Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესის მთავარი თემა ინტერნეტ-საიტ ”იუთიუბზე” გამოქვეყნებული და 24 ივნისს საქართველოს ტელეარხებით გავრცელებული ვიდეომასალაა. რამდენიმე გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძესთან. ვიდრე ცალკეულ ტექსტს შევეხებოდე, სათაურებს გადავავლოთ თვალი: ”ინტერნეტში მალე ახალი ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდება”, ”გახმაურებული სკანდალის ექსკლუზივები”, ”რა კომპრომატებს ააფრიალებს კახა თარგამაძე?”, ”ბერლინის სასტუმროები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება რაიმე დაიმალოს”, ”შეხვედრა ტექსტის გარეშე, მაგრამ ქვეტექსტით”.

ახალი ჩანაწერების გამოქვეყნების ალბათობაზე ”რეზონანსი” წერს პირველ გვერდზე: ”ოპოზიციის რომელი ლიდერი შეხვდა ლევან მამალაძეს და ეს შეხვედრა სად გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას, ალბათ, სულ მალე გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში, საკითხი დაანონსებულია და ხელისუფლების ანონსების შესრულების ტემპს თუ გავითვალისწინებთ, სულ რამდენიმე დღეში ეს მასალა, შსს თუ არ გაავრცელებს, რომელიმე საიტის მეშვეობით მაინც საჯარო გახდება”, - წერს ”რეზონანსი”. ამავე გაზეთში წაიკითხავთ ინტერვიუს ლევან გაჩეჩილაძესთან. შეკითხვაზე: ”რატომ არ გაახმაურეთ, რომ კახა თარგამაძესთან აპირებდით შეხვედრას?”, გაჩეჩილაძე პასუხობს: ”ველოდებოდით მათი მხრიდან, კერძოდ, ვანოდან ამის გახმაურებას და ისიც ვიცი, რომ ეს სერიალები კვლავ გაგრძელდება. ჩვენ გვინდოდა, რომ ხელისუფლებას თარგამაძესთან შეხვედრის შესახებ გაეგო, ხოლო იმ შეხვედრების შესახებ კი, რომლებზეც ინფორმაციის გავრცელება არ მსურს, ვერც გაიგეს და ვერც გაიგებენ”, - ამბობს ლევან გაჩეჩილაძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ”რეზონანსში” და კიდევ რამდენიმე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუები შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძესთან.

”ჯორჯიან ტაიმსის” ინტერვიუდან მოვიტან ციტატას. თარგამაძე ამბობს: ”ისინი ჩემი ამხანაგები არიან. რა იყო, დავმალეთ რამე? დავუმალეთ ვინმეს? დაფარული იყო? ბატონმა მიხეილმა არ იცოდა თუ რა მოხდა ეგეთი? ხუთ წელზე მეტი არ მყავდა ხალხი ნანახი. ისინი გერმანიაში მიდიოდნენ, მე გერმანიაში მივდიოდი და შევხვდით”. კახა თარგამაძე ამბობს იმასაც, რომ შეხვედრის მონაწილეებმა შენიშნეს, როგორ უღებდნენ: ”კი, ვხედავდით, რომ იწერდნენ. თუ კარგად დააკვირდებით, ჩანს, რომ ვხედავდით. ვუთხარი კიდეც ბიჭებს, რომ იწერდნენ და, სხვათა შორის, პირველად ლევანმა დაინახა”. კახა თარგამაძეს ”ალიაც” დაუკავშირდა. აქ თარგამაძე აზუსტებს: ”იქ არ მისაუბრია არაფერზე, რაღაცა ის რომ იყოს და იმიტომაც არ გამოაქვეყნეს აუდიოჩანაწერი. თუ სხვას ალაპარაკებენ ჩემს მაგივრად და დაამონტაჟებენ, ეგ არ ვიცი, მაგრამ არაფერი არ ყოფილა ისეთი...” - ამბობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში. გაზეთის კორესპონდენტი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს იმის გასარკვევად, არის თუ არა აღძრული სისხლის სამართლის საქმე კახა თარგამაძის წინააღმდეგ. უტიაშვილი აცხადებს, რომ ასეთი საქმე აღძრული არ არის და განმარტავს: ”არ იყო მტკიცებულებები, თორემ ახლაც რომ იყოს მტკიცებულებები, ახლაც აღვძრავდით საქმეს.”

”ახალი თაობა” წერს: ”ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ თარგამაძემ, შესაძლოა, სააკაშვილისა და ტარიელ ონიანის მეგობრობაზეც გამოაქვეყნოს დოკუმენტები. ონიანს ხელისუფლება ოპოზიციის დამფინანსებლად აცხადებდა. ოპოზიციის მტკიცებით კი, ცნობილმა ავტორიტეტმა ფინანსური დახმარება ნაციონალურ მოძრაობას გაუწია. მათი თქმით, ონიანმა ნაციონალებს თანხა საპრეზიდენტო არჩევნებშიც დაახმარა და საპარლამენტოშიც”, - წერს ”ახალი თაობა”. გაზეთს ინტერვიუ მისცა მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა. ის ამბობს: ”მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ხელში სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება იყოს საკმარისად სუსტი, ხოლო ოპოზიცია საკმარისად ძლიერი, რომ ხელისუფლების ცვლილება რეალურად მოხდეს.”
XS
SM
MD
LG