Accessibility links

logo-print

რას შეცვლის ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა


ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

ორიოდე დღის წინ, სომხეთში სტუმრობისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა გახსნას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც სამი წლის წინ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩაიკეტა. მიხეილ სააკაშვილმა იქვე შენიშნა, რომ საქართველო დაელოდება შვეიცარიის შუამავლობით რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას ანდა, ავტომატურ რეჟიმში, რუსეთთან ერთად გახსნის სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. რას შეცვლის საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა და რატომ არ ჩქარობს რუსეთი საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას?

საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი ლეგალური სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსი“ 2006 წლის ივლისში რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩაიკეტა. ოფიციალურ მიზეზად სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა დასახელდა, თუმცა საზღვრის ჩაკეტვა საეჭვოდ დაემთხვა საქართველოსათვის დაწესებულ სანქციებსა და ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანის აკრძალვას. სამი წლის თავზე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მზადაა დღის განმავლობაში 600-მდე სატრანსპორტო საშუალება გაატაროს.

„ესაა, ალბათ, ყველაზე თანამედროვე გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციის მთელ საზღვარზე. მართლაც, შესანიშნავადაა აღჭურვილი, რაზეც მთელი სამი წლის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდნენ მშენებლები და საპროექტო ”სამის” სპეციალისტები.“ - ეს განცხადება რუსეთის ტელევიზიის ეთერში ანდრეი ბელიანინოვმა, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსმა, თითქმის ორი თვის წინ გააკეთა. იქვე ითქვა ისიც, რომ რუსეთი მზადაა გახსნას საკონტროლო-გამშვები პუნქტი, თუკი საქართველო იქნება თანახმა. ცნობას მყისიერად გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე:
„ერთადერთი წინა პირობა არის ის, რომ მოლაპარაკება უნდა შედგეს შვეიცარიის მხარის თანდასწრებით, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციები არაა გამორიცხული. ყურადღება მინდა შევაჩერო იმაზე, რომ ჩვენზე ადრე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა შეატყობინეს სომხეთს. ალბათ, ეგონათ, რომ რამე ზეწოლა იქნებოდა.”
გრიგოლ ვაშაძემ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის ინიციატივა საქართველოს შესაძლო უარზე იყო გათვლილი და რომ, უარის შემთხვევაში, რუსეთის მედიაში დაიწყებოდა ისტერია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს არც საკუთარი მოქალაქეებისა და არც სომხეთის ინტერესებს. სომხეთის ინტერესებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ განმარტება სთხოვა ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს:

„პირველი, ეს არის კომუნიკაცია სომხეთსა და რუსეთს შორის. სომხეთს უნდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანა რუსეთში, სეზონი კი ახლა იწყება.“
რაც შეეხება რუსეთს, საზღვრის გახსნით ის შეძლებს გიუმრში მდებარე სამხედრო ბაზის შედარებით იაფად შენახვას. ახლა ბაზის მომარაგება ხდება საჰაერო გზით.
მამუკა არეშიძე შიშობს, რომ რუსეთი საზღვრის გახსნით შეეცდება კონტროლის გაძლიერებას სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურაზე მიმაგრებულ დასახლებებში, მათ შორის, პირველ რიგში, ყაზბეგის რაიონში, რომლის მოსახლეობა წლების წინ ისედაც ინტეგრირებული იყო რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში და, რუსეთის მთავრობისავე ნებართვით, უვიზოდ კვეთდა სახელმწიფო საზღვარს:

„გარკვეული სხვა მიდგომებიც აქვს რუსეთს ყაზბეგის რაიონის მიმართ, რაც გასათვალისწინებელია. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოდან რუსეთში გადასული ოსური მოსახლეობის საქართველოში დაბრუნება, რათა მომავალი მოქმედებისათვის გარკვეული პლაცდარმი შექმნას. ლაპარაკია კობის ქვაბულის, ღუბისა და თრუსოს ხეობის ოსობაზე. ამ იდეას, რომ ასე უნდა მოხდეს, არც მალავს ჩრდილოოსური პრესა. განსაკუთრებული ინტენსიურობით თემა, რომ ყაზბეგის რაიონი ეკუთვნის ოსეთს, მუსირებს რუსეთის დუმის დეპუტატის არსენ ფაძაევის კუთვნილ გაზეთში.“ - მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის უპირობო, მოლაპარაკების გარეშე გახსნით საქართველო მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს. საზღვრის გახსნის წინა პირობას ვერც ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ხედავს:
„საქართველოსთვის ამ გზის გახსნა იქნებოდა მომგებიანი ერთადერთ შემთხვევაში, თუ მოიხსნებოდა ის ეკონომიკური ემბარგო, რაც რუსეთს ჰქონდა დაწესებული. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს. როცა ქვეყანასთან არ გაქვს დიმპლომატიური ურთიერთობები, ასეთი ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა ძალიან სერიოზული გათვლა და სიფრთხილე. ასე რომ, საქართველოს ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და ძალიან სერიოზული გარანტიების მიღება ( იქნება ეს სომხეთიდან თუ რუსეთიდან), რათა ამან კიდევ უფრო მეტად არ დაამძიმოს ვითარება“, განუცხადა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG