Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ავღანეთის სამხედრო ოპერაციას “დაადგა თვალი ”


ნატოს საგანგებო წარგზავნილი სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში რობერტ სიმონსი (მარცხნივ) და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე
ნატოს საგანგებო წარგზავნილი სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში რობერტ სიმონსი (მარცხნივ) და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე
მიუხედავად საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანას. საქართველოს ხელისუფლება ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში (IAAF) მონაწილეობის მისაღებად 2009 წლის ბოლომდე ერთ სამხედრო ასეულს გაგზავნის. ახლო მომავალში კი ქართული კონტინგენტი მსოფლიოს ყველაზე “ცხელ წერტილში” 500 ჯარისკაცით იქნება წარმოდგენილი. რაზეა გათვლილი ეს თამამი ნაბიჯი - სამხედრო-პოლიტიკურ დივიდენდებზე თუ, უბრალოდ, პიარზე?

ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედ მრავალეროვნულ ოპერაციაში საქართველოს სახელით მონაწილეობა მე-3 ქვეით ბრიგადას ხვდა წილად. ქვედანაყოფი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ქალაქ ქუთაისშია განლაგებულია, 2006-2007 წლებში ერთხელ უკვე მონაწილეობდა, ოღონდ ერაყში მიმდინარე სამხედრო-სამშვიდობო ოპერაციაში. “ბრიგადა მზადაა შეასრულოს ხელისუფლების დავალება, თუმცა ჯერჯერობით მიდის ე.წ. შეფასების პროცესი, რასაც მოგვიანებით უშუალოდ გადასროლის წინა საწვრთნელი შეკრება მოჰყვება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დავით ნარდაიამ.

ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას დაბრკოლება არც საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან შეხვდება. საკანონმდებლო პროცედურა მარტივია.

უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე კონტინგენტის გაგზავნას პარლამენტართა საერთო რაოდენობის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. ეს მხარდაჭერა კი საქართველოს პარლამენტში გარანტირებულია, რადგან ავღანეთში სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნას არათუ საპარლამენტო უმრავლესობა, არამედ საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილიც ემხრობა.

“ეს ხელს შეუწყობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ებთან, კიდევ უფრო დაახლოებას და ასევე, ნაწილობრივ, იმ ვალდებულებებსაც შეასრულებს, რომელიც ჩვენ ნაკისრი გვაქვს აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის თანახმად,” – განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა, პარლამენტარმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

ექსპერტთა ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ქართული ქვედანაყოფის მონაწილეობას სხვა სტრატეგიული განზომილებაც აქვს. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკაცრი კრიტიკოსია, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქართული სამხედრო მისია ავღანეთში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან ავღანეთში ოპერაციას სწორედ ნატოს სარდლობა ხელმძღვანელობს.

“გარდა ამისა, რა თქმა უნდა, თუკი ჩვენ მივილტვით ნატოში ინტეგრაციისკენ, ცხადია, ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული მუშაობა სხვა ქვეყნის სამხედრო უწყებებთან, რაც ასევე გაზრდის ჩვენს პერსპექტივებს ნატოში ინტეგრაციისათვის.”

წლის ბოლოს საქართველოს ასეული ავღანეთში საფრანგეთის ბრიგადის შემადგენლობაში განახორციელებს სამხედრო-სამშვიდობო ოპერაციას, ქართული ბატალიონი კი ამერიკული სამხედრო დაჯგუფების ბაზაზე განლაგდება. ასეთი ძლიერი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად რეალურ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა, სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესაშვილის თქმით, ქართველ ჯარისკაცებს დიდ გამოცდილებას შესძენს:

“სამშვიდობო ოპერაციები არის სწორედ ის საშუალება, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი იმიტირებული საბრძოლო ოპერაციები თუ წვრთნები. ამიტომ, ამ მხრივაც, ჩვენი სამხედროებისათვის ძალიან კარგი გამოცდილება იქნება.“

გამოცდილების გარდა, ქართველი სამხედროები დაეუფლებიან მართვის, ორგანიზებისა და ოპერატიული თავსებადობის მოთხოვნებს, რაც ასევე დააახლოებს ქართულ არმიას ალიანსის სამხედრო სტანდარტებთან, - ამბობს სტრატეგიის საკითხთა ექსპერტი თენგიზ ფხალაძე. თუმცა იგი ყველას ურჩევს თავი შეიკავონ და არ შექმნან ილუზია, თითქოს ავღანეთში ქართული სამხედრო ნაწილის გაგზავნა ავტომატურად გადაწყვეტდეს როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, ისე საქართველო-ნატოს ურთიერთობის ყველა პრობლემას:

