Accessibility links

ზღვის წყლის ხარისხი განსაკუთრებულ ინტერესს ბათუმში იწვევს


ბათუმში ზღვის წყლის ლაბორატორიული ანალიზი დღეს აღარ კეთდება. გასულ წლებში ამ საქმიანობით სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის სპეციალისტები იყვნენ დაკავებულნი. არადა, ზღვის წყლის მდგომარეობა ბათუმში ჩამოსული დამსვენებლების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, ზღვის წყალი არცთუ სუფთაა და იმის გამო, რომ დასასვენებლად ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა, რაიმე ინფექციის თავიდან ასაცილებლად ინფორმაციის მიღება სურს. დეტალურ ინფორმაციას დაინტერესებული ადამიანი ვერც გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში არსებულ შავი ზღვის მონიტორინგის ცენტრში შეძლებს. სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი კომახიძის ინფორმაციით, მათი სამსახური მხოლოდ ზღვის წყლის ქიმიური ანალიზითაა დაკავებული. დაკვირვებებზე დაყრდნობით, კომახიძე ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შავ ზღვაში წყლის ხარისხი გაუმჯობესდა.

ლაბორატორიის თანამშრომლებმა პირადი საუბრისას მითხრეს, რომ ზღვის წყლის დაბინძურების მიზეზი მასში ჩამავალი კანალიზაცია და მოსახლეობის გულგრილი დამოკიდებულებაა.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, შავ ზღვაში მხოლოდ ბათუმიდან დღე-ღამეში 130-150 ათასი კუბური მეტრი საკანალიზაციო წყალი ჩაედინება. ეკოლოგების განმარტებით, ზღვისპირა ქალაქების დიდ ნაწილში კანალიზაციის სისტემა ზღვას უერთდება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მანამდე დაბინძურებული საკანალიზაციო წყალი რამდენიმე ეტაპად იწმინდება.

გამწმენდი ნაგებობა, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში დაბა ადლიაში აშენდა, ამჟამად ფუნქციის გარეშეა. ბათუმის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თემურ ყურაშვილი ირწმუნება, რომ ამ სამსახურის აღდგენის შესაძლებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ ჰქონდა. მისივე განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, საკანალიზაციო სისტემაა მოსაწესრიგებელი, თუმცა გასული 5 წლის განმავლობაში მილიონობით ლარი სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, მედეას ქანდაკების ან ყინულის სასახლისთვის დაიხარჯა. თემურ ყურაშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ამ სისტემის აღდგენა გერმანული პროექტით უკვე დაიწყო, თუმცა დასძენს, რომ თუნდაც ადლიის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია მანამდეც შეიძლებოდა. თავის მხრივ, ბათუმის მერია აცხადებს, რომ ზღვის გამწმენდი ნაგებობის მონტაჟს 2011 წლისთვის აპირებს და საამისოდ ინვესტიცია უკვე მოიზიდა.
XS
SM
MD
LG