Accessibility links

logo-print

სერბიის პრეზიდენტი - ცოტა პრორუსული, ცოტა პროამერიკული, ცოტა ნაციონალისტი


ბორის ტადიჩი

ბორის ტადიჩი

სერბია იუგოსლავიის მემკვიდრე და არატიპიური ბედის ქვეყანაა. იუგოსლავიის ფედერაციაში შემავალი ამ ერთი განსაკუთრებული ნაწილის ხალხმა ბევრი ჭირ-ვარამი გამოიარა და თვითონაც გვარიანი ტკივილი მიაყენა ყოფილ თანამემამულეებს. ბელგრადი ცდილობდა წინ აღდგომოდა იუგოსლავიის დაშლას და თვითონვე დაიშალა, თავისი უკანასკნელი მცირე ნაწილი, კოსოვო, და, ასევე, ჩერნოგორია დაკარგა. პრეზიდენტი ბორის ტადიჩი სერბების თვალში ცოტა პრორუსულია, ცოტა პროამერიკული, ცოტა ნაციონალისტი, ცოტა პროევროპული და ცოტა ევროსკეპტიკოსი. აი,რას ფიქრობს საკუთარ თავზე სერბი პოლიტიკოსი:

“პრეზიდენტი ტადიჩი პროსერბულია. ეს ხომ გასაგებია. მე ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის ინტერესებისთვის და სრულიად დარწმუნებული ვარ, ეს ევროპის კავშირის ინტერესებიცაა.”

ტადიჩმა ამ ინტერვიუში ევროპის კავშირი გასაგები მიზეზის გამო ახსენა: მისი ქვეყანა ხომ აშკარად ესწრაფვის ამ გაერთიანების წევრობას. ტადიჩის აზრით, არც არაფერი უშლის ამ საქმეს ხელს, გარდა კავშირს შიგნით ზოგიერთი ქვეყნისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბელგრადი სათანადოდ არ თანამშრომლობს ჰააგის ტრიბუნალთან. ამ ტრიბუნალთან თანამშრომლობა კი ნიშნავს გადასცენ მას ის სერბი მოქალაქეები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სერბიის მიერ წარმოებული ომების დროს - მაშინ ჯერ კიდევ იუგოსლავიის შიგნით, მოგვიანებით კი სერბიის ფარგლებში, მაგრამ კოსოვოს ოლქში - საკუთარი მოქალაქეების მიმართ სხვადასხვაგვარ დანაშაულში, გენოციდსა და მისთანაში. სერბია ცდილობს ისეთი პირები, როგორიც, მაგალითად, რადკო მლადიჩია, ერთ- ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ჰააგის წინაშე წარდგნენ, მაგრამ, როგორც პრეზიდენტი ტადიჩი ამბობს, თუკი ის და მისი მსგავსი პირები სერბიაში არ იმყოფებიან, მაშინ ეს არის “ mission impossible”, ანუ ამოცანა, რომელიც ვერ შესრულდება. ტადიჩი განმარტავს თავისი ხელისუფლების სურვილს:

“განვაგრძობთ ჩვენს მცდელობებს. დღემდე ჰააგის ტრიბუნალს 44 პირი გადავეცით და ვერ ვხედავ მიზეზს, შევწყვიტოთ ეს თანამშრომლობა. ვაპირებთ ასე გავაგრძელოთ. და ამას ვაკეთებთ ჩვენს გამო - არა ჰააგის ტრიბუნალისა და ევროპის კავშირისთვის, არამედ რეგიონში შემავალი ქვეყნების შერიგებისთვის. ეს ჩვენი მოვალეობაა.”

ჩვენი რადიოს ბალკანური სამსახურის თანამშრომელი ჩააცივდა ტადიჩს ამ ინტერვიუს დროს, კარგია, - და ამისთვის გაქებენ, - რომ თანამშრომლობთ ტრიბუნალთან, მაგრამ მარკო მლადიჩს რატომ ვერ იჭერთო. სერბიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა ყველგან არის - სხვა არაერთი ქვეყანაა, რომელიც ეძებს ეჭვმიტანილს, მაგრამ ვერ პოულობს. ძნელია მლადიჩის მოძებნა, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთო, გვითხრა ტადიჩმა. ზემოთ ვთქვით, რომ სერბიის მიმართ გაისმოდა პრეტენზია, სათანადოდ არ თანამშრომლობს ჰააგის ტრიბუნალთან, რაზედაც დამოკიდებულია მისი ევროკავშირთან დაახლოებაო. დავინტერესდით, რა ვითარებაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრივ. ათი წლის წინ - და სერბია იყო, ამ მხრივ, ერთადერთი ევროპული ქვეყანა ალიანსის ისტორიაში - მას ნატოს თვითმფრინავები ბომბავდნენ. შეგახსენებთ მოკლედ: სერბიის კოსოვოს ოლქში ადგილობრივი ალბანელების მიმართ ბელგრადის არმიის სისასტიკის გამო, ალიანსის გადაწყვეტილებით, დაიწყო შეტევა სერბიაზე, რასაც მოჰყვა კოსოვოს ოლქიდან სერბიის ჯარის გასვლა. როგორია სერბიის პოზიცია ნატოს მიმართ ახლა? ტადიჩი ამბობს, რომ ათი წელი გავიდა ნატოს მიერ ბელგრადის დაბომბვიდან და ახლა ძალიან რაციონალური უნდა ვიყოთ და ეს გავითვალისწინოთ:

