან ხარო, მითხრეს და დამარტყეს. მერე მოვიდა წყება პოლიციელებისა - ძალიან ბევრნი იყვნენ, მთელი ქვედანაყოფი - და დაიწყეს დიდიან-პატარიანად ყველა ბიჭის წაყვანა - 14, 15, 16, 17, 18 წლის მოზარდების. განყოფილებაში სასტიკად სცემდნენ, ძალიან სასტიკად.”

ცხვირგატეხილი სიკომურო, ყველაფერთან ერთად, ციხეშიც ჩასვეს, პოლიციელის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ბრალდებით. სამაგიეროდ, დალნეგორსკში ორი წლის წინ მომხდარი მასობრივი ცემის გამო პოლიციელები არათუ არავის არ დაუსჯია, არამედ ზოგიერთი მათგანი დააწინაურეს კიდეც.

ნატალია ტაუბინა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი სამსჯავროს ხელმძღვანელია, პოლიციელთა მიერ ჩადენილი უკანონობის ფაქტებს სწავლობს. მისი თქმით, პოლიციელთა თავგასულობამ ბოლო წლებში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიაღწია:

“ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიმჩნევა გარკვეული გაუარესება და ასეთი გაუარესების ყველაზე უფრო მკაფიო მაგალითია ცარიცინოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედია. ხუთი წლის წინ ასეთი შემთხვევა, ალბათ, წამოუდგენელი იქნებოდა. მსგავსი ინფორმაციები, როცა საჭესთან მჯდომი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ თუ ისე, ეჯახება ქვეითად მოსიარულეს, ეს, მადლობა ღმერთს, არა ყოვედღიურად, მაგრამ საკმაოდ რეგულარულად ხდება.”

უსაფრთხოების ექსპერტები რუსეთში აცხადებენ, რომ საპოლიციო ძალებს რუსეთში უამრავი სტრუქტურული პრობლემა აქვთ, რისი მოგვარებაც მხოლოდ და მხოლოდ უსწრაფესი რეფორმებით არის შესაძლებელი. რუსეთის დუმის, სახელმწიფო სათათბიროს, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი გუდკოვი პოლიციის რეფორმის მოთხოვნას დიდი ხანია აყენებს:

“პოლიციელებს სამჯერ-ოთხჯერ უნდა გაეზარდოთ შრომის ანაზღაურება, უნდა განისაზღვროს სოციალური პაკეტი, უნდა მოხდეს კადრების წმენდა და ორგანიზებული იქნეს ქმედითი კონტროლი - როგორც უწყებრივი, ისე სამოქალაქო, საპარლამენტო და მედია კონტროლი. აი, მაშინ მივიღებთ რუსეთში სამართლის დაცვის ნორმალურ სისტემას.”

თუმცა პოლიციის რეფორმა რუსეთში ჯერ კიდევ არ დამდგარა ხელისუფლების დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თავისი ადმინისტრაციის პრიორიტეტად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სტაჟიანი შინაგან საქმეთა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა, რაც, ზოგიერთი პოლიტიკოსის დაკვირვებით, კრემლის მხრიდან პრობლემის მოგვარების სურვილზე არ მეტყველებს.

ამიტომაცაა, რომ რუსეთის მოქალაქეებს როგორც არასდროს, ისე ეშინიათ პოლიციისა. ლევადას საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის თანახმად, პოლიციას ბოლომდე გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტი ენდობა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG