Accessibility links

logo-print
ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით ხშირად მოისმენთ ერთსა და იმავე შეკითხვას: „გვეშველება რამე?“ რაც დრო გადის, ეს შეკითხვა მით მეტად იძენს რიტორიკულ ელფერს, რადგან მასზე პასუხის მოძებნა დღითიდღე რთულდება.

მალე სამი თვე შესრულდება იმ დღიდან, როდესაც თბილისის მოსახლეობის პროტესტულად განწყობილი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. 9 აპრილის შემდეგ განვლილმა პერიოდმა მკაფიოდ წარმოაჩინა ის საფრთხე, რაც ემუქრება არა ხელისუფლებას ან ოპოზიციას, არამედ თავად სახელმწიფოს.

დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ოპოზიციას არ ყოფნის ძალა, პრეზიდენტს ან გადადგომა აიძულოს, ან რამე ისეთი დაათმობინოს, რაც კრიზისს განმუხტავს. თავის მხრივ, არც ხელისუფლებას ყოფნის ძალა, ოპოზიცია, თავის მომხრეებიანად, სახლში გაუშვას და საპროტესტო მუხტი ბოლომდე ჩააქროს. სანამ ქუჩაში თუნდაც ერთი ლიდერი დარჩება, რომელიც ხალხს აქტიური პროტესტისკენ მოუწოდებს, ყოველთვის მოიძებნება, სულ მცირე, რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოვა და ხელისუფლებას არ მოასვენებს.

დღევანდელი ვითარება სწორედ იმით არის საშიში, რომ სტაბილური გარემოს შექმნის საშუალებას ანადგურებს. სტაბილური გარემოს გარეშე კი ქვეყნის განვითარება შეუძლებელია. ამიტომ ამჟამინდელი მყიფე წონასწორობა ხელს არავის აძლევს და ორივე მხარე დაინტერესებულია გაჭიანურებული პროცესი დასრულდეს.

რა შემთხვევაში დასრულდება დაპირისპირება? ცხადია, ამისთვის რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც გასული ორთვე-ნახევრის განმავლობაში არ მომხდარა. ან ოპოზიციამ უნდა გაამკვეთროს ქმედება და უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგას, რაც მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს; ან ხელისუფლებამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე პრობლემის ძალისმიერი გადაჭრის მცდელობა. „ბოლომდე მიყვანა“ ნიშნავს არა მხოლოდ ახალგაზრდების ცემას და პარტიული აქტივისტების დაჭერას რეგიონებში, არამედ ლიდერების დაპატიმრებას თბილისში.

ეს დღეს ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ პოლიტიკას თავისი ლოგიკა აქვს და, ამ ლოგიკის მიხედვით, ქვეყანაში რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს. პრობლემა ვერც ქუჩაში დგომით გადაწყდება და ვერც წვრილ–წვრილი რეპრესიებით.

იმის მიუხედავად, რომ საუბარი ოპოზიციის ლიდერების კავშირზე რუსულ აგრესიულ ძალებთან ჯერ კიდევ 9 აპრილის წინა პერიოდში დაიწყო, ხელისუფლებას ამ კავშირებზე პირდაპირი მითითებები აქამდე არ გაუკეთებია და არც დოკუმენტები დაულაგებია. მიხეილ სააკაშვილი არ ჩქარობს ოპოზიციასთან გამკლავებას; როგორც ჩანს, ელოდება, როდის გამოელევათ მის მოწინააღმდეგეებს ძალა, რესურსი და მხარდაჭერა. თუმცა შეტევა უკვე დაწყებულია, რასაც 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან უმოწყალოდ დარბეული აქციაც მოწმობს და ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განვითარებული მოვლენებიც.

ამ მოვლენებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ალბათ, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის – გელა ბეჟუაშვილის – მიერ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტისთვის წარდგენილი ანგარიშია. ანგარიშის მიხედვით, რუსეთისთვის კვლავ აქტუალურია საქართველოში ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა მის მიერ კონტროლირებადი ხელისუფლებით, რის მიღწევასაც რუსეთი შიდა არეულობით შეეცდება. ამავე სხდომაზე დასახელდა ორი ადამიანი, კახა თარგამაძე და ლევან მამალაძე, რომელთა რესურსსაც, ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

თუ ვინმე ამ საკომიტეტო მოსმენას ჯეროვან მნიშვნელობას არ მიანიჭებს, ძალიან შეცდება. ხელისუფლებას სჭირდება ვითარების განმუხტვა ოპოზიციისთვის სერიოზული დათმობების გარეშე. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკება დიდი ხნის წინ დაიწყებოდა. რაკი ეს არ მოხდა, რჩება ზემოთ ნახსენები ორი გზა: ან ოპოზიციის მკვეთრი გააქტიურება, ან ხელისუფლების მხრიდან რადიკალური ზომების მიღება. ორივე მიმართულებით მოძრაობა დაწყებულია: ოპოზიცია დამატებითი რესურსების მოზიდვაზე საუბრობს, ხელისუფლება კი დაპატიმრებების სერიას იწყებს.

საფრთხის არსი ის არის, რომ წინა წლებში პროტესტულად განწყობილი ადამიანები ქუჩიდან სახლში თავად ოპოზიციის ლიდერებმა გაუშვეს. ამჯერად კი ძნელი წარმოსადგენია, როგორ დაიყოლიებს ხელისუფლება საკმაოდ გაჯიუტებულ პოლიტიკოსებს, აგრესიული მუხტი საკუთარი ხელით ჩააქრონ. თავის მხრივ, არც ოპოზიციამ იცის, როგორ აიძულოს სააკაშვილი, რამე არსებითი დათმოს და ძალაუფლება ნებით შეიზღუდოს. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში – ოპოზიცია გაძლიერდება თუ ხელისუფლება გააქტიურდება – მოვლენების მშვიდობიანი განვითარების გზა არ ჩანს.

ამიტომაც გახდა უპასუხო და რიტორიკული ცნობილი შეკითხვა – „გვეშველება რამე?“
XS
SM
MD
LG