Accessibility links

logo-print
ცხინვალელი ისტორიკოსები, არქეოლოგები და არქიტექტორები რუსული სამშენებლო კომპანიების მიმართ პროტესტს გამოთქვამენ. მათი აღშფოთება დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში დაწყებულმა გამწმენდმა და სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. აგვისტოს ომის შედეგად დაზიანებულ შენობებს რუსული კომპანიები ტრაქტორებით მიადგნენ და მათი დანგრევა დაიწყეს. კოკოითის ხელისუფლებას რუსეთის დახმარებით „ახალი ცხინვალის“ მშენებლობა აქვს დაგეგმილი, მაგრამ სამშენებლო სამუშაოებისას ისტორიულ–არქეოლოგიური ძეგლები ნადგურდება. ოსი მეცნიერები ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობენ და კოკოითის ხელისუფლებას ზოგიერთი ძეგლის კონსერვაციისკენ მოუწოდებენ, თუმცა მათ არავინ უსმენს. ამჟამად ცხინვალში უკვე განადგურებულია ისტორიული „ებრაელების უბანი“ და დანგრეულია წითელი მონასტერი. ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას არქეოლოგმა რობერტ გაგლოევმა დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსული სამშენებლო კომპანიების საქმიანობას ვანდალიზმი უწოდა და ცხინვალის ისტორიის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარება სთხოვა.

ისტორიული ძეგლები ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზეც ნადგურდება. ძაურიყაუ–ცხინვალის გაზსადენის მშენებლობისას კომპანია „გაზპრომმა“ ისტორიული ძეგლების შენარჩუნების თაობაზე ოსი მეცნიერების თხოვნა არაფრად ჩააგდო. ისტორიკოს ნელი თაბოევას ინფორმაციით, გაზსადენის მშენებლობისას შუა საუკუნეების ციხესიმაგრე და სხვა ისტორიული ძეგლები დაზიანდა.

ძეგლთა ქართველი დამცველები აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვეღარ შედიან. ამიტომ მათთვის უცნობია როგორც ცხინვალის, ასევე ლიახვის ხეობის ისტორიული მემკვიდრეობის ამჟამინდელი მდგომარეობა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალში ამჟამად საქართველოს ისტორიის ნაწილი იკარგება. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნიკა ვაჩეიშვილმა ოსი მეცნიერების შეფასება გაიზიარა და რუსული სამშენებლო კომპანიების საქმიანობას ვანდალიზმი უწოდა. მან გულისტკივილით ისიც აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე რეაგირებას თბილისიდან ვეღარ ახდენენ.

იმ ისტორიულ–კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ცხინვალში აგვისტოს ომს გადაურჩა, ახლა რუსული კომპანიების ტრაქტორები და ბულდოზერები ანადგურებენ.

საქართველოში ძეგლთა დამცველები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რესტავრაციაზე მუშაობენ. სპეციალისტებს ოდნავი დამშვიდების საფუძველს მხოლოდ ის უქმნით, რომ 2004-დან 2006 წლამდე ლიახვის ხეობის ნაკრძალის

ისტორიულ–კულტურული ძეგლების ინვენტარიზაცია ჩატარდა. მათივე განმარტებით, ეს მასალა მომავალში მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი იქნება.
XS
SM
MD
LG