Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს რეკომენდაციებში საქართველოს წინადადებები გაითვალისწინეს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

სტრასბურგში მუშაობას განაგრძობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია, რომელზეც 24 ივნისს კენჭი უყარეს რეკომენდაციებს იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ რეკომენდაციებში საქართველოს მიერ ინიცირებული წინადადებები გაითვალისწინეს. ამჯერად საუბარი შეეხება დევნილებს, მათ კანონიერ უფლებებსა და რეგიონში მათი მშვიდობიანი ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს. სტრასბურგიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს დელეგაციის ინიციატივები რუსეთის დელეგაციის დაპირისპირებას წააწყდა. პარალელურად, ევროსაბჭო განაგრძობს დაკვირვებას, თუ როგორ სრულდება აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიღებული დეკლარაციების მოთხოვნები და გამოიხატება შეშფოთება რუსეთის ქმედებათა გამო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი, აგვისტოს ომის კონტექსტში, ცალკე საკითხად არ იყო შეტანილი. და, როგორც ცნობილია, ამ საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოქტომბერში, საშემოდგომო სესიაზე, დაუბრუნდება.

ზაფხულის სესიაზე გატანილი საკითხი კი მიგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშს უკავშირდება, რომელიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შეფასებას ევროპის მასშტაბით და, მათ შორის, საუბარია საქართველოზეც. დევნილების პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულია ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 11-ისთვის. სხვადასხვა მიზეზის გამო იძულებით გადაადგილებული პირების საერთო რიცხვი კი, დაახლოებით, 2,5 მილიონს შეადგენს. დევნილებს ხშირად თანამედროვე ადამიანისთვის შეუფერებელ პირობებში უწევთ ცხოვრება და პრობლემა ძალიან ბევრია, - მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც, - იქნება ეს ჯანდაცვის თუ განათლების საკითხები, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს გარკვეული წინსვლა, დევნილებთან დაკავშირებული საერთო სტრატეგიისა თუ საკუთრების უფლების უზრუნველყოფის კუთხით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში მიზნად ისახავს იმ მიმართულებებისა და გზების გამოკვეთას, რომელთა მეშვეობითაც დევნილებმა იქ, სადაც მათ დროებით უწევთ ცხოვრება, ღირსეულად უნდა იცხოვრონ.

თუმცა რეკომენდაციებში, რომელთაც, წესისამებრ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა ამტკიცებს, საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე პრინციპული პუნქტის, ასე ვთქვათ, გაღრმავება მოითხოვა. მიგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამავე კომიტეტის წევრი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, დავით დარჩიაშვილი აქტიურობდა. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით სტრასბურგში:

”უფრო მკაფიოდ ჩაიდო რეკომენდაციებში, რომ უფლება დევნილებისა დაბრუნდნენ თავიანთ წინა საცხოვრის ადგილზე არანაირად არ უნდა იყოს ეჭვქვეშ დაყენებული. ასევე დაემატა, რომ იქ, სადაც ადგილობრივი სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანების ღირსეულ დაბრუნებას, ღირსეულ ცხოვრებას, უსაფრთხოებას, აუცილებელია საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების ამოქმედება. და ასევე, რეკომენდაციაში ჩაიდო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიმართ, რომ მაქსიმალურად იზრუნოს პოლიტიკურ, ტექნიკურ თუ სხვა საკითხებზე სამშვიდობო ოპერაციებთან მიმართებით. ”

დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის კომიტეტის მიერ საქართველოსთვის პრინციპული რეკომენდაციების გათვალისწინება საკმაოდ დასაფასებელია, რადგანაც ხსენებული კომიტეტი, ტრადიციულად, ცდილობს ჰუმანიტარული ასპექტებით შემოიფარგლოს და პოლიტიკასთან შეხებას აარიდოს თავი.

რაც შეეხება აგვისტოს ომსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ამ საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, როგორც უკვე ვთქვით, ოქტომბერში მიუბრუნდება. მანამდე კი მიმდინარეობს დაკვირვება იმ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნების შესრულების პროცესზე, რომლებიც დევს ასამბლეის მიერ 2008 წლის ოქტომბერსა და 2009 წლის იანვარში მიღებულ რეზოლუციებში. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთს ოქტომბერში საკმაოდ რთული დებატები მოელის: ”არის საკმაოდ სერიოზული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა არათუ არ შეასრულა ამ რეზოლუციებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არამედ გადადგა სრულიად საპირისპირო ნაბიჯები, რაც გამოიხატა იმით, რომ მან დახურა ეუთოსა და გაეროს მისიები საქართველოში, არ უშვებს ევროკავშირის დამკვირვებლებს კონფლიქტის ზონებში, ეწინააღმდეგება დევნილთა დაბრუნებას, ადგილი აქვს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და სამართალდამცველებზე თავდასხმას, არამედ თვითონ მეთვალყურეებზეც... ეს ყველა ფაქტი აქ, ევროპის საბჭოში, დაგროვებულია და იწვევს ძალიან სერიოზულ შეშფოთებას.”
XS
SM
MD
LG