Accessibility links

logo-print

ზუგდიდში „საკნების“ რაოდენობამ იმატა


ოპოზიციის საკნები ზუგდიდში

ოპოზიციის საკნები ზუგდიდში

ზუგდიდის ცენტრში პროტესტის ნიშნად მეოთხე „საკანი“ დაიდგა, პირობითი პატიმრების რაოდენობა კი ათამდე გაიზარდა. ახალი „საკნის“ დადგმის ინიციატორები კონსერვატიული პარტიის ადგილობრივი აქტივისტები არიან. სულხან ქარაია, დემნა ხუბუა და კობა ვაზგანავა ამბობენ, რომ ამ ფორმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გარდა, პროტესტს ზუგდიდში არსებულ პოლიციურ რეჟიმს უცხადებენ და მისი დამარცხების იმედი აქვთ. პირობითი პატიმრები საკნების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას და აქციების გაფართოებას აპირებენ.

ზუგდიდში პირველი „საკანი“ 5 მაისს გაჩნდა. მისმა პირობითმა პატიმარმა კახა მიქაიამ რადიო თავისუფლებას დღეს უთხრა, რომ ქალაქის ის მცხოვრებნი, რომლებიც ხელისუფლებისადმი შიშის გამო, „საკანთან“ მიახლოებას და საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვას ვერ ბედავენ, ტელეფონით ურეკავენ და სოლიდარობას უცხადებენ. თუმცა, როგორც მიქაია ამბობს, ტელეფონით მუქარაც ხშირად ესმის. ზუგდიდში გაშლილი პირველი „საკნის“ პირობითი პატიმარი არც იმას მალავს, რომ სამეგრელოს რეგიონში ოპოზიციური პარტიები ძლიერნი არ არიან და მათ გააქტიურებას აუცილებლად მიიჩნევს.

ზუგდიდში ახალი, რიგით მეოთხე, „საკნის“ დადგმამდე, ოპოზიციის აქტივისტებმა კონსტრუქცია ქალაქში ხელით შემოატარეს და რამდენიმე წუთით, სიმბოლურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთანაც დადგეს. მსგავსი მოქმედება იმით ამიხსნეს, რომ, პოლიციის მუქარის გამო, „საკნის“ ტრანსპორტირებაზე მძღოლებმა უარი უთხრეს.

„საკნების აქციით“ კონკრეტულ შედეგს ელის ზუგდიდელთა ერთი ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტის ტყუილებს და ძალადობას მსგავსი ფორმითაც უნდა ებრძოლო. მეორე ნაწილი მსგავს აქციას უაზრობად მიიჩნევს, ქალაქიდან „საკნების“ გატანას მოითხოვს და ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციებს ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება სჯობია.
XS
SM
MD
LG