Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემორანდუმი ეროვნულ თანხმობას ისახავს მიზნად


”საქართველოს მომავლის” პარტიის ინიციატივით, 24 ივნისს დაიწყო ხელმოწერა პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ერთობლივ მემორანდუმზე, რომელიც ეროვნული თანხმობის მიღწევას ისახავს მიზნად. მემორანდუმის თანახმად, არსებულ ვითარებაში პოლიტიკურმა ძალებმა უარი უნდა თქვან შიდა დაპირისპირებასა და გათიშულობაზე და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას შეუწყონ ხელი. მემორანდუმზე ხელმოწერის პროცესი ვადებით შეზღუდული არ არის.

პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ერთობლივი მემორანდუმი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მართვისთვის ერთგვარი ბიძგის მიცემის მცდელობაა. მემორანდუმს ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე საზოგადო მოღვაწემ და სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - მომავლის პარტიამ, ქალთა პარტიამ და მრეწველთა პარტიამ მოაწერეს ხელი. პრაქტიკულად ეს პარტიები არიან ეროვნული თანხმობის იდეის ინიციატორებიც. მათი აზრით, მემორანდუმზე ხელმოწერა ერთგვარი ტესტია იმის დასადგენად, მზად არიან თუ არა პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ პრობლემაზე, ეროვნულ თანხმობაზე კონსენსუსს მიაღწიონ.

„კონფლიქტის მოგვარების თეორიაში არსებობს მოგებასა და კომპრომისზე მორგებული ძირითადი სტრატეგიები. არის ახალი ალტერნატივებიც, რომელიც კონფლიქტის გადაწყვეტას გულისხმობს“, - ამბობს გუგული მაღრაძე და აზუსტებს, რომ ასეთი ალტერნატივაა ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, რომლის უფლებამოსილებაც ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე უნდა გაგრძელდეს. ეროვნული თანხმობის მიღწევა, თავის მხრივ, დროებითი მთავრობის შექმნის საფუძველია.

ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ინიციატორი კი ”მომავლის პარტიის” ლიდერი გია მაისაშვილია. „ახალი მთავრობა ან ის, რა მექანიზმსაც მივიღებთ, დამერწმუნეთ, იმდენად კონსოლიდირებული იქნება, რომ პრობლემების მოგვარებას შეძლებს“, - ამბობს ”მომავლის პარტიის” ლიდერი.

ეროვნული თანხმობის მემორანდუმის პრეზენტაციას, ზემოთ უკვე ჩამოთვლილი პოლიტიკური პარტიების გარდა, საქართველოს ხელისუფლების სახელით, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ესწრებოდა:

„ჩემი აქ ყოფნა იმის დემონსტირებაა, რომ ხელისუფლებას უნდა კონსტრუქციული დიალოგი თუნდაც ყველაზე მწვავედ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებთან . ჩვენი ქვეყნის დასაცავად ერთიანობა უპირველესია. „

ეროვნული თანხმობის იდეის მხარდაჭერის მიუხედავად, გიორგი ბარამიძემ, ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის სახელით ხელი არ მოაწერა ეროვნული თანხმობის მემორანდუმს, რომელშიც ეროვნული თანხმობის მიღწევის ჯერჯერობით ერთადერთ დეკლარირებულ ინსტრუმენტზე, ანუ დროებით მთავრობაზე, არაფერია ნათქვამი. გიორგი ბარამიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მემორანდუმის ის მონაკვეთი, რომელშიც აღნიშნულია, რომ არის უმწვავესი სახელმწიფოებრივი კრიზისი. ახლა კი უფრო დაწვრილებით თავად მემორანდუმის შინაარსის შესახებ.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ, სხვა სახელმწიფოს მიერ ქართული სახელმწიფოს ტერიტორიების 25 პროცენტის ოკუპაციის პირობებში, მოსალოდნელია პროცესების შემდგომი ესკალაცია: “დაშლილი და დაპირისპირებული საზოგადოება ქვეყანას ვერ დაიცავს, ამიტომ ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების ყველა პასუხისმგებლურ ძალას მოვუწოდებთ სამართლიანობაზე დაფუძნებული ეროვნული თანხმობის იდეის მხარდაჭერას. ქართულმა სახელმწიფომ უნდა შეძლოს ჯანსაღ ძალთა კონსოლიდაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. საგარეო და საშინაო საფრთხეებისაგან ერთობლივად თავის დაღწევისათვის, ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობის, პროგრესისა და სიყვარულის გზაზე დაყენებისათვის, თანხმობა ჩუმი გარიგებით ვერ მიიღწევა. იგი მხოლოდ სამართლიან შეთანხმებას მოჰყვება.“
XS
SM
MD
LG