Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთი ენერგეტიკის სფეროში აშშ-თან თანამშრომლობას დააჩქარებს


ენერგეტიკის სფეროში აშშ-ისა და თურქმენეთის თანამშრომლობის დაჩქარებას უნდა ნიშნავდეს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რაშიდ მერედოვის ვაშინგტონში ოთხდღიანი სტუმრობა. ის ვაშინგტონის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე მოილაპარაკა შეერთებული შტატების ნავთობის და გაზის კომპანიებში - “ექსონ მობილსა” და “შევრონში”. წიაღისეულით მდიდარი შუა აზიის ეს ქვეყანა ცდილობს ინვესტიციები მიიზიდოს ოკეანის გადაღმიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრ მერედოვის ვიზიტი აშშ-ის მედიას თითქმის არ გაუშუქებია. რადიო თავისუფლების მცდელობა, კომენტარი მიეღო აშშ-ში თურქმენეთის საელჩოსგან, უშედეგო აღმოჩნდა. მაგრამ მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა აშხაბადიდან, განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის ენერგეტიკის განვითარება პრიორიტეტია. ელჩი რიჩარდ მორნინგსტარი ევრაზიაში ენერგეტიკის სფეროში საგანგებო წარმომადგენელია. მორნინგსტარმა ვაშინგტონში, ბრიფინგზე, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თურქმენეთთან თანამშრომლობა მთავრობის ყურადღების ცენტრშია:
“ თურქმენეთი საინტერესო ქვეყანაა და საინტერესო შესაძლებლობებს გვიხსნის. ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონშია. ჩემი აზრით, თურქმენეთი ამ მხრივ მოქნილობას ავლენს და სურს დასავლეთის ფირმებთან ერთად ხმელეთის წიაღისეულის მოსაპოვებლად მეტი გააკეთოს, რაც ორივე მხარეს დააკმაყოფილებდა - თურქმენეთის მთავრობასაც და ამ კომპანიებსაც.”

მოსკოვთან დაძაბულობის გამო, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი განსაკუთრებით დაინტერესებულია იმით, რომ დასავლეთის, აშშ-ის ფირმები თურქმენეთის გაზის საბადოების ათვისების საქმეში ჩაერთონ. იმასაც იუწყებოდნენ, რომ პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრს პირადად მისცა, ამ მხრივ, მითითებები.

ამ თვის დასაწყისში მერედოვი ბრიუსელში იყო ენერგეტიკის სფეროში თავისი ქვეყნის ევროპის კავშირთან თანამშრომლობის გარშემო მოსალაპარაკებლად. თურქმენეთსა და აშშ-ს ხელშეკრულება ინვესტირების შესახებ დადებული არა აქვთ. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ მერედოვის ახლანდელი ვიზიტი სწორედ ამ საქმეს უნდა ემსახურებოდეს. თურქმენეთი ენერგოპოლიტიკაში რუსეთს ჩამოშორდა და პირი ევროკავშირისკენ ქნა. ახლა აშშ-ის ჩართვის მიმართ ინტერესიც ლოგიკურად მიაჩნიათ, მით უმეტეს, რომ აშხაბადი ყოველთვის ცდილობდა თავისი წიაღისეული ერთი ინვესტორის ხელში არ ჩაეგდო. ”ნაბუკოს” სახელით ცნობილი მილსადენის პროექტი, რომელიც 2013 წლისთვის უნდა დასრულდეს, თურქმენეთისთვის საკვანძოა, რამდენადაც მისი მიზანია დასავლეთ ევროპას და თურქეთს გაზი რუსეთის მილსადენებისგან დამოუკიდებლად მიაწოდოს.

თურქეთსა და ენერგიით მდიდარ აზერბაიჯანს შორის, რომელსაც ”ნაბუკოში” მონაწილეობის სურვილი აქვს, გარკვეული უთანხმოებაა გაზის რაოდენობასთან. დაკავშირებით. თურქეთს ეჭვი ეპარება, რომ გაზი საკმარისი იქნება შინა მოხმარებისა და ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. აზერბაიჯანი 8 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდების პირობას დებს. ელჩმა მორნინგსტარმა თქვა, რომ 8 მილიონი საწყისი რაოდენობა უნდა იყოს, რადგან, სხვა შემთხვევაში, თურქეთსა და სხვა მონაწილეებს შორის უთანხმოება უთანხმოებად დარჩება თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის კასპიის ზღვის - კეფეზის - საბადოს გარშემო. მაგრამ მორნინგსტარი თვლის, რომ ორ ქვეყანას შორის მისაღები იქნებოდა პოლიტიკური და საქმიანი გარიგება, სასაზღვრო პრობლემაზე კამათის გარეშე:
“ლაპარაკია კასპიის ზღვის გაზის მოწოდების შესაძლებლობაზე. ურთიერთობა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევსა და თურქმენეთის პრეზიდენტ ბერდიმუხამედოვს შორის უმჯობესდება და დადებით შინაარსს იძენს.”

ელჩმა მორნინგსტარმა ვაშინგტონში, ამ ბრიფინგზე, არ ისურვა რაიმე ეთქვა იმის თაობაზე, შეეხნენ თუ არა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებისას ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თემას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG