Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 26 ივნისი 2009

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი პრესა კვლავინდებურად აქტიურად ეხმიანებოდა ლევან გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის კახა თარგამაძესთან შეხედრის ფაქტს. „24 საათის“ ავტორი სოფო კილასონია წერს, რომ პიკასოს გამოფენაზე აპირებდა სტატიის გამოქვეყნებას, მაგრამ ამ შეხვედრის კადრების ნახვამ და შემდეგ მასზე კომენტარებმა ეს სურვილი გაუქრო. „თუ ჯერ კიდევ გასულ ზამთარში ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა ჯანმრთელ და ლოგიკურ პროცესად გვეჩვენებოდა, დღეს ეს თემა სასაცილოა, რადგან დღეს ძველმა ფობიებმა გაიღვიძეს“, - წერს ავტორი.

ამავე თემას ეხება „24 საათში“ მწერალ ლაშა ბუღაძის სვეტი, რომლის სათაურიცაა „რა პრობლემაა“. „მართლაც, რა პრობლემაა თვეობით ორმოში მჯდომი მძევლები... რა პრობლემაა წითელი ზონა - პანკისი, რა პრობლემაა შსს-ს ფანჯრებიდან გადმოცვენილი ხალხი...“ - წერს ავტორი და განაგრძობს: „დღეს ამწუთიერი სიძულვილია აქტუალური და „რკინის კაცსაც“ შემოვიამხანაგებთ. ხვალ, როცა ხვალინდელი სიძულვილი დაგვიდგება დღის წერიგში, დონაძისმაგვარ ჟურნალისტებსაც გამოვიყენებთ“ ,- წერს ლაშა ბუღაძე „24 საათში“.

თავად ლევან გაჩეჩილაძესთან ინტერვიუს „ყველა სიახლე“ აქვეყნებს. „სააკაშვილი უცხოეთიდან რომ იღებდა ფულს, ამის ბევრი მოწმეა, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე და კობა დავითაშვილიო“, - ამბობს ლევან გაჩეჩილაძე და დასძენს: „თუ უცხოეთიდან ფულის მიღება უკანონობაა, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს.“

აქვე ნახავთ ინტერვიუს „საქართველოს გზის“ ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც ამბობს: „თუ გაირკვა, რომ რომელიმე ოპოზიციონერს რუსეთი აფინანსებს, ის ჩვენს გვერდით ვეღარ იქნებაო.“

გაზეთი „ვერსია“ კი ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს გაესაუბრა. ”ასე ძალუმად რუსულ ფულზე ხელისუფლება იმიტომ ლაპარაკობს, რომ უნდათ გაანეიტრალონ ინფორმაცია მათი რუსეთის სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობის შესახებ“, - უთხრა სოსო ცისკარიშვილმა „ვერსიას.“

„რატომ არის კახა თარგამაძესთან შეხვედრა დანაშაული“? - კითხულობს „ახალი მემარჯვენე“ მანანა ნაჭყებია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში. „კიდევ ერთხელ მივხვდი, რამდენად დემოკრატიული იყო წინა რეჟიმი. „რუსთავი ორში“ უშიშროების შესვლის გამო კახა თარგამაძე გადადგა, დღეს კი ყველამ იცის, რომ ვანო მერაბიშვილს და მის ოჯახს ადამიანების სისხლში აქვთ ხელი გასვრილი“, - უთხრა მანანა ნაჭყებიამ „ახალ თაობას“.
XS
SM
MD
LG