Accessibility links

ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად მცხოვრები გლეხები დახმარებას ითხოვენ


სოფელ ნიქოზთან ალტერნატიული სარწყავი სისტემის მშენებლობა

სოფელ ნიქოზთან ალტერნატიული სარწყავი სისტემის მშენებლობა

ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართული სოფლები სარწყავი წყლის გარეშე არიან. სოფელ მეღვრეკისის მინდვრებს გლეხები ტირიფონის არხით რწყავდნენ. არხი, რომელიც სათავეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან იღებს, კოკოითის ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ დაკეტა. ამჟამად მინდვრების ინტენსიურად მორწყვის სეზონია, ამიტომ წლევანდელ მოსავალსაც განადგურების საფრთხე ემუქრება. ადგილობრივი მოსახლეობა მოსავლის გარეშე, ომის გამო, შარშან აგვისტოშიც დარჩა. მეღვრეკისელები შიშობენ, რომ თუ უახლოეს ხანში ნარგავების მორწყვას ვერ დაიწყებენ, წლევანდელ მოსავალსაც დაკარგავენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება არხის გახსნას არ აპირებს და სარწყავი წყლის საფასურის გადახდას მოითხოვს. ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა კი შარშანდელი დაკარგული მოსავლის გამო კომპენსაციას საქართველოს მთავრობას სთხოვს.

სოფელ მეღვრეკისის მცხოვრებნი ამბობენ, რომ, თუ წლევანდელი მოსავალიც ვერ აიღეს, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება. შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა სოფელ ნიქოზთან ალტერნატიულ სარწყავ სისტემას აშენებს. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ხმიადაშვილის განცხადებით, მშენებლობა მალე დასრულდება და მეღვრეკისელები სარწყავ წყალს ორ კვირაში მიიღებენ. ამ სოფლის მსგავსად, ამჟამად სარწყავი წყლის გარეშეა სოფლები: ერგნეთი, ბროწლეთი, თერგვისი და ტირძნისი. საქართველოს ხელისუფლება, ევროკავშირის მეთვალყურეთა შუამავლობით, მოლაპარაკებას ცხინვალში დისლოცირებული რუსული ჯარის ხელმძღვანელობასთან სარწყავი არხის გახსნის გამოც აწარმოებს.
XS
SM
MD
LG