“ ჩვენი მონაწილეობა ამ ოპერაციაში, ეს არის ერთი პატარა რგოლი იმ დიდ ჯაჭვში, რასაც ჰქვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თუმცა ამის ზედმეტად შეფასება ან გადაფასება და თქმა იმისა, რომ რაკი ჩვენ ვმონაწილეობთ ამ ოპერაციაში, ამიტომ ხვალ ვიქნებით ნატოში, - ეს, ბუნებრივია, არასწორია.”

საქართველოს ხელისუფლება ამჯერად აჟიოტაჟს აშკარად ერიდება. თუმცა თბილისს უთუოდ ეტყობა მოკავშირეებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი. თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2009 წლის შემოდგომაზე ნატოს მიერ IშAF-ის შემადგენლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული გაიგზავნება. 2010 წელს კი საქართველოს კონტინგენტი ავღანეთში სამჯერ გაიზრდება და ბატალიონის დონეს მიაღწევს. ფაქტობრივად, ავღანეთში სამხედროთა რაოდენობით საქართველო გაისად ნატოს ისეთ წევრებსაც კი გაასწრებს, როგორიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი, სლოვენია, ხორვატია, ალბანეთი და ბალტიის ქვეყნები.
სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა აუხსნას ხალხს, თუ რატომ უნდა გაიგზავნოს 500 სამხედრო პროფესიონალი ავღანეთში, როდესაც თავად საქართველოს უასაფრთხოება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ:

“ნებისმიერი ჯარისკაცი, იმ შემთხვევაში, თუკი აგრესია განხორციელდება, საჭიროა, რომ იყოს თავის ქვეყანაში და საკუთარი ქვეყნის თავდაცვას ემსახურებოდეს. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას ასევე უნდა მოვთხოვოთ, რომ თუკი ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად საფრთხეების არსებობისა, ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, მან უნდა იფიქროს პოლიტიკურ გარანტიებზე, რომ თავდასხმა არ განხორციელდება.”

რამდენად შეიძლება გახდეს ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციაში ქართული ასეულის - გნებავთ, ბატალიონის - გაგზავნა იმის მყარი გარანტია, რომ რუსეთი შემდგომში უარს იტყვის სამხედრო აგრესიაზე? ფაქტია, რომ საქართველო თითქმის 9 წელი მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციაში ბალკანეთზე, 5 წელი ერაყის თავისუფლების ოპერაციაში - შეერთებული შტატებისა და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების გვერდით. თუმცა ფაქტია ისიც, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის გაღებულმა ამ წვლილმა საქართველო ვერ იხსნა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მისი ტერიტორიების ოკუპაციისაგან. ამის საბოლოო გარანტია არც ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაგზავნააო, - ამბობს სტრატეგიის საკითხთა ქართველი ექსპერტი არჩილ გეგეშიძე. თუმცა გეგეშიძე დარწმუნებულია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფრო საგრძნობი დიპლომატიური მხარდაჭერის მოსაპოვებლად:

“საქართველოს სხვა არაფერი გამოსავალი არა აქვს. მაინც უნდა იყოს დასავლეთთან იმ სიახლოვეს, რა სიახლოვეზეც დასავლეთი მიუშვებს. დღეს საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოება მხოლოდ და მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული. და ამიტომ, რომ არ განელდეს და, პირიქით, განმტკიცდეს ეს პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენი მხრიდან წყვეტა არ უნდა იყოს დასავლეთის მიმართ ერთგულების გამოხატვის პროცესში.”

დასავლეთს თავის ერთგულებას საქართველო 1999 წლიდან საქმით უდასტურებს. ჯერ კოსოვოში, შემდეგ ერაყში და, ცოტა ხნით, 2005- 2006 წლებში, ავღანეთში მიმდინარე სამხედრო-სამშვიდობო ოპერაციებში დაახლოებით 10 ათასმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ამ ოპერაციებში 5 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 20-მდე სამხედრომ სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო. ამჟამად საქართველოს სახელით ერთი ქართველი სამხედრო ექიმი მონაწილეობს მსოფლიოს ყველაზე “ცხელ წერტილში”, ავღანეთში, სადაც წლის ბოლოს ქართული სამხედრო ასეულის გაგზავნა იგეგმება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG