Accessibility links

logo-print
შეკითხვა, რამდენად რეალურია, რომ რუსეთი საქართველოსთან მორიგ ომს დაიწყებს, მალევე გაჩნდა აგვისტოს ომის შემდეგ და ის აქტუალობას დღემდე ინარჩუნებს. თუმცა ბოლო პერიოდში ექსპერტები კონკრეტულ სეზონზე, თვეზე თუ თარიღზეც კი ამახვილებენ ყურადღებას, როცა, მათი აზრით, საქართველოსთან მიმართებით რუსეთის მორიგი სამხედრო აგრესიაა მოსალოდნელი. რა ასაზრდოვებს ამგვარ პროგნოზებს და რას ფიქრობენ ქართველი პოლიტოლოგები - აქვს თუ არა მოტივაცია რუსეთს ახალი ომის წამოსაწყებად საქართველოში?

ახალ ომთან დაკავშირებული ეჭვების კორიანტელში ერთგვარი სიახლე იყო რუსეთის ექს-პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩევლის, კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ანდრეი ილარიონოვის მიერ 24 ივნისს გაკეთებული პროგნოზი. ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ილარიონოვმა კონკრეტული თარიღიც დაასახელა და თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს, არც მეტი და არც ნაკლები, ზუსტად 6 ივლისს დაიწყებს. ოთხშაბათს, 24 ივნისს, პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ინტერვიუ რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისაც” მისცა, სადაც ის კონკრეტულ თარიღზე არაფერს ამბობს, მაგრამ გარკვევით აღნიშნავს, რომ საომარ მოქმედებებს უახლოეს მომავალში მოელის:

ანდრეი ილარიონოვი
”სამწუხაროდ, ის, რაც ახლა ხდება, იძლევა სერიოზულ საფუძველს ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია ომი ამ წლის ივლისში დაიწყოს და, შესაძლოა, გაცილებით უფრო ინტენსიური გაგრძელება მოჰყვეს საქართველო-რუსეთის ომს.”

ილარიონოვის აზრით, 2009 წლის ივლისში, შესაძლოა, გათამაშდეს სცენარი, რომელიც რუსეთმა უკვე გამოიყენა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საომარ მოქმედებებს ასევე წინ უსწრებდა მასშტაბური სამხედრო წვრთნა და ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის შეხვედრა პეკინში. რუსი ექსპერტი ფიქრობს, რომ კრემლი ამავე კონტექსტში ამჯერად უკვე ობამას მოსკოვში სტუმრობას გამოიყენებს და შეეცდება დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ომის განახლებას საქართველოსთან თვით შეერთებულმა შტატებმაც კი დაუჭირა მხარი. ანდრეი ილარიონოვი რუსეთის ამ ჩანაფიქრის ნაწილად მიიჩნევს გაეროსა და ეუთოს მისიების დახურვას საქართველოში და გახშირებულ თავდასხმებს საერთაშორისო მეთვალყურეებზე. ის ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოსთან ანგარიშსწორება არ დაუმთავრებია და რომ კრემლი არ მოისვენებს, ვიდრე საქართველო რამდენიმე ნაწილად არ გაიხლიჩება და საბოლოოდ არ გაქრება, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა.

ომის მოსალოდნელობასთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს ბოლო პერიოდში მრავლად ვხვდებოდით უცხოეთის გავლენიან გაზეთებშიც. მათ შორის იყო ევროკომისიის ყოფილი ელჩის საქართველოში დენის კორბოის მოსაზრებებიც - ის რუსეთის აგრესიას ასევე ზაფხულში და, კერძოდ, მეორე ნახევარში მოელის.

გიგა ბოკერია
ამგვარი შინაარსის შიშებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ 19 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ასე უპასუხა: ”საქართველო გააკეთებს ყველაფერს, პარტნიორებთან ერთად, რომ ამ ზაფხულის განმავლობაში მოვლენები საქართველოში იყოს ყურადღების ცენტრში, რათა ჩვენ გვქონდეს მაქსიმალური პოლიტიკური შემაკავებლები რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესიის წინააღმდეგ.”

რუსეთის აგრესიის პოლიტიკურ შემაკავებლებს შორის ექსპერტები განსაკუთრებით გამოყოფენ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის 20 ივლისისთვის მოსალოდნელ სტუმრობას თბილისში და 6 ივლისს დაგეგმილ შეხვედრას რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის მოსკოვში. ექსპერტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ თუკი მედვედევმა ობამასგან საქართველოსთან მიმართებით მკაცრი გაფრთხილება არ მიიღო, ომი, შესაძლოა, მართლაც დაიწყოს. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ რუსეთი ამ ეტაპზე აგვისტოში მოხვეჭილის დაკანონების მცდელობით არის დაკავებული და რომ მისთვის ახალი ომი ამ ეტაპზე ზედმეტი თავის ტკივილია. უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთი, დასავლეთის შიშით, ომის განახლებას ვერ გაბედავს:

”თუკი დასავლეთი და ნატო არ იყო მზად იმის გასააზრებლად, რომ შეიძლება რუსეთს დაეწყო ომი პატარა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში დასავლეთი მზად არის. ის ითვალისწინებს გარემოებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს სრულმა ოკუპაციამ, შესაძლოა, სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს ზოგადად ევრაზიის კონტინენტზე და ამ შემთხვევაში ნატოსგან საპასუხო რეაქცია მოსალოდნელია.”

ირაკლი სესიაშვილი, რა თქმა უნდა, არ ამბობს იმას, რომ ნატოს ჯარები ომს დაიწყებენ რუსეთის არმიის წინააღმდეგ, მაგრამ ექსპერტი ლაპარაკობს დასავლეთის მხრიდან საქართველოს ტექნიკურ დახმარებაზე, რომელმაც, შესაძლოა, სერიოზული დარტყმა მიაყენოს რუსეთის გეგმებს:

”სავსებით რეალურია, რომ იყოს მხარდაჭერა ნატოს მხრიდან საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით, მათ შორის - ტექნიკური დახმარება, რაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული დარტყმის მიმყენებელი აღმოჩნდეს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის.”
XS
SM
MD
LG