“სერბია ჩართულია პროგრამაში ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” და ამ ჩარჩოში არის სივრცე ნატოსთან ურთიერთობის განსავითარებლად. წლების წინ ჩვენმა პარლამენტმა სერბიის ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. რა მოხდება მომავალ ხუთ თუ ათ წელიწადში, ამას სერბი ხალხი გადაწყვეტს. ჩვენ მის ნებას გამოვხატავთ, ან ეს გადაწყდება რეფერენდუმის გზით, რაც არის კიდეც ნატოში გაწევრიანების წინა პირობა. მაგრამ ახლა ნაადრევია ნატოში ინტეგრაციაზე ლაპარაკი. სერბიამ და ნატომ ურთიერთობა უნდა განავითარონ ”პარტნირობა მშვიდობისათვის” პროგრამის ჩარჩოებში. ამის შემდეგ უკეთ შევძლებთ ინტეგრაციაზე ლაპარაკს.”

ნატოს შესახებ როცა ესაუბრები სერბიის პრეზიდენტს, ანუ ლიდერს ქვეყნისა, რომელსაც რუსეთთან, ტრადიციულად, ახლო კავშირურთიერთობა აქვს, გაინტერესებს, რას ფიქრობს ის რუსეთზე, ქვეყანაზე, რომელიც თავისი ყოფილი თუ ახლანდელი მოკავშირეების ალიანსთან დაახლოების სფეროში ძალიან მგრძნობიარეა. ერთნი ფიქრობენ, რომ რუსეთის როლი ბალკანეთში კონსტრუქციულია, საქმიანი, მეორენი თვლიან, რომ რუსეთი “გაზპრომს” მოიხმარს ტანკების ნაცვლად და ამით კონტროლს, რეგიონში დომინირებას აღწევს. რას ფიქრობს ბორის ტადიჩი რუსეთის როლზე ბალკანეთში? სერბიის პრეზიდენტი პირდაპირ ამ შეკითხვას არ უპასუხებს - აცხადებს, რომ ყველა დიდ ქვეყანას აქვს იქ ინტერესი: ეს რეგიონი ეკონომიკურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, უმოკლესი კავშირია ევროპასა და აზიას შორის და, ამასთან, მილსადენების გზაჯვარედინია. ტადიჩის აზრით, უნდა მოხდეს ევროკავშირში ბალკანეთის ინტეგრაცია, რადგან თვითონ არის ეს არეალი ინფრასტრუქტურა. სერბიის პრეზიდენტის თანახმად, აშშ-ს, რუსეთს და, ასევე, ჩინეთს აქვთ ნორმალური და სამართლიანი ინტერესი ბალკანეთში. რადიო თავისუფლებამ შეკითხვა გააფართოვა და ჰკითხა ტადიჩს, იმის გათვალისწინებით, რომ ის ევროპის კავშირისკენ იყურება, - და არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ფასეულობების მხრივაც, - თუკი რუსეთი კიდევ უფრო ავტოკრატიული გახდა, იქნება თუ არა ეს ბალკანეთისთვის პრობლემა.

“მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თვითონ განვავითარებთ დემოკრატიას და რუსეთი ამას მიიღებს. რუსეთი მომავალში ასეთ განვითარებას ითვალისწინებს. სერბიას, ბალკანეთს რაც შეეხება, ჩვენი მთავარი მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა. ამის გამოა, რომ ჩვენ ევროპის კავშირის და ევროპის ქვეყნების შეხედულებებს და ფასეულობებს ვიზიარებთ.”

ევროკავშირში ინტეგრაციის ფონზე, სერბია პოლიტიკის ყველა ნაწილში არ ითვალისწინებს აშშ-ის პოზიციას. აშშ-მა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა და აქეზებს სხვა ქვეყნებს გააკეთონ იგივე, სერბია კი კატეგორიული წინააღმდეგია კოსოვოს დამოუკიდებლობისა და წაქეზების, ამბობს ტადიჩი, მაგრამ მისი ქვეყნის ინტერესებშია რაც შეიძლება უკეთესი ურთიერთობა ვაშინგტონთან. ტადიჩი ჯერ კოსოვოს ფაქტორის სამართლებრივ მხარეზე ლაპარაკობს - განმარტავს, გარდა ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულებისა, რატომ არის ბელგრადი კოსოვოს გამოყოფის წინააღმდეგი:

“ იმ ფაქტის გამოც, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ველით კოსოვოს შესახებ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას, სერბიის საჩივრის შესაბამისად. ირღვევა თუ არა დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადებით საერთაშორისო კანონი? ეს არის მარტივი შეკითხვა, რომელიც ჩვენს რეზოლუციაში შევიტანეთ გაეროს გენერალური ასამბლეის წინ. ამიტომ ველოდებით მართლმსაჯულების, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას.”

ამის მიუხედავად, აშშ-თან სტრატეგიულ თანამშრომლობას ესწრაფვის სერბია, ამბობს ამ ქვეყნის პრეზიდენტი და, მისი თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელიც სერბიას სტუმრობდა, ეხმარება ამ ქვეყანას და ეს ურთიერთობები გაგრძელდება ყველა სფეროში.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ ის, რაც თავშიც ითქვა: სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი სერბების თვალში ცოტა პრორუსულია, ცოტა პროამერიკული, ცოტა ნაციონალისტი, ცოტა პროევროპული და ცოტა ევროსკეპტიკოსი. თვითონ კი თავის თავს პროსერბულად მიიჩნევს, როგორც ყველა პრეზიდენტი თავისი ქვეყნის მიმართ.
XS
SM
MD
LG