Accessibility links

logo-print

საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ შეეგუება საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტული სახელმწიფოების გაჩენას


კიბე კორფუს აქილიონის სასახლეში, სადაც ეუთოს მინისტერიალი გაიმართა

კიბე კორფუს აქილიონის სასახლეში, სადაც ეუთოს მინისტერიალი გაიმართა

დღეს დილით, ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები საბერძნეთის კუნძულ კორფუზე შეუდგნენ მსჯელობას კონტინენტის უსაფრთხოების ახალი სისტემის გარშემო. ამ ფორუმს წინ უსწრებდა იქვე, ნატოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა, რუსეთს-საქართველოს აგვიტოს ომის შემდეგ. ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია.

დღევანდელი შეხვედრა გახსნა მასპინძელი ქვეყნის, პრემიერ-მინისტრმა კოსტას კარამანლისმა, რომელიც ეუთოს მორიგე თავმჯდომარეა. მან თქვა, რომ ეუთო არის შეუცვლელი ფორუმი, რომელსაც თავისი ყველა ამოცანა ჯერ არ შეუსრულებია. „ჩვენს წინაშეა მდგარი ამოცანები“, - თქვა კარამანლისმა, – „შეგვახსენებს, რომ ბევრი სამუშაო შეუსრულებელია და გაერთიანებული კონტინენტის ხილვა, რომელიც უნივერსალურ პრინციპებსა და განუყოფელ უსაფრთხოებას დაემყარებოდა (როგორც ამას 1975 წლის ჰელსინკის აქტი და 1990 წლის პარიზის ქარტია ითვალისწინებენ), ევროპაში რეალობად ვერ იქცა. გრძელი გზა განვვლეთ, მაგრამ მიზანს ჯერ ვერ მივაღწიეთ.“

“კორფუს პროცესად” წოდებული შეხვედრა ევროპის უსაფრთხოების სფეროში კონკრეტულ ნაბიჯებს ემსახურება ნდობის აღდგენის მხრივ. მანვე უნდა მოამზადოს მინისტრების შემდგომი შეხვედრა დეკემბერში, ათენში. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დორა ბაკოიანისმა, ათენის შეხვედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ ვენაში საბერძნეთის წარმომადგენელს დაავალა, ეუთოს წევრ ქვეყნებთან კონტაქტის გზით განსაზღვროს გზები, რომელიც ორგანიზაციას სტრუქტურულ დიალოგამდე მიიიყვანს.

ეუთოს პრესმდივანი მარტინ ნესირკი (მარცხნივ), საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი და საგარეო უწყების პრესმდივანი გრიგორის დელავეკურასი კორფუზე გამართული პრესკონფერენციისას
ეუთოს პრესმდივნის, მარტინ ნესირკის თანახმად, კორფუს შეხვედრაზე ევროპაში უსაფრთხოების ახლანდელი მდგომარეობასა და მომავალ გამოწვევებზე იმსჯელეს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის შარშანდელი წინადადებები კატალიზატორი იყო იმ პროცესისა, რომელიც ახლა იწყება და იმპულს სიძენს.
ეუთო თავშეკავებით შეხვდა რუსეთის წინადადებას ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის შეცვლის შესახებ, რაც არსებული ინსტიტუციების გაუქმებას გულისხმობს. მოსკოვის წინადადბით, ახალი ხელშეკრულება უნდა დაიდოს, რომელიც მიანიჭებდა ყველა წევრს ერთნაირ სტატუსს და გამორიცხავდა სამხედრო ალიანსებს. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ არსებული უსაფრთხოების ორგანიზაციები საკმარისად კარგად მუშაობენ, სხვა სიტყვებით, ეს ნატო, ევროკავშირი და ეუთოა. ამ პოზიციას მხარი დუჭირა ხავიერ სოლანამ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა: გულწრფელად რომ ვთქვა, რუსეთის წინადადება არ იყო მსჯელობის ცენტრში, რადგან არ ვიცით, ზუსტად რომელ შემოთავაზებაზე უნდა გვესაუბრაო. მაგრამ, იქვე თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიახ, ევროპის უსაფრთხოების შესახებ რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთო.
კორფუს შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთისა და საქართველოს შესახებაც ილაპარაკეს. შეგახსენებთ, 30 ივნისს ვადა ეწურება საქართველოში ეუთოს სამეთვალყურეო მისიის მანდატს. რუსეთმა ეუთოს ბოლო შეხვედრაზე არ ისურვა ამ მისიისთვის ვადის გაგრძელება. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებდა, რომ კორფუზე ამ საკითხში დადებითი გადაწყვეტილების მიღება მოხერხდებოდა, თუმცა ბაკოიანისი იმასაც ამბოდა, ეს ძალიან ძნელი იქნებაო.

შაბათს კორფუზევე გამართულ ნატო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შევხედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს საკითხში დასავლეთსა და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა აშკარაა. მართალია, ნატო და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განაახლებენ, საქართველოზე მათი მორიგება არ ხდება. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუსეთი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უარყოფას.

ჯეიმს სტაინბერგი
კორფუზე აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი, რომელმაც საბერძნეთს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ის საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობის გასაგრძელებლად მიმართავდა. „ვწუხვართ, რომ მისია დასრულდა და ვერ გამოვნახეთ საყრდენი, რათა ის გაგრძელებულიყო“, აღნიშნა სტაინბერგმა. – „იმედი გვაქვს, რუსი კოლეგები ამას განიხილავენ, როგორც ამ საკითხზე ჩვენი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას და არ დაუშვებენ, რომ კონფლიქტი განუსაზღვრელად გაგრძელდეს.“
ეუთოს ამ შეხვედრაზე, მოკლედ, არ იქნა მიღწეული წინსვლა საქართველოში ამ ორგანიზაციის მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა ამ თემაზე ასე ილაპარაკა: ბევრი ორატორი შეეხო საქართველოს პრობლემას. პრაქტიკული თვალსაზრისით, თქვა მან, იდეა ასეთია: ვიმუშაოთ ამ თემაზე ათენის შეხვედრამდე, რათა ოდნავ მაინც წავიწიოთ წინ. მაგრამ ფაქტი, რომ სერგეი ლავროვი აქ, ჩვენთანაა, დადებითი მომენტია, თქვა ბერნარ კუშნერმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერეგი ლავროვმა კორფუზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგინის აღიარება შეუქცევადია. სტაინბერგმა რუს კოლეგას დაუყოვნებლივ გასცა პასუხი: ვფიქრობ, ძალიან ცხადი იყო მესიჯი, რომ ალიანსის ყველა წევრი მტკიცედ მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივის უნდა ვცეთ, და რომ ჩვენ არ ვაპირებთ, შევურიგდეთ მცდელობას, საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტული სახელმწიფოები გაჩნდნენო, თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. თავად სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც მოტეხილ ახლახან მოტეხილ ხელს იშუშებს, კორფუზე ვერ ჩავიდა.
XS
SM
MD
LG