Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 1 მაისი 2009


მიმოხილვას ”რეზონანსით” ვიწყებთ, სადაც დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან, სათაურით „ოპოზიციის აქციებს აუცილებლად დავაფინანსებ“. ხალვაში კიდევ ერთხელ ლაპარაკობს თავის ვერსიაზე იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მისი კომპანიების ირგვლივ და „რუსთავი ორის“ ყიდვა-გაყიდვასაც ახსენებს. „ ’რუსთავი ორიც’ და ’მზეც’ ხელისუფლების თხოვნის შემდეგ შევიძინე და ასევე ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დავთმე მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა ეკონომიკის მინისტრობიდან გადადგომის განცხადება გააკეთა. ეს მოხდა მიშა სააკაშვილის კაბინეტში“, - ამბობს ქიბარ ხალვაში „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ოპოზიციის ნაწილის მზადყოფნას დიალოგისთვის ეძღვნება არაერთი პუბლიკაცია დღევანდელ გაზეთებში. „ყველაფერი დიალოგისკენ მიდის?“ - ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს „რეზონანსი“, რომელიც წერს: „ადრე თუ გვიან ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოლაპარაკებების გამართვა რომ მოუწევთ, ცხადია. ამას დიალოგს დაარქმევენ თუ სხვა რამე სახელს გამოუძებნიან, ფაქტია, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე ვერც აქცია დაიშლება და ვერც სააკაშვილი გადადგება.“

”ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს „კოალიცია თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ გია მაისაშვილთან, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ კოალიცია საპროტესტო მიტინგების საბჭოს წევრი არ არის და ხშირად გადაწყვეტილებებს მათ არც უთანხმებენ. მაისაშვილი სინანულის დღეზეც ლაპარაკობს, როდესაც წყდებოდა, თუ რომელ ტაძარში მივიდოდა ოპოზიცია. „წინა დღეს, ღამის 11 საათზე, უწმინდესთან შეხვედრა მქონდა. მან მთხოვა, ხვალ სამების ტაძარში ხომ მოხვალო? ეს კითხვა სამჯერ გამიმეორა. მეც დავპირდი, რომ სამებაში არა მარტო მე, არამედ ჩვენი კოალიციის წევრები ვიქნებოდით, და წამოვედი“, - ჰყვება გია მაისაშვილი და განაგრძობს: „მეორე დილით კი ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ვიკრიბებით ქაშვეთის ეკლესიაშიო. აღმოჩნდა, რომ ან უწმინდესისთვის მიცემული სიტყვა უნდა გამეტეხა, ან ოპოზიციური ერთობა დამერღვია“, - ამბობს გია მაისაშვილი და დასძენს: „უწმინდესს ბოდიში მოვუხადე და სიონში მივედი.“

”ვერსია” ამ ინტერვიუს გვერდით, პირველ გვერდზე, აქვეყნებს ასევე ამონარიდს ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვრის ინტერვიუდან, სადაც ის ამბობს: „ერის მამის მოსმენა და მორჩილება იცით რას ნიშნავს? ქრისტე მოსულიყო, ეთქვა და მე დამეჯერებინა. და ამაზე თქვეს უარი“, - ამბობს დეკანოზი თეოდორე „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბოლოს, „24 საათზეც“ მოგახსენებთ. აქ წაიკითხავთ მწერალ ლაშა ბუღაძის სვეტს, სათაურით „პრეზიდენტის სიზმარი“, რომელიც ასე იწყება: „რამდენიმე დღის წინ ილია ჭავჭავაძე დასიზმრებია პრეზიდენტ სააკაშვილს...“ ლაშა ბუღაძე შემდეგ ჰყვება, თუ რა უთხრა სიზმარში ილიამ სააკაშვილს. აი, ნაწყვეტი: ილია მიმართავს პრეზიდენტს: “წესიერ ხალხს ცვლილებები უნდა და არა ჩანაცვლებები. ისეთი ცვლილებები, სახელმწიფოს რომ წაადგება და არა შენ. შენ წახვალ და ეს ქვეყანა კი რჩება. მასზე მნიშვნელოვანი არა ხარ. შეუნარჩუნე ამ ქვეყანას სახე, რომ მანაც შეგინარჩუნოს იგივე.“
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG