Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი პარტიების დაფინანსების ახალი ინიციატივით გამოდის


ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. ამ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს, წინასწარი ინფორმაციით, უნდა განემარტა თავისი ახალი ინიციატივა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ოპოზიციაში - განსაკუთრებით არასაპარლამენტო ოპოზიციაში - წინასწარ უნდობლობა გამოუცხადეს პრეზიდენტის ინიციატივას და თქვეს, რომ ის ერთგვარი სადამსჯელო მექანიზმის ამუშავებასთან იქნებოდა დაკავშირებული. რა სიახლეს გეგმავს ხელისუფლება კანონმდებლობაში, რომელიც პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსებას შეეხება?

ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე იყო მსჯელობა მიმდინარე მოვლენებზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი ხედვა ჩამოუყალიბა. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ წიკლაურის, თქმით, საუბარი შეეხო, ერთი მხრივ, იმას, თუ რა იგეგმება ”დემოკრატიის ახალი ტალღის” ფარგლებში და, მეორე, რა საკანონმდებლო ინიციატივები შეიძლება შემუშავდეს იმ პრობლემების შესამსუბუქებლად, რასაც საქართველოში - და, განსაკუთრებით, თბილისში - ბოლო თვეებში ინტენსიურად ქმნის ქუჩის საპროტესტო აქციები. წინასწარი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე პრეზიდენტს უნდა ჩამოეყალიბებინა თავისი ახალი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ მათ განკარგვაში არსებული თანხების ხარჯვა უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს. თუ რატომ არის ეს საჭირო, მიხეილ სააკაშვილმა 24 ივნისს ერევანში ყოფნისას განმარტა მას შემდეგ, რაც გავრცელდა სკანდალური კადრები ბერლინში კახა თარგამაძესთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შესახებ:

”არის დიდი საფრთხე პირდაპირი გარეჩარევის შედეგად დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოქმედებების. ჩვენ ვიცით, რომ ამისთვის გამოიყენება ის ხალხი, ვინც ცხოვრობს რუსეთში და რომლებიც პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან.”
კახა თარგამაძე 2001 წლიდან რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა. მანაც და ოპოზიციის ლიდერებმაც, დავით გამყრელიძემ და ლევან გაჩეჩილაძემ, სკანდალური ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ თქვეს, რომ შეხვედრა ოპოზიციის დაფინანსების საკითხს არ უკავშირდებოდა. მაგრამ სკანდალამდე რამდენიმე დღით ადრე ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარ მხარდამჭერებს პირდაპირ მიტინგზე გამოუცხადა, რომ ევროპაში ფულის საშოვნელად იყო წასული და იქიდან სერიოზული დაპირებებით დაბრუნდა. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოუწოდეს დაესახელებინა პოტენციური დამფინანსებლები და ამით გამჭვირვალე გაეხადა არასაპარლამენტო ოპოზიციის დაფინანსების გეგმა. ამ მოწოდების პასუხად გაჩეჩილაძე აღნიშნავდა და აღნიშნავს, რომ პოტენციურ დამფინანსებლებს მათი უსაფრთხოების მიზნით არ დაასახელებს; ამასთან, განმარტავს, რომ ის კერძო პირია, არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და აქვს უფლება მიიღოს შემოწირულობა სპონსორებისგან. ოპოზიციას ფული სჭირდება. კანონი კი კრძალავს დაფინანსების მიღებას უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, თუმცა კანონი არ კრძალავს პარტიებმა შემოწირულობა მიიღონ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისგან.

ხელისუფლება აპირებს შესაბამის კანონებში ცვლილებების განხორციელებას იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი იყვნენ გაცილებით გამჭვირვალე გახადონ ფულის დახარჯვის პროცესი.

” ეს იქნება გამჭვირვალე მექანიზმი, თითოეული დოლარის და რუბლის გადარიცხვის შესახებ საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება სანქციები პოლიტიკური პარტიების მიმართ უცხო ქვეყნებიდან მიღებული ფულით სარგებლობისთვის. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამაზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ასეთ ინიციატივას წინასწარ სადამსჯელო ინიციატივა უწოდეს. პასუხად არასაპარლამენტო ოპოზიციაში გამოხატეს პრეტენზია იმის გამო, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე ვერ იღებენ ბიუჯეტიდან მათთვის განკუთვნილ თანხებს. შეგახსენებთ: პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა წარმომადგენლებმაც უარის თქვეს დეპუტატების მანდატებზე, აღუდგათ დაფინანსება, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარის გამოცხადების შემდეგ შეჩერებული ჰქონდათ. და რა ხდება ბოლო თვეებში? ეკა ბესილია ამბობს, რომ მის პარტიას, ბოლო ორი თვეა, კუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება არ მიუღია. ასეთ პრეტენზიასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ დაფინანსების შეჩერება ტექნიკური პრობლემების შედეგია, ეს ტექნიკური პრობლემები კი ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო პარლამენტის მუშაობის ბლოკირებამ განაპირობა.

მაგალითისთვის, ბიუჯეტიდან ”კონსერვატიული პარტია” ყოველთვიურად 30000 ლარს იღებს. ოდენობას განაპირობებს პარტიის შედეგები ბოლო ადგილობრივ და, ამასთან, საპარლამენტო არჩევნებზე... გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ მიიღონ შემოწირულობა იურიდიული და კერძო პირებისგან, მაგრამ, როგორც კონსერვატიული პარტიის წევრი კახა კუკავა ამბობს: ”არც ერთი დონორი ოპოზიციურ პარტიაში ფულს არ დებს, რადგან ყველა, ვინც აფინანსებდა ოპოზიციას, დაატერორეს და დაკეტეს.” ბოლო თვეებში ბიუჯეტიდან დაფინანსება არც კონსერვატიულ პარტიას მიუღია... ოპოზიციური პარტიები დაფინანსების განახლებას ელოდებიან, პროცესი ივლისიდან უნდა განახლდეს... ხელისუფლების მოთხოვნაა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და მათ მიერ თანხების ხარჯვა იყოს მეტად გამჭვირვალე, რათა გამოირიცხოს პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ინტერესის შემოსვლა, ფულის სახით.
XS
SM
MD
LG