Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა სომხეთში ვიზიტი დაასრულა


სერჟ სარქისიანი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი

სერჟ სარქისიანი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი

დღეს ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი. მათი საუბრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებმა ეკონომიკის და ვაჭრობის განვითარებაზე იმსჯელეს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი სომხეთიდან ბათუმამდე საავტომობილო გზის მშენებლობაა, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები დაინტერესდნენ მიზეზით, რომლის გამოც, ქართველმა მესაზღვრეებმა სომხეთის პარლამენტის დეპუტატს სამცხე-ჯავახეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ უნდა განმეორდეს და დასძინა, რომ საქართველო და სომხეთი ერთმანეთთან ურთიერთობის გაუარესებით დაინტერესებულნი არ არიან. მისივე თქმით, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტ ინვესტიციას სწორედ ჯავახეთი იღებს. დღესვე პრეზიდენტ სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. სომხეთში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი სომეხმა კოლეგამ ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
XS
SM
MD
LG