Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადამდები ნივთები


შეიძლება თუ არა, რომ კეჩუპის არამჭიდროდ დახურულმა ბოთლმა ეს თვისება მის გვერდზე მდგარ ბოთლებს გადასდოს? ყოველი ჭკუათამყოფელი ადამიანი იტყოდა, რომ არა. მაგრამ, როგორც ამერიკაში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, არაცნობიერად ადამიანი ამ კითხვას დადებით პასუხს სცემს. როგორც ჟურნალ "Psyschological Science"-ში წერენ მეცნიერები, ეს აღმოჩენა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვაჭრობისა და რეკლამის ფსიქოლოგიაში.

როცა ადამიანს ძლიერი სურდო აქვს, მის გარშემო სხვები ცდილობენ, ავადმყოფთს ძალიან არ მიუახლოვდნენ. ეს სრულიად გასაგებია, ვინაიდან გაციება გადამდებია. მაგრამ ადამიანებს არაცნობიერად სჯერათ, რომ დადებითი და უარყოფითი თვისებების “გადადება” საგნებსაც შეუძლიათ, როგორც ამას შემდეგი ექსპერიმენტი ნათელყოფს:

საცდელ პირებს კეჩუპის ბოთლების ორი ჯგუფი აჩვენეს. ერთ შემთხვევაში ბოთლები ერთმანეთის ახლოს მჭიდროდ იდგა. მეორე შემთხვევაში კი ერთმანეთისგან დაშორებით.

ფსიქოლოგ აკულ მიშრას ჯგუფმა იუტის უნივერსიტეტიდან ცდის მონაწილეთა ერთ ნაწილს სთხოვა, აერჩიათ ერთი ბოთლი. ამასთან, მეცნიერებმა მათ უთხრეს, რომ ერთ-ერთი ბოთლის სახურავი გაფუჭებული იყო და ბოთლს გასდიოდა. ცდის ყველა მონაწილემ კეჩუპი იმ ჯგუფიდან აირჩია, რომელშიც ბოთლები ერთმანეთისგან მოშორებით იდგა. საცდელი პირების მეორე ნაწილს მეცნიერებმა უთხრეს, რომ ერთ-ერთი ბოთლი შეიცავდა ბედნიერ ნომერს და ვისაც ეს ბოთლი შეხვდებოდა, საჩუქარს მიიღებდა. ამ შემთხვევაში ცდის ყველა მონაწილემ კეჩუპი იმ ჯგუფიდან აირჩია, რომელშიც ბოთლები ერთმანეთთან ახლოს მჭიდროდ იყო თავმოყრილი.

ანუ როცა საგანს დადებითი თვისება ახასიათებს, ადამიანი იქით იხრება, რომ ერთმანეთთან ახლოს მდგომი საგნებიდან ამოირჩიოს. არაცნობიერად გვსურს, ეს თვისება ამ საგნის გვერდით მდგომ სხვა საგნებზეც გადავიდეს. საგნის უარყოფითი თვისების შემთხვევაში კი უფრო იმ ეგზემპლარს ვირჩევთ, რომელიც მისი მსგავსი დანარჩენი საგნებისგან განცალკევებულია. როგორც ჩანს, არაცნობიერად მიგვაჩნია, რომ მოშორებით მყოფი საგნიდან დეფექტი იოლად არ გადადის სხვა ეგზემპლარებზე.

მეცნიერთა აზრით, ამგვარი დინამიკა შეიძლება კარგად იქნეს გამოყენებული ვაჭრობის სფეროს ფსიქოლოგიაში. “ხალხი ერთიმეორის ახლოს განლაგებული საგნებიდან ირჩევს კარგი თვისებების მქონე პროდექტებს და შორიშორს განლაგებული საგნების ჯგუფიდან - როცა ჯგუფში რაიმე წუნის მქონე ეგზემპლარი ეგულებათო”, წერენ გამოკვლევის ავტორები.
XS
SM
MD
LG