Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 13 მაისი 2009

  • ნიკო ნერგაძე

“ჩიხი” - ასეთია სათაური დღვანდელი “ვერსიის” მოწინავე სტატიისა, რომელსაც თან ოთხი ილუსტრაცია ახლავს. სამს მინაწერი აქვს: ვარდების რევოლუცია, 7 ნოემბერი და სისხლიანი გიორგობა. მეოთხე ილუსტრაცია კი წითელი კითხვის ნიშანია. „12 მაისის ოთხსაათიანი კონსულტაციები და შემდგომი განცხადებები განგაშის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს“ ,- წერს ავტორი და ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის განსაკუთრებულ როლზე ამახვილებს ყურადღბას: „თუკი პოლიტიკოსმა ალასანიამ დიპლომატ ალასანიაზე არ გაიმარჯვა და მკვეთრი, თუნდაც ამ ეტაპზე ძალიან არაპოპულარული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო, სააკაშვილი დარბევის ბრძანებას გასცემს, ისევე როგორც ეს გააკეთა 7 ნოემბერს“. ავტორი სტატიის ბოლოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრას ასე აჯამებს: „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარემ საკუთარი პირველი გასროლა და სისხლისღვრა „გააპრავა“. საქართველო ჩიხში შევიდა“.

ოპოზიციონერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაზე წერს „რეზონანსი“, რომლის ინფორმაციითაც, „ალიანსი საქართველოსთვის“, „ეროვნული ფორუმი“ და კოკა გუნცაძე „სააკაშვილისთვის რაც შეიძლება მეტი დათმობის გამოგლეჯას“ ემხრობიან, ნინო ბურჯანაძე და ეკა ბესელია კი უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვენ. სალომე ზურაბიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და კონსერვატორები, გაზეთის ცნობით, ნეიტრალურობას ინარჩუნებენ. რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა ”რეზონანსთან” საუბარში დაადასტურა, რომ ტაქტიკასა და ხედვებში, თუ როგორ უნდა წავიდეს სააკაშვილი, განსხვავებული შეხედულებები მართლაც არსებობს: „ერთი ნაწილი პროცესის დაჩქარებას ითხოვს, მეორე ნაწილი კი თანახმაა, რომ ეს ეტაპობრივად მოხდეს.“

”24 საათში” ნახავთ საფრანგეთსა და პორტუგალიაში საქართველოს ელჩის მამუკა კუდავას ვრცელ წერილს, სათაურით ”პოლიტიკური ძალადობიდან ეროვნული კონსენსუსისკენ - ფრანგული დემოკრატიის გაკვეთილები საქართველოსთვის”. ავტორი წერს: არსებული სიტუაცია, თითქოსდა, ოპტიმიზმის საფუძველს არ უნდა იძლეოდეს. მიუხედავად ამისა, ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება არა მარტო გაუძლებს ამ მკაცრ გამოცდას, არამედ კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ განსაცდელიდანო. ამ ოპტიმიზმის საბაბს იმ ქვეყნის თანამედროვე ისტორია მაძლევს, სადაც პატივი მაქვს საქართველო წარმოვადგინო.” - საქართველოს ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა შემდეგ ჰყვება, თუ როგორ დაძლია საფრანგეთმა იქ არსებული პრობლემები.
XS
SM
MD
LG