Accessibility links

logo-print
29 ივნისის პრესაში ცენტრალური თემა კვლავაც დავით გამყრელიძისა და ლევან გაჩეჩილაძის კახა თარგამაძესთან შეხვედრაა. ქვეყნდება ახალი ინტერვიუები ამ შეხვედრის მონაწილეებთან. მათზეც მოგახსენებთ, მანამდე კი ”ახალი თაობის” ერთ პუბლიკაციაზე, სათაურით - ”თარგამაძე პოლიტიკაში სააკაშვილმა დააბრუნა”. ავტორი კახა თარგამაძის ზურაბ ჟვანიასა და სააკაშვილთან ურთიერთობის არაერთ დეტალს შეახსენებს მკითხველს. ავტორის აზრით, ხელისუფლებას თარგამაძის მიმართ შიში აქვს - ”ვაი და, თარგამაძემ ხმა ამოიღოსო”. ”შეშინებული რეჟიმი ცდილობს ყველა ახალი ბუათი დააშინოს. რუსულ ფულთან უკვე აკავშირებენ გამყრელიძეს, გაჩეჩილაძეს, ბურჯანაძეს, ნათელაშვილს და ა.შ. გააქტიურდება ”ეროვნული ფორუმი”, მასაც რუსეთის აგენტობას დააბრალებენ და ისეთივე ისტერიკას ატეხენ, როგორიც საქართველომ გასულ კვირას იხილა”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი. ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე გასული კვირის შეხვედრის შესახებ ამბობს: ”უნდა შეაფასო, ღირს თუ არა მოსალოდნელი შედეგი, წმინდა ინფორმაციის თვალსაზრისით, ამ უარყოფით შედეგად.”

”მე არაერთხელ გამომიცხადებია, რომ მაქვს სურვილი წავიდე მოსკოვშიც, სოხუმშიც და ცხინვალშიც. ეს მოსკოვის გარეშე არ მოხდება”, - ამბობს ლევან გაჩეჩილაძე ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში და განაგრძობს: ”მარტო გალში რამდენი მძევალი დავტოვეთ, კაცმა არ იცის. ასეა სოხუმშიც. აქედან გამომდინარე, მე მინდა, პირველწყაროდან გავიგო, რას ფიქრობენ, საერთოდ, რუსეთშიც, ცხინვალშიც და სოხუმშიც. თუ გამომივიდა, რა თქმა უნდა, წავალ სოხუმშიც და ცხინვალშიც. ამაზე ვმუშაობ სერიოზულად და თუ მოხერხდა სოხუმში ჩემი წასვლა, ამის შესახებ წინასწარ ვეტყვი საზოგადოებას. სხვათა შორის, ეს კახა თარგამაძესაც ვთხოვე, თუ აქვს მას ძველი ურთიერთობები შემორჩენილი”, - ამბობს ლევან გაჩეჩილაძე და დასძენს, რომ კახა თარგამაძეს ამის პასუხად უთქვამს, ვნახავო. ”მაგრამ მე გავაგრძელებ ამასთან დაკავშირებით მუშაობას”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე. ”მთელ კვირაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრ, ახალ მემარჯვენე მანანა ნაჭყებიასთან, რომლის თქმითაც, დავით გამყრელიძეს კახა თარგამაძესთან შეხვედრის შესახებ ჯერ ყველაფერი არ უთქვამს.

დავით გამყრელიძემ ”ასავალ-დასავალს” მისცა ინტერვიუ: ”ვარწმუნებ ვანო მერაბიშვილს, რომ, სააკაშვილისგან განსხვავებით, ვერასდროს მოახერხებს ჩვენს გადაღებას ქურდებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებთან და რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან საუბრის დროს. სააკაშვილს კი სწორედ ასეთი ტიპის ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა, როცა ის ოპოზიციაში იყო. იგი ხშირად ხვდებოდა შაქრო კალაშოვს, ტარიელ ონიანს, იგორ გიორგაძისგანაც იღებდა საჩუქრებს დაჯავშნილი მანქანების სახით”, - ამბობს გამყრელიძე.

”ასავალ-დასავალი” არ არის ერთადერთი გაზეთი, რომელიც დღეს კახა თარგამაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ”მე არავის ვუპირისპირდები. ყველა მე მიპირისპირდება. მინისტრი რომ გახდა, დამიპირისპირდა, მაგრამ გაიხსენე 2000 წელი, როცა პარლამენტში სრიალ-სრიალით გავიყვანე ”მოქალაქეთა კავშირი” და მათ შორის, სააკაშვილი. მაშინ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემთან? მოიძიეთ არქივი, ნახეთ მისი განცხადება!” - ამბობს კახა თარგამაძე სააკაშვილზე. იგივე რესპონდენტი ”კვირის ქრონიკაში”: ”მე უამრავ ინფორმაციას ვფლობ. ბევრი რამე ვთქვი და ბევრ რამეს აწი ვიტყვი. უბრალოდ, იცით, რა არის? - დღეს საქართველოში ისეთ სისულელეებზე მიდის ლაპარაკი, მეცინება, რა...”. ამავე ინტერვიუში ის ლევან გაჩეჩილაძის მიმართ არსებულ საფრთხეზეც ლაპარაკობს.

”ვერსიის” კორესპონდენტთან საუბრისას ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნესტან კირთაძე, კახა თარგამაძესთან მისი გადადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ შემდგარ შეხვედრას იხსენებს: ”არ სურდა ამ ხელისუფლების ამ გზით მოსვლა, მაგრამ საფრთხე თავიდან ვერ ავიცილეთ. ქართველმა ხალხმა ხბოს აღტაცებით მიიღო ახალგაზრდა ექსტრემისტი პოლიტიკოსების ავანტიურა, რამაც კატასტროფამდე მიგვიყვანა”, - ამბობს კირთაძე.

”ვერსია” ეკითხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოკა გაბაშვილს: ”ამ ფონზე ვითარების განსამუხტად ხელისუფლება ოპოზიციას რას შესთავაზებს?”- გაბაშვილის პასუხი: ”ისევ იგივეს, რასაც აქამდე ვთავაზობდით. თუ სურთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მობრძანდნენ და დიალოგი ვაწარმოოთ. მაგრამ, თუ თქვენ გინდათ ამტკიცოთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო და რუსეთს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ განუხორციელებია... მაშინ ეგებ მოველაპარაკოთ და აფხაზეთი ვაღიაროთ, კახა თარგამაძე კარგი ბიჭია და ისევ ”ტეხასმოტრები” დავაბრუნოთ და ისევ უშუქობაში ვიშოვოთ ფული... ამაზე დიალოგს არ გავმართავთ.”

დღევანდელ პრესაში ერთ-ერთი თემა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეც არის. პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”რუსეთი უარგუმენტოდ ომს არ დაიწყებს და ამიტომ, ომის განახლების პერსპექტივის თვალსაზრისით, შიდა პროცესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ობამა აქტიურ პოზიციას დაიკავებს საქართველოს მიმართ. ამ თემის შემოტრიალებამ, შესაძლოა, ამერიკას ბუშის მმართველობის დროს დაკარგული პოზიციები განუმტკიცოს არა მარტო რეგიონში, არამედ გლობალურად”, - ამბობს ბარნოვი.

”24 საათი” ”კავკასია-2009”-ის დაწყებას ეხმაურება და წერს: ”რუსულ სამხედრო მანევრებს საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა მალაშხია ეხმიანება. ”რუსეთი ახდენს ძალის დემონსტრირებას და ფიქრობს,მ რომ ეს გარკვეულ შიშს გამოიწვევს, მაგრამ ამას მოჰყვება არა შიში, არამედ სათანადო რეაგირება”, - აცხადებს მალაშხია, რომლის სიტყვები ”24 საათს” მოჰყავს.
XS
SM
MD
LG