Accessibility links

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსალოდნელ ვიზიტს მოსკოვში უკვე ფართოდ განიხილავს რუსეთის პრესა. ”კომერსანტი” წერს, რომ ამ ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი თემა რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მიერ გამოქვეყნებული წინადადებები იქნება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ შეთანხმების შეცვლის თაობაზე.
გაზეთი წერს, რომ რუსეთი მზადაა ბირთვული საბრძოლო შეიარაღება იმ შემთხვევაში შეამციროს, თუ ვაშინგტონი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით შეიარაღებაზე იტყვის უარს. ”კომერსანტის” აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პირობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მისაღები იყოს. გაზეთი წერს, რომ ელენ ტაუშერმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბირთვული განიარაღების საკითხების კურატორმა, ჯერ კიდევ მაისში განუცხადა ”კომერსანტს”, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა ევროპაში არ გახდება რუსულ-ამერიკული ვაჭრობის საგანი.

პუბლიკაციაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ საჯაროდ გაცხადებულმა ხისტმა პოზიციამ, შეიძლება სერიოზულად გაართულოს შეთანხმებების მიღწევა სტრატეგიულ შეიარაღებასთან დაკავშირებით.
გამოცემა ”გაზეტა”, ადგილობრივ ექსპერტებზე დაყრდნობით, წერს, რომ ადრე თუ გვიან ამერიკას მაინც მოუწევს გადახედოს თავის გეგმებს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლის ვლადიმირ დვორკინის აზრით, შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ერთობლივი რუსულ-ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა.

”ნეზავისიმაია გაზეტას” ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, გადამდგარი გენერალ-მაიორის პაველ ზოლოტარიოვის სიტყვები მოჰყავს: ”რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ უნდა აჩვენოს, რომ არსებობს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შესაძლებლობა, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მზადყოფნაზე პრაქტიკაში განახორციელოს გადატვირთვის რეჟიმი.”

” ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკელებმა უარი თქვან თავიანთ პოზიციაზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით”, - უთხრა ,,მოსკოვსკი კომსომოლეცს” ალექსეი მაკარკინმა, პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილემ. მისი აზრით, ძნელად წარმოსადგენია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან მოლაპარაკებები საკუთარი მოკავშირეების ზურგს უკან დაიწყოს. უფრო სავარაუდოა, ყველაფერი ისე გაკეთდეს, რუსეთმა იგრძნოს, რომ აქედან მას საფრთხე არ ემუქრება.

ამ თემას ”იზვესტიაც” ეხება და წერს, რომ მედვედევის მიერ შეთავაზებული ალტერნატივა - ან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, ან შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების თაობაზე - ულტიმატუმივით ისმის. ამავე დროს, ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამგვარ წინადადებებსა და განცხადებებს სპონტანურად აკეთებდეს, - წერს ”იზვესტია”.
XS
SM
MD
LG