Accessibility links

ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბერძნეთში ევროპის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს


დღეს დილით ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე დაიწყეს მსჯელობა ევროპის უსაფრთხოების ახალი ჩარჩოს გარშემო. რუსეთის წინადადებას უსაფრთხოების ეგრეთ წოდებული ახალი არქიტექტურის შესახებ, ეუთოს წევრები თავშეკავებით შეხვდნენ. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა კოორდინატიორმა, ხავიერ სოლანამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არაერთი ასპექტი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისა უნდა განვითარდეს ისე, რომ არ შეიცვალოს ძირითადი სტრუქტურა, ან რისკის ქვეშ აღმოჩნდეს სისტემა, რომელმაც ბევრი წლის განმავლობაში სტაბილურობას შეუწყო ხელი. ეუთოს ამ შეხვედრაზე თემა იყო საქართველოში ეუთოს მეთვალყურეთა მისიის მანდატი, რომელსაც ვადა გასდის ივნისის ბოლოს და რომლის გაგრძელება არ ისურვა რუსეთმა. კორფუზე შეხვედრისას ამ მხრივ შემობრუნებას ვერ მიაღწიეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტაინბერგმა საბერძნეთს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ის საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობის გასაგრძელებლად მიმართავდა. „ვწუხვართ, რომ მისია დასრულდა და ვერ გამოვნახეთ საყრდენი, რათა ის გაგრძელებულიყო“, აღნიშნა სტაინბერგმა. – „იმედი გვაქვს, რუსი კოლეგები ამას განიხილავენ, როგორც ამ საკითხზე ჩვენი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას და არ დაუშვებენ, რომ კონფლიქტი განუსაზღვრელად გაგრძელდეს.“
XS
SM
MD
LG