Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში არჩევნებში მიცემული ხმების ნაწილის ხელახალი დათვლა მიმდინარეობს


ამერიკელი ირანელები ლოს ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციის დროს
ამერიკელი ირანელები ლოს ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციის დროს
გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანის გუშაგთა საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების ნაწილის ხელახალი დათვლა დაიწყო - მიუხედავად იმისა, რომ საბჭო 12 ივნისის არჩევნებს ყველაზე "ჯანსაღს" უწოდებს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. როგორც ცნობილია, არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი - რასაც თეირანის ქუჩებში დიდი მღელვარება მოჰყვა. ხელახალი დათვლის შედეგები 24 საათის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი. პარალელურად, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ დააპატიმრეს აჰმადინეჟადის მთავარი ოპონენტი, მირ ჰუსეინ მუსავი.

ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ირანის გუშაგთა საბჭო ხელახლა დაითვლის ინტენსიური უთანხმოების საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნებისას მიცემული ხმების ათ პროცენტს. ამავე წყაროს თანახმად, 12 წევრისგან შემდგარი საბჭო ხელახლა დასათვლელ ხმებს შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს.

უკვე ორ კვირაზე მეტია, ქუჩებში მიმდინარეობს შეტაკებები, რომლებსაც ზოგჯერ მსხვერპლი მოაქვს. ასიათასობით ირანელმა გააპროტესტა არჩევნების შედეგი, რომლის თანახმადაც მოქმედმა პრეზიდენტმა, კონსერვატორმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრას თან ახლდა მნიშვნელოვანი დარღვევები, და ხელახალი არჩევნების გამართვას მოითხოვს.

დემონსტრაციების მასშტაბი საგრძნობლად შემცირდა ბოლო დღეებში - მას შემდეგ, რაც ირანის უშიშროების ძალებმა მოუხშირეს აქციების დარბევას, ოპონენტების დაპატიმრებას და რეიდებს დემონსტრაციების მონაწილეების სახლებში.

მაგრამ გავრცელებული ცნობების თანახმად, 28 ივნისის ოფიციალურად ნებადართულ საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო რეფორმატორი კანდიდატის, მირ ჰოსეინ მუსავის ათასობით მხარდამჭერმა. ისინი მუსავის, და კიდევ ერთი რეფორმატორი კანდიდატის - მეჰდი ქარუბის - მხარდამჭერ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ.

გავრცელდა ვიდეოფირი, რომელზეც ათასობით მხარდამჭერის წინაშე მუსავის გამოსვლაა ასახული. თუმცა, ჩანაწერის ხარისხის გამო, გამოსვლის ტექსტი ფირზე არ ისმის. ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ითქვა, რომ მუსავი დააპატიმრეს, ან შინა პატიმრობა დაუწესეს - მაგრამ ამ ცნობების დადასტურება ვერ ხერხდება.

გუშაგთა საბჭოს მიერ ხმების ხელახალ დათვლას ბევრი უბრალო ფორმალობად აღიქვამს, იმიტომ რომ საბჭომ წინასწარ გამორიცხა შედეგში რაიმე მნიშვნელოვანი შესწორების შეტანის შესაძლებლობა. ამ არჩევნებს საბჭომ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე "ჯანსაღი" უწოდა. ამგვარი შეფასებით საბჭო ერთგვარად გამოეხმაურა უზენაეს სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, რომელმაც, საარჩევნო უბნების დახურვიდან სულ რამდენიმე საათში, გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოაცხადა.

უცხოელი ჟურნალისტები ირანიდან ოფიციალურად გააძევეს, ადგილობრივ მედიაზე კი მძლავრი ზეწოლა ხორციელდება. ამის შედეგად ძალიან გართულდა ინფორმაციის მიღება არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე. მთავარ წყაროდ რჩება ირანელების მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებული სურათები თუ ვიდეომასალა, რომლებსაც ისინი ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებენ.

საპროტესტო აქციების მასშტაბების კლების ფონზე, სულ უფრო ხშირდება კრიტიკა ავტორეტეტიანი პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მხრიდან. ერთ-ერთი პირი, რომელიც მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა, ყოფილი პრეზიდენტი, ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანია.

რაფსანჯანი, რომელიც 12 ივნისის აღჩევნებში მუსავის უჭერდა მხარს, გუშაგთა საბჭოს წევრებს მოუწოდებს, დაიცვან სამართალი და იმოქმედონ კანდიდატებთან თანამშრომლობის გზით, რათა ყველა საჩივარს გაეცეს პასუხი.

პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ჰასან ყაშყავის განცხადებით, თეირანში გაათავისუფლეს