Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პოპის მეფე" ცხოვრების სცენას გამოეთხოვა


ამ ლოსანჯელესელმა გოგონამ მაიკლ ჯექსონის ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლები დაანთო
ამ ლოსანჯელესელმა გოგონამ მაიკლ ჯექსონის ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლები დაანთო
შეერთებულ შტატებში შუადღე, საქართველოში კი შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როცა მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო ცნობა: ლოს ანჯელესში, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა მაიკლ ჯექსონი, „პოპის მეფედ“ აღიარებული ამერიკელი მომღერალი. სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ ჯექსონს გული გაუჩერდა. ჯექსონი შოუ-ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ითვლება. დედამიწის ყველა კონტინენტზე გაყიდულია ჯექსონის ასეულობით მილიონი ალბომი.

მაიკლ ჯექსონი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:37 0:00
ივლისის შუა რიცხვებში მაიკლ ჯექსონი, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პირველი საკონცერტო ტურნეს ჩატარებას აპირებდა, რომლის პირველი კონცერტი ლონდონში უნდა გამართულიყო. აი, რას ჰპირდებოდა მაიკლ ჯექსონი თავის ფანებს მარტში: "შევასრულებ სიმღერებს, რომელთა მოსმენაც ჩემს თაყვანისმცემლებს სურთ. და ამით მორჩება ყველაფერი. მართლა მორჩება. ეს იქნება ბოლო... ეს იქნება ფარდის ბოლო დაშვება."

სამი თვის შემდეგ კი, 26 ივნისს, ჟურნალისტთა წინაშე უკვე მისი უფროსი ძმა, ჯერმენ ჯექსონი წარდგა ამ განცხადებით: "ჩემი ძმა, ლეგენდარული "პოპის მეფე" მაიკლ ჯექსონი, გარდაიცვალა ხუთშათს, 2009 წლის 25 ივნისს, ნაშუადღევის ორ საათსა და 26 წუთზე. ვარაუდობენ, რომ მას გული გაუჩერდა საკუთარ სახლში. მაგრამ მისი სიკვდილის მიზეზი დადგენილად ვერ ჩაითვლება, ვიდრე არ მივიღებთ აუტოფსიის შედეგებს."

მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში ეს ცნობა მეხივით გავარდა. ჰარლემში, ნიუ იორკის შავკანიანთა უბანში, მთავარი სალაპარაკო თემა სწორედ მაიკლ ჯექსონის გარდაცვალება იყო.

რადიო თავისუფლების ნიუიორკელი კორესპონდენტი რამდენიმე შემთხვევით გამვლელს გამოელაპარაკა. "ბავშვობიდან მისი ფანი ვარ," უთხრა მას ბეტი ბერნჰარდტმა. "ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა "ჯექსონ ფაივში" მღეროდა. ძალიან მიყვარდა და დღემდე ძალიან მიყვარს. რა შემიძლია, ვთქვა: ღმერთმა აცხონოს! ამაზე მეტი რა უნდა ვუსურვო?.."

ჰარლემის კიდევ ერთმა მცხოვრებმა ლესლი სიმონსმა კი თქვა, როცა ეს ამბავი მეგობარმა შემატყობინა, თავზარი დამეცაო. "მატყუებ-მეთქი, ვუთხარი. შეუძლებელია-მეთქი! ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. თითქოს ახლობელი დამეკარგოს", ამბობს სიმონსი.

თუმცა, ჯექსონის სიკვდილმა მხოლოდ ნიუიორკელებს როდი დაწყვიტა გული. მისი თაყვანისმცემლები მთელს მსოფლიოში გლოვობენ. აი, რა უთხრა რეიტერის კორესპონდენტს მაიკლ ჯექსონის ჩინელმა ფანმა: "ეს უზარმაზარი დანაკლისია არა მარტო მისი ამერიკელი თაყვანისმცემლებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მართალია, მასზე ბევრი უარყოფითი ამბავი ვრცელდებოდა, მაგრამ, თუ ამ კაცს მისი მუსიკითა და ცეკვით შევაფასებთ, ეს ძალიან დიდი დანაკლისია."

ასევე ფიქრობენ ახალგაზრდა თბილისელები, რომლებსაც ჩვენი კორესპონდენტი უნივერსიტეტის ბაღში გამოელაპარაკა: ძალიან დამწყდა გული, მის სიმღერებს სულ ვუსმენო, გვითხრა ერთმა, მეორემ კი დაამატა, რაც სიმღერა დაიწყო, იმ დროიდან მისი გულშემატკივარი ვარო. კიდევ ერთმა გამვლელმა კი ეს თქვა: ჯექსონი ბავშვობიდან კარგად მახსოვს; ძალიან ახალგაზრდა იყო და ახლა, როცა მოკვდა, ვიგრძენი, რომ მეც ნელ-ნელა ვბერდებიო.

პარასკევს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მაიკლ ჯექსონს სრულიად განსაკუთრებულ შემსრულებლად და, ამავე დროს, ტრაგიკული ბედის ადამიანად მიიჩნევდა.
XS
SM
MD
LG