Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 24 ივნისი 2009


დღევანდელი „24 საათი“ აქვეყნებს გია ნოდიას ვრცელ სტატიას, სახელწოდებით „რატომ არ გამოგვდის დემოკრატია, ანუ პლურალიზმის შიში“. „ყველაზე პოპულარული და სახალხო თეორიაა, რომ ლიდერები არ გვივარგა“, - წერს ავტორი და ამატებს: ”ამის სერიოზული კრიტიკა უხერხულია, ამას პოლიტიკური იდიოტიზმი ჰქვია.“ რაც შეეხება ავტორისეულ პასუხს სათაურში დასმულ შეკითხვაზე, ის ასეთია: „მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გამოგვდის დემოკრატია, ერთზე მეტია, მაგრამ მთავარი შემდეგია: პლურალიზმის შიში“. სტატიის ბოლოს გია ნოდია წერს: „თუ პლურალიზმის დემოკრატიული მენეჯმენტი ვერ მოხერხდა, რჩება ორი გზა: ან სამოქალაქო ომი, ან ღია ავტორიტარიზმი. შემთხვევითი არ რის, რომ ზოგიერთ ადამიანს, ბოლო მოვლენების ფონზე, ვამჩნევ პესიმიზმს საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიის თვით შესაძლებლობის მიმართ.“

„ვერსია“ დღეს დილას წინასწარმეტყველებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კახა თარგამაძის და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებას აპირებსო. “არ ვიცი რა თანხა აქვს ასეთი კახა თარგამაძეს, ან რატომ გადაწყვიტა უცებ შინაგან საქმეთა ექს-მინისტრმა ქართული ოპოზიციის დაფინანსება, მაგრამ ... გავიგე, ამ ყველაფერს ფარდა სულ მალე აეხდება“, - წერს ავტორი სტატიაში „ა-მიშა-ლეთ ნერვები“. სტატიას ”ვერსიაში” ნახავთ.

„რეზონანსი“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას, სახელად „როგორ დაეპატრონა ლევან ვარშალომიძის ოჯახი სამსართულიან სახლს“. სტატიაში მოთხრობილია ისტორია ლელა აბესაძისა, რომელმაც, გაზეთის ცნობით, 1985 წელს იყიდა ერთოთახიანი ბინა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე. მას პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც ამავე სახლში მცხოვრები გურამ ვარშალომიძის შვილი ლევანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა.

„ახალი თაობა“ პარტია „ქართული პოლიტიკის“ ლიდერ გოჩა ფიფიას გაესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ რუსეთმა შეიძლება ადრე თუ გვიან დადებითი როლი ითამაშოს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადაჭრაში: „რუსეთმა აღიარების დეზავუირების გარეშეც შეიძლება ჩასჩურჩულოს აფხაზებსაც და ოსებსაც, თქვენ და ქართველები უნდა მორიგდეთო.“

„საქართველოში ფინანსური კრიზისი გადამწყვეტ ფაზაში სწორედ ახლა შედის“, - ამბობს „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ეკონომისტი დავით ნარმანია და ამატებს: „გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური კრიზისი აზიის ქვეყნებში - მათ შორის, ჩვენს პარტნიორებშიც - უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში შედის. ეს გარემოებაც ქვეყანაში შემოდგომისთვის აისახება.“
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG