Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 29 მაისი 2009

  • ნიკო ნერგაძე

ხელისუფლება შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს“ - იუწყება დღევანდელი „რეზონანსი“. სახელისუფლებო წრეებში პატრიარქის მიმართვის შემდეგ უკვე ღიად საუბრობენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობაზე და უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩევნები შეიძლება შემოდგომაზე ჩატარდეს, - წერს “რეზონანსი”.

გაზეთი წერს ასევე აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ და ამატებს, რომ ის დეკემბერში დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. „ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი, ხაჯიმბა თუ სხვა გვარის წარმომადგენელი“, - უთხრა ”რეზონანსს” აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა თამაზ ხუბუამ. პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა კი გაზეთთან საუბრისას ხაჯიმბას შანსები ასე შეაფასა: „ხაჯიმბა არასოდეს ყოფილა ძლიერი ფიგურა, მაგრამ ახლა უფრო სუსტია, ვიდრე 4 წლის წინ იყო.“

„ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს ”ეროვნული ფორუმის” ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან. სტატიის სათაურად რესპონდენტის ფრაზაა გამოტანილი: „რას და ვის ვუღალატე, ერთი ამიხსნას ვინმემ“. სანიკიძე 26 მაისზე ლაპარაკობს და ამბობს: „როდესაც ჩემს კოლეგებს ვეკითხებოდი, რა განცხადება შეიძლება გააკეთოს პატრიარქმა-მეთქი, გარკვეულ პასუხს ვერ ვიღებდი. ჰქონდათ რაღაც მოლოდინი, ოღონდ არ იცოდნენ, რისი. აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის ერთადერთი წყარო ”უცნობი” იყო“, - უთხრა გუბაზ სანიკიძემ ”ვერსიას”. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გუბაზ სანიკიძე ამბობს: „საჭიროა ტაქტიკის გამოცვლა. რა ვქნათ ახლა, კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და ხომ არ დავხოცავთ ერთმანეთს? ამიტომაც გამოვდივართ და ცალკე ვიწყებთ იმის კეთებას, რაც სწორად მიმაჩნია. ვინმე ამას დამიშლის? არის ვინმე ჩემი უფროსი? არა. ჰოდა, მორჩა და გათავდა“.

„ახალი თაობა“ აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან. ინტერვიუს სათაურია - „ნამდვილი ამბოხი მუხროვანში ჩემს დროს მოხდა“.

„24 საათში“ ნახავთ მწერალ ლაშა ბუღაძის ყოველკვირეულ სვეტს, რომელშიც ის გვაუწყებს, გერმანიაში ვიყავი და მას შემდეგ გამიჩნდა კითხვა, თუ რა არის მთავარი განსხვავება ამ ქვეყანასა და საქართველოს შორისო. „დისციპლინირებულობა? რასაკვირველია, მაგრამ არამხოლოდ ეგ. რაციონალიზმი? არც ეს, კიდევ არის რაღაც“, - წერს ლაშა ბუღაძე და, ბოლოს, ასკვნის: „მთავარი განსხვავება სიჩუმეა, დიდი გერმანული სიჩუმე. გერმანელი ერი ხმადაბლა საუბრობს. ხმაურმა ორი ომი მოუტანა ამ ერს... მათი ბედნიერების საიდუმლო კი სიჩუმეშია.”
XS
SM
MD
LG