Accessibility links

logo-print
”საქართველოში ე.წ. სახელისუფლებო ბიზნესზე ლაპარაკი ახალი არ არის”, - წერდა ”კვირის პალიტრა” ორშაბათს. გაზეთში ვკითხულობთ, რომ ინფორმაცია, რომელიც ”კვირის პალიტრამ” მოიპოვა, ცესკოს თავმჯდომარის მეუღლის სახელთან დაკავშირებულ კომპანია ”ბი-სი-ჯის” და სახელმწიფოს მიერ მისთვის გადარიცხულ ორ მილიონამდე ლარს ეხება.

”აღსანიშნავია, რომ ”ბი-სი-ჯის” საქმიანობა სატელევიზიო რეიტინგის კვლევებს უკავშირდება, - წერს ”კვირის პალიტრა”. - მოგეხსენებათ, ტელევიზია თუ მაღალრეიტინგულია, ის უფრო მეტ რეკლამას, ე.ი.შემოსავალს, იღებს. რამდენად არსებობს დამოუკიდებელი ელექტრონული მედია საქართველოში და ხელისფლების უჩინარი ხელი ერევა თუ არა მისი რეიტინგის კვლევის საქმეში, თავად განსაჯეთო, - წერს გაზეთი და ვრცელი პუბლიკაციაც სწორედ ამაში გარკვევის მცდელობაა.
ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო ბიზნესის თემას ეხებოდა ორშაბათს ”რეზონანსის” პუბლიკაციაც. გაზეთი წერდა, რომ კახა ბენდუქიძის გუნდის წევრი ზვიად ჭეიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა სამინისტროდან ტყით სარგებლობაზე ლიცენზიების გაცემას კურირებდა, ქართულ-ჩინური კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაინიშნა. ეს კომპანია გაცემული გრძელვადიანი ლიცენზიების 76 %-ს ფლობს და ყველა ლიცენზია სწორედ ჭეიშვილის თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირი დარღვევაა საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა, ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდებაო, - წერს ”რეზონანსი” და დასძენს: ”ის, რომ საქართველოში ტყით სარგებლობაზე გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემაზე საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია და, რაც მთავარია, ყველა დარღვევის კვალი ბენდუქიძემდე მიდის, ახალი ამბავი არ არის.”

მთელი კვირის განმავლობაში პრესაში აქტიურად განიხილებოდა ოპოზიციის ორი ლიდერის შეხვედრა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძესთან.

“არ უარვყოფ, რომ შევხვდი კახა თარგამაძეს, მაგრამ მასთან ოპოზიციის დაფინანსებაზე არ მილაპარაკია, - უთხრა ლევან გჩეჩილაძემ ”ყველა სიახლეს”. - მის გარდა, ევროპაში ყოფნისას შევხვდი არაერთ ბიზნესმენს, რომლებიც დამპირდნენ დახმარებას. ვილაპარაკეთ იმაზე, როგორ უკრძალავს რუსეთის ხელისუფლება რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს ქართული ოპოზიციის დაფინანსებას, რადგან რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ არის დაინტერესებული საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნით”, - მოჰყავს გაზეთს ლევან გაჩეჩილაძის სიტყვები.

”ჯორჯიან თაიმსმა” კი 25 ივნისის ნომერში კახა თარგამაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა. ” ბერლინში ერთად აღმოჩენას რა უნდა? - უთხრა გაზეთს კახა თარგამაძემ. - რას ჰქვია რატომ აღმოვჩნდით, ისინი ჩემი ამხანაგები არიან. რა იყო, დავმალეთ რამე? დავუმალეთ ვინმეს? დაფარული იყო? ბატონმა მიხეილმა ეს არ იცოდა თუ რა მოხდა ეგეთი? ხუთ წელზე მეტი არ მყავდა ხალხი ნანახი. ისინი გერმანიაში მიდიოდნენ, მე გერმანიაში მივდიოდი და შევხვდით. რა იყო, რა მოხდა ისეთი, რომ კაცის კაცთან შეხვედრა რაღაც სასწაულად იქცევა ხოლმე? ” - ანუ ეს შეხვედრა შემთხვევითი იყო? - დააზუსტა კორესპონდენტმა. – ”ახლა რომ გითხრა, ქუჩაში დავინახე და გავეკიდე-მეთქი, დამიჯერებ? შემთხვევითი, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ, უბრალოდ, დაემთხვა, რომ ისინი მიდიოდნენ თავიანთ საქმეზე და, უბრალოდ, იქ გადავიკვეთეთ - შევხვდი იმ ბიჭებს.” გაზეთის კითხვას, რას იტყვით ხელისუფლების განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების დასამხობად რუსეთმა კახა თარგამაძისა და ლევან მამალაძის გააქტიურება გადაწყვიტაო, რესპონდენტი ასე უპასუხებს: ”რას ჩაერთე, გაჩერდი ერთი წუთით, რადიო გადაყლაპე? მოისმინე, რა, რასაც გეტყვი. რასაც აკეთებს ხელისუფლება, ჩემზე კარგად არ იცი? ეს რომ მთლიანი გეგმა იყოს და ვიცოდეთ, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ, არ გვეცოდინებოდა, ამას რა მოჰყვებოდა? არ გვეცოდინებოდა, რომ სურათებს აჩვენებდნენ? ყველა რომ გაგიჟებული და დაავადმყოფებულია იმაზე, რომ სადღაც ქართველი ქართველს შეხვდა და ასეთი გნიასი ატყდა, კარგად ყოფილა თქვენი საქმე, დაღუპულხართ ამ საქართველოში”, - უთხრა ”ჯორჯიან თაიმსს”
კახა თარგამაძემ.

შაბათს ”რეზონანსი” პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ”ოპოზიციონერები ამბობენ, რომ გამოკვეთილი ერთი ლიდერის არარსებობა მათი პლუსია, მე კი მიმაჩნია, რომ ეს მინუსია. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ვერ იგრძნობს მისი შეცვლის საფრთხეს, თუკი ოპოზიციას მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი არ ეყოლება. და მეორე: ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების თანაზომადი ფინანსების გარეშე ოპოზიციას გაუჭირდება კონკურენტული ბრძოლა. ეს საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. საქართველოს მოსახლეობამ და, ასევე, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, ვისთან ექნებათ საქმე იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია შეძლებს თავისი მიზნების განხორციელებას და ხელისუფლების შეცვლას”, - უთხრა გაზეთს შალვა ფიჩხაძემ. მისი თქმით, მიდგომა “მერე გავარკვევთ” - სერიოზული მიდგომა არ არის.

”ახალი თაობა” კი შაბათის ნომერში წერს: ”გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია ისევ სამუცნობიან განტოლებად რჩება. ხელისუფლება, ოპოზიცია და მთელი საქართველო, აგერ უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რა უნდა ალასანიას. ეს გაურკვევლობა მის მიმართ ინტერესს ამძაფრებს და ეს უკანასკნელი ამის ხარჯზე მაღალი რეიტინგის შენარჩუნებას ახერხებს, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას თანაბარი დოზით აღიზიანებს”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”ექსპერტები უკვე კარგა ხანია ამტკიცებენ, რომ ამერიკა ალასანიაზე აკეთებს აქცენტს. ალასანიასთან დაკავშირებით ამერიკას, მართლაც, სერიოზული გეგმები აქვს. ეს ხელისუფლებასაც მშვენივრად მოეხსენება. ამერიკაში ალასანია იმაზე დიდხანს დარჩა, ვიდრე გათვალისწინებული იყო. ამის გამო კი ნაციონალები ძალიან აღელდნენ. ეტყობა, საამისოდ მათ მიზეზი აქვთ. რაც შეეხება ალასანიას, - მოსახლეობას, ხელისუფლებას და ოპოზიციას ძალიან უნდათ იმის გარკვევა, რა აქვს ჩაფიქრებული ალასანიას.”
XS
SM
MD
LG