Accessibility links

logo-print

რატომ შეაჩერა ტელეკომპანია "თრიალეთმა" საინფორმაციო პროგრამა?


მეორე კვირაა, ტელეკომპანია „თრიალეთი“ საინფორმაციო გადაცემის გარეშე მაუწყებლობს. როგორც არხის ხელმძღვანელობა განმარტავს, ფინანსური პრობლემების გამო, საინფორმაციო პროგრამა „ანარეკლის“ მომზადება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა სრული შემადგენლობა ე.წ. ფასიან შვებულებაშია. ამავე მიზეზით, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურმა წელს მუშაობა რამდენჯერმე შეწყვიტა. მისი უფროსის ნინო ჩიბჩიურის განცხადებით, გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარეკლამო შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც ტელეკომპანია „თრიალეთი“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საინფორმაციო პროგრამის შეჩერებამ ადგილობრივ ოპოზიციში გარკვეული ეჭვი წარმოშვა. გორში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით რაზმაძე ფიქრობს, რომ მათი მომხრეების, ზაალ გუდაძისა და თამაზ ტლაშაძის, წინასწარ დაგეგმილ დაკავებამდე ერთი დღით ადრე არხმა „ანარეკლის“ მომზადება ხელისუფლების ზემოქმედებით შეწყვიტა, რათა ტელეკომპანიას ოპოზიციის საპროტესტო აქციები არ გაეშუქებინა. ოპოზიციის ეჭვს ის ფაქტი აძლიერებს, რომ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი და მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეა.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჩიბჩიური. ის ამბობს, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის საქმიანობაში არ ერევა და საინფორმაციო პროგრამის შეჩერების მიზეზი მხოლოდ ფინანსური პრობლემებია.

ოპოზიცია, მათი მომხრეების გათავისუფლების მოთხოვნით, გორში ყოველდღიურ მდუმარე აქციებს მართავს. ამ ხნის განმავლობაში აქციების მიმართ ინტერესი არც ერთ ნაციონალურ ტელემაუწყებელს არ გამოუჩენია.

აგვისტოს ომის შემდეგ რეგიონში ფინანსური პრობლემები ყველა მედიასაშუალებას შეექმნა. ამის გამო ადგილობრივ გაზეთებს ხშირად გამოცემის პერიოდულობა ერღვევა. ადგილობრივი მასმედია დახმარებისთვის საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მიმართავს, რადგან გადარჩენა მიზნობრივი გრანტების მოპოვებაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG