Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტარ არიან უსინათლონი


თქვენი არ ვიცი და მე სულ ასე მემართება - ჩემს არეულ ოთახში (რომელსაც არავის ვალაგებინებ, რამე ძალიან მნიშვნელოვანი ქაღალდი რომ არ გადაუშვან სანაგვეში), რაღაცას როცა ვეძებ, მაინცდამაინც იმას გადავეყრები ხოლმე, რაც უკვე დაკარგული მეგონა.

ამიტომაც კარგად მესმის პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის, „შეწყვეტილი ამბორის“ გმირის, უსინათლო კინორეჟისორის, რომელიც, დაბრმავებიდან 14 წლის შემდეგ, აღმოაჩენს, რომ სულაც არაა მარტო, რომ შვილი ჰყავს.

„იგი მამაშენია, შვილო!“ - აუწყებს ამ ყმაწვილს დედა, უსინათლო კინორეჟისორის მეგობარი ქალი. ზუსტად ისე ეტყვის, როგორც იაფფასიან „საპნის ოპერებში“ რომელიმე სერიის დასასრულს ამბობენ ხოლმე.

58 წლის პედრო ალმოდოვარი ამ უსინათლო გმირს, ნერვიული კრიზის ზღვარზე მყოფ კინორეჟისორს, ავტოავარიის შემდეგ ყველაფერი რომ დაკარგა - მხედველობა, შეყვარებული, პროფესია, სიცოცხლის რწმენა - ფინალში შვილით აჯილდოვებს. „ფილმ-ნუარის“ ჟანრში გადაღებული „შეწყვეტილი ამბორი“, რომელშიც, ისევე როგორც ალმოდოვარის ყველა ფილმში, ზღვარი სასაცილოსა და ტრაგიკულს შორის მთლიანად გამქრალია, მთავრდება როგორც ზღაპარი - სიკეთე ამარცხებს ბოროტებას. სასწაული ხდება! დაახლოებით ისეთი სასწაული, როგორიც ფილმში „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ - ახლად დაბადებულ ბავშვს, რომლის მშობლები შიდსით დაიღუპნენ, ვირუსი არ აღმოაჩნდა. ცხოვრება გრძელდება!

დღემდე ვერ გამიგია რატომ დაარქვა ალმოდოვარმა იმ ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“. რატომ - „ყველაფერი“? რა არის ეს - დედის „შეცნობის“ ინცესტუალური ვნება? ყმაწვილკაცებისთვის დამახასიათებელი აჩემებული სურვილი, გაიგოს „სად წავიდა დედა“? და, შესაბამისად, შურისძიება მამაზე (რომელმაც დედა წაართვა) - მისი გადაქცევა ტრანსსექსუალად, რომელსაც, ყველაფერთან ერთად, შიდსი აქვს?

„მამაკაცები, როგორც პერსონაჟები, მაშინებენ. ყოველთვის არის საშიშროება, საკუთარ თავს მიამსგავსო რომელიმე. თანაც, რვა წლამდე მე ქალების გარემოცვაში გავიზარდე. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ძლიერ სქესს ჩემს ფილმებში სწორედ ქალი გამოხატავს. მამაკაცი კი, როგორც წესი, ნაძირალას განასახიერებს,“ აღნიშნა ალმოდოვარმა კანის კინოფესტივალზე, თავისი ახალი ფილმის პრემიერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჰო, პედრო ალმოდოვარის ყველა ფილმი, ფაქტობრივად, ამ ნაძირალაზე შურისძიებაა (ქალების დახმარებით). იგი დაუნდობელია ყველა მამა-მაჩოს მიმართ. უფრო მეტიც, ფილმში „მთრთოლვარე სხეული“ ალმოდოვარი ხავიერ ბარდემ-პოლიციელს სიარულის უნარს წაართმევს, ინვალიდის სავარძელს მიაჯაჭვებს, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდება და სექსუალურადაც უძლურს გახდის.

ჰეტეროსექსუალ-პოლიციელს ერთმევა მამად ქცევის უნარი.

„მთრთოლვარე სხეული“ ალმოდოვარის ერთადერთი ფილმია, რომლის ყურების დროს ცრემლი მომერია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკრანიდან ჩაველა ვარგასის „სომოსი“ ისმის. აი, ეს სიმღერა:

http://www.youtube.com/watch?v=Bvtn8AFVnWg

არადა „მთრთოლვარე სხეული“ ალმოდოვარის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ფილმად ითვლება.

ეჭვი მაქვს, ასეთივე ბედი ელის „შეწყვეტილ ამბორს“ - რაღაც მეტისმეტად ცივი იყო ჟურნალისტების რეაქცია. დაიბეჭდა სტატიები, რომელთა ავტორები ალმოდოვარს „დაღლაში“, „განმეორებებში“, დრამატურგიულ გაუმართაობაში ადანაშაულებენ.

„შეწყვეტილ ამბორში“ ალმოდოვარმა საკუთარ პრინციპებზე უარი თქვა - მთავარ პერსონაჟად ჰეტეროსექსუალი მამაკაცი გახადა. თანაც, კინორეჟისორი. ალმოდოვარის ქალები, რომლებიც მის სხვა ფილმებში ჯერ თავიანთ მოუწყობელ ცხოვრებას დასტირიან, მერე კი ერთვებიან ცხოვრების მასკარადში (ასე გადაიქცევა მელოდრამა კომედიად), 58 წლის მაესტროს ფილმში შეიცვალა მამაკაცით, რომელიც ისევე უძლურია, როგორც „მთრთოლვარე სხეულში“.

იქ ინვალიდია. სავარძელზე მიჯაჭვული.

აქ - უსინათლო. ჯოხით დადის.

ორივეს ჭირდება ვინმე, ვინც ატარებს, გზას გაუკვალავს.

დედა, შეყვარებული... ან, სულაც, შვილი.

ეშინიათ არა იმდენად გადაადგილების უნარის დაკარგვის, არა იმდენად სიბრმავის, რამდენადაც მარტოობის.

„სიბრმავეს სიკვდილი ჯობია“ - ამბობს ოიდიპოსი. თუმცა დასტირის არა სიბრმავეს, არამედ „გაძევებას“, გარიყვას, მარგინალიზაციას... იმას, რისიც სიყმაწვილეში ადამიანს არ ეშინია. იმას, რისიც არც პედრო ალმოდოვარს ეშინოდა მაშინ, როცა თავის ხულიგნურ კინოს იღებდა, 80-იან წლებში. მით უმეტეს, რომ სჯეროდა - იგი არასდროს დარჩება მარტო, რადგან ძალიან მდიდარია: ჰყავს მეგობრები, თაყვანისმცემლები... შეუძლია დაპატიჟოს ყველა თავის აგარაკზე, მადრიდის გარეუბანში, და კაეტანო ველოსოს კონცერტი მოასმენინოს, როგორც აქ, ფილმში „ელაპარაკე მას“.

http://www.youtube.com/watch?v=-CsA1CcA4Z8

ალმოდოვარს არც თავისი ენის, სტილის „ამოწურვის“ ეშინოდა, რადგან ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ ჰქონდა გამოყენებული საყვარელი ფილმების ციტატები. იცოდა, რომ სიორკის, უაილდერის, ჰოუქსის, ფასბინდერის და, რაღა თქმა უნდა, ჰიჩკოკის ფილმების ციტირება უსასრულოდ შეიძლებოდა.

მაგრამ იგი უკვე 58 წლისაა. მას აღარ აქვს თავის მოკატუნების, ფარისევლობის, კარნავალში შენიღბვის და სხვისი ფილმების სახეებით თამაშის თავი.

კაეტანო ველოსოს კონცერტი დასრულდა. სტუმრებმა მომავალი ფილმის გამარჯვების სადღეგრძელო დალიეს, დედამისი გაიხსენეს და დაიშალნენ. მოსამსახურე ქალმა ღამე მშვიდობისა უსურვა და მადრიდში წავიდა.

ასე დარჩა მარტო. უზარმაზარ ვილაში.

„შეწყვეტილი ამბორის“ პრემიერამდე აღიარა, რომ ფილმის იდეა დეპრესიაში ყოფნის დროს მოუვიდა. პრინციპში ეს არც იყო დეპრესია. უბრალოდ, თავის ტკივილები დამეწყო და სწორედ მაშინ, როცა ტკივილმა კულმინაციას მიაღწია, მუზა მომივიდა, ახალი ფილმის სიუჟეტი მოვიგონეო - ამბავი ბრმა კინორეჟისორზე, რომელიც თავის ცხოვრებას უყვება ასისტენტს (ფილმის ბოლოს მისი შვილი რომ აღმოჩნდება)... ჰყვება და თან კითხვებს სვამს: ვინ მოუწყო ავტოკატასტროფა? მისი შეყვარებულის საყვარელმა - ბებერმა ოლიგარქმა ხომ არა? ან როგორ მოხდა, რომ მისი უკანასკნელი ფილმი, რომელიც მას არ დაუმონტაჟებია, რადგან კლინიკაში იწვა, ასეთი ცუდი გამოდგა? ვინ „გაუფუჭა“ ფილმი?

შიში, რომ იმას, რაც შენ შექმენი, სხვა „გააფუჭებს“, შიში წარუმატებლობის, შიში სიბრმავის, შიში მარტოობის, შიში უშვილობის...

მხოლოდ და მხოლოდ ამ შიშებზეა აგებული „შეწყვეტილი ამბორი“.

მარტოობის გააზრებას ყველაზე შემზარავი შიში მოჰყვება ხოლმე. ფიზიკურ ტკივილზე, სიკვდილის შიშზე უფრო აუტანელი. როგორც კი ჟან-პოლ სარტრის როკანტენი თავის მარტოობას გაიაზრებს, გულისრევა ეწყება. მაგრამ სწორედ ამ დროს შეიგრძნობს და დაინახავს რაღაცას, რაც არასდროს შეუნიშნავს, არასდროს მოუსმენია.

მარტოობის ამ გააზრებამ შექმნა „შეწყვეტილი ამბორი“ - ფილმი კინორეჟისორზე, რომელიც განგებამ დააბრმავა, რათა სიცოცხლის წითელი კარნავალის ნაცვლად ბუნების მწვანე პეიზაჟი დაენახა და დაეფასებინა.

პირველად პედრო ალმოდოვარის ფილმებში „სამოთხის“ სახე ჩნდება ბუნებაში - კანარის კუნძულებზე, სადაც 14 წლის წინ, ავტოკატასტროფამდე ერთი დღით ადრე, შეყვარებულები ტელევიზორით უყურებდნენ რობერტო როსელინის ფილმს „მოგზაურობა იტალიაში“, რომელშიც, თავის მხრივ, ნეაპოლში სამოგზაუროდ (და ურთიერთობის გასარკვევად) ჩასული ამერიკელი ცოლ-ქმარი (ინგრიდ ბერგმანი და ჯორჯ სანდერსი) უყურებენ, თუ როგორ აწარმოებენ არქეოლოგები გათხრებს პომპეიში („ფილმი ფილმში“, „დანახვა იმისა, თუ როგორ ხედავენ სხვები“, „მზერათა ეროტიკა“ წამყვანი ხდება ალმოდოვარის ბოლო ფილმში).

ფინალში ისევ განმეორდება ეს საოცარი პეიზაჟი. სურათის გმირს თვალი არ აეხილა. მაგრამ მას უკვე ოჯახი ჰყავს. მადრიდში, თავისი სახლის გარეუბანში, მეგობრების „პარტის“ დასრულების შემდეგ, როცა მოსამსახურე ქალი დაემშვიდობება, იგი მარტო აღარ იქნება - თავის ახლად შეძენილ ვაჟთან ერთად ლუდს დალევს და უამბობს, როგორ უყვარდა 14 წლის წინ დაღუპული პენელოპა კრუსის გმირი - ხან ოდრი ჰეპბერნს რომ ჰგავს, ხანაც კი ოდრის ანტიპოდს - მერილინ მონროს.

ყველა ბედნიერია, მაგრამ რატომ გვესმის ისევ ასეთი სევდიანი სიმღერა?

http://www.youtube.com/watch?v=TPmuD3-36dM
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG