Accessibility links

logo-print

ომბუდსმენის მტკიცებით, საქართველოში დაუსჯელად აწამებენ ადამიანებს


26 ივნისს მსოფლიოს 200-მდე ქვეყანა წამების მსხვერპლთა თანადგომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1987 წლის 26 ივნისს ძალაში შევიდა გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება ადამიანი დაექვემდებაროს წამებას ან დამამცირებელ მოპყრობას. წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას ასევე კრძალავს საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, საქართველოში დღემდე დაუსჯელად აწამებენ ადამიანებს. ირკვევა, რომ ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად.

2003 წლის შემდეგ საქართველომ, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება მწამებელთა დასჯა:

„დღეს ეს წარმატებები პრაქტიკულად დავიდა ნულზე“, - ამბობს სახალხო დამცველი,- „ამას კი ერთი მიზეზი აქვს: დაუსჯელობა! მწამებლები არ ისჯებიან! ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ღირსების შემლახავ მოპყრობებს, არიან პოლიციელები და ისინი არ ისჯებიან. ეს გადაიქცა პრაქტიკულად პოლიციის მუშაობის მეთოდად, რაც შემაშფოთებელია.“

სოზარ სუბარის თქმით, შეშფოთების საფუძველს იძლევა 15 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტიც, რომლის დროსაც პოლიცია სასტიკად გაუსწორდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 დღიან პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის აქტივისტებს დამამცირებლად და სასტიკადაც ეპყრობიან. ინფორმაციის შემოწმების მიზნით, 15 ივნისს დაპატიმრებული აქტივისტები სხვადასხვა დროს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯონდი ბაღათურიამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოინახულეს. დეპუტატებმა თქვეს, რომ არც ერთი დაკავებული ნაწამები არაა, თუმცა იმყოფებიან გაუსაძლის პირობებში, ვერ იღებენ შხაპს და არ აქვთ ჰიგიენის დაცვის საშუალება.

განმარტების მიხედვით, წამება არის გარკვეული მიზნით განხორციელებული ისეთი ქმედება, რომელიც ადამიანს აყენებს მძიმე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტკივილს. წამება მიზნად ისახავს არა მსხვერპლის მოკვლას, არამედ მის მორალურ დაცემას. წამების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა კი იმიტომაცაა საშური, რომ, როგორც წესი, ისინი ვერ ბედავენ ხმის ამოღებას. ლელა ცისკარიშვილი, წამების მსხვერპლთა და რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ საშუალო სტატისტიკური მსხვერპლი გრძნობს დანაშაულსა და სირცხვილს, რაც მის მიერ გადატანილი დამცირებითაა გამოწვეული:

ცენტრ "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი
„ისეთი ზემოქმედება აქვს წამებას ადამიანის ფსიქიკაზე, სხეულზე, რომ იგი თავის თავში იკეტება და ცდილობს თავი აარიდოს გარესამყაროსთან ზედმეტ კონტაქტებს. გვყავს ყოფილი პატიმრები... მეტი წილი მსხვერპლი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდანაა, არადა, ადრე მეტი ნაწამები იყო პოლიციაში.“

ამგვარი ტენდენციის არსებობას ადასტურებს ლევან ლაბაური, სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტიც. მისი თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორში პრაქტიკულად აღარ ხდება წამება. "ერთეული ფაქტები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში", - დასძენს ლაბაური, "მაგრამ წამებასთან ერთად განვიხილავთ სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობასა და დასჯასაც. ამაში შედის არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება, რომელიც სჭირდება და არ ეძლევა, ან დაგვიანებით და დაბალი ხარისხით ეძლევა პატიმარს. ასეთი ფაქტი ძალიან ბევრია.“

ლევან ლაბაურის თქმით, პენიტენციურ სისტემაში, სამედიცინო მომსახურების დაბალი დონის გამო, დღემდე იღუპებიან პატიმრები, რომელთა შორის 20-დან 30-წლამდე ასაკის ახალგაზრდები ჭარბობენ. ოფიციალური მონაცემებით, წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებმა ერთიორად იმატა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, „ემპათიის“, პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე გრძელდება ადამიანთა დევნა-შევიწროება:

„34 ადამიანმა მოგვმართა წელს ამ რეგიონებიდან უმძიმესი წამების ფაქტებით. არაჰუმანურ მოპყრობაზე, მონურ შრომასა და სახლებში შევარდნაზე უკვე აღარ ვსაუბრობ. საკითხს ვაყენებთ ასე: ეს მოსახლეობა არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც მხოლოდ დევნილი. ალბათ პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ამ ადამიანებს აღიარებს როგორც ეთნიკური წმენდისა და სამხედრო დანაშაულის მსხვერპლს.“

თუმცა, ვიდრე სახელმწიფო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ადამიანებს ახალ სტატუსს მიანიჭებს, საჭიროა მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 1 მლნ 700 ათასი ლარი დაიხარჯა დევნილების მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით უტარდებათ ოპერაციები და კვლევები სამინისტროს პროგრამის ფარგლებში.

სულ, სპეციალისტების თქმით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია ოთხი მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს. ლაპარაკია სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და იურიდიულ რეაბილიტაციაზე, თუმცა მსხვერპლთა დიდი ნაწილი, როგორც წესი, ჩრდილში დარჩენას ამჯობინებს და უარს ამბობს იურიდიულ რეაბილიტაციაზე, ანუ მწამებლების მხილებასა და საკუთარი უფლებების დაცვაზე.
XS
SM
MD
LG