Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 27 აპრილი 2009


მიმოხილვას „24 საათით“ დავიწყებთ, სადაც დღეს პირველ გვერდზე ნახავთ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მოსაზრებას, სახელად ”სად არის რეფორმების გაგრძელების კურსი - ცნობილი სახეები სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად”. „იდეის გარდაუვალი მარცხისგან გამოწვეული შოკი ოპოზიციამ უკვე მიიღო“, - წერს ავტორი და განაგრძობს: „მაგრამ დღეს მათ უდიდეს ნაწილეს დასაკარგი აღარაფერი დარჩა, რადგან რადიკალური გამოსვლების ფონზე მორიგი და უკვე მერამდენე ფიასკო ოპოზიციის სრული, ამჯერად საბოლოო, მარგინალიზაციის გარანტიაა“. სტატია ასე მთავრდება: „ამ ქვეყანას მართლაც სჭირდება ძალა, რომელიც იმპულსს მისცემს ცვლილებებს, მაგრამ ამ ფუნქციებს გალიებში გამოკეტილი ოპოზიცია ნამდვილად ვერ შეასრულებს. სხვა ძალა კი, სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ ეტაპზე ლიბერალური რეფორმების გასაგრძელებლად რესურსი აღარც ხელისუფლებას აქვს და აღარც საზოგადოებას?” - ასეთ შეკითხვას სვამს ეკა კვესიტაძე დღევანდელ ”24 საათში”.

ამავე გაზეთში ნახავთ მწერალ ლაშა ბუღაძის სვეტს, სახელწოდებით „გთხოვ, არ გადართო“. ის წერს, დაპირისპირებულმა მხარეებმა მათთვის მისაღებ მედიარეალობაში უნდა მიაღწიონ მარცხსაც და წარმატებასაც - სააკაშვილი ”მაესტროს” მაყურებლისთვის უნდა გადადგეს, ”რუსთავი 2-ისთვის” კი ისევ პრეზიდენტად დარჩეს - ვეება, უსაზღვრო, ყოვლისმომცველი უფლებებით და დღეში 20 კაფეში წავიდეს, თუ უნდა - ”მაესტროზე” ხომ გადამდგარი იქნება და ვერავინ მიუვარდება ჭამის დროსო.

„მთელი კვირა“ აქვეყნებს გუგული მაღრაძის წერილს - ”კონფლიქტის გადაჭრის გზები”. ავტორი მოხსენიებულია როგორც კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. წერილში ლაპარაკია კონფლიქტის დროს მედიატორის როლის მნიშვნელობაზე. მედიატორი მესამე მხარე ან პიროვნებაა, რომელიც არაა პირდაპირ ჩართული კონფლიქტში ან პრობლემის შინაარსობრივ საკითხებში, - წერს ავტორი და ამატებს: ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი კონფლიქტის მართვასა და გადაჭრაში, რამდენადაც გარეშეს მონაწილეობა, ხშირ შემთხვევაში, ამარაგებს მხარეებს ახალი პერსპექტივებით იმ საკითხების შესახებ, რაც აპირისპირებს მათ.

”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ სტატიას, სათაურით ”ტირის, მაგრამ მაინც თოფები”. „ნოვატორული იდეებით ქართველებს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გვაჯობებს, აქეთ - საკნების ქალაქი, იქით - თავისუფალი პოლიტიკური ზონა, ნაგვის მოტაცება, ტირის თოფით საკნების დაცხრილვა და წყლით სავსე პარკები. ჩვენს მეტი ამას ვინ მოიფიქრებდა?” - წერს ავტორი და ამატებს: ”ისიც უნდა ითქვას, რომ მზაკვრული მეთოდების მოფიქრებაში ხელისუფლებას ოპოზიცია აშკარად ჩამორჩება.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG