Accessibility links

რუსი მესაზღვრეები ოკუპირებული ტერიტორიის გაფართოებას აპირებენ


ამ კვირიდან რუსმა მესაზღვრეებმა პოზიციების დაკავება დაიწყეს ოკუპირებული გალის რაიონის იმ ნაწილშიც, რომელიც წალენჯიხის რაიონს ესაზღვრება. აფხაზეთისა და სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის ზუგდიდის მონაკვეთისგან განსხვავებით, წალენჯიხის რაიონთან დღემდე მხოლოდ აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებოდნენ. მათ ადგილს უკვე რუსი მესაზღვრეები იკავებენ ოკუპირებულ სოფელ საბერიოში, რომელიც წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანს ესაზღვრება. ამ სოფლის მცხოვრებმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რუსმა ოფიცრებმა ფახულანის მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს, რომ ორ დღეში აფხაზების ნაცვლად განლაგდებიან და ტერიტორიას მავთულხლართით შემოღობავენო. ამასთან, მათ მოითხოვეს, რომ უშუალოდ ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებმა ოჯახებმა საკუთარი ავტოტრანსპორტი სხვაგან გადაიტანონ, რადგან მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაში სოფელ ფახულანის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთიც მოექცევაო. რადიო თავისუფლების რესპონდენტის ცნობით, გალის რაიონიდან წალენჯიხის რაიონისკენ ადმინისტრაციული საზღვრის გარკვეული მანძილით გადაწევის შედეგად, ფახულანში მცხოვრები 4 ოჯახი რუსული საგუშაგოს იქით აღმოჩნდება. სოფლის მცხოვრების ცნობით, რუსმა ოფიცრებმა მოსახლეობა იმის შესახებაც გააფრთხილეს, რომ მდინარე ენგურის გასწვრივ ტერიტორია დაინაღმება. რადიო თავისუფლების მიერ ფახულანიდან მიღებული ინფორმაცია ზუგდიდში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ ვერ დაადასტურა და განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებს საზღვრის გადაწევის უფლება არა აქვთ. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოსა და წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანს შორის მიმოსვლა დღემდე შეუზღუდავი იყო. ოკუპირებულ საბერიოში მცხოვრები ბავშვები ფახულანის საჯარო სკოლაში სწავლობენ და ადმინისტრაციულ საზღვარზე უპრობლემოდ მოძრაობდნენ.
XS
SM
MD
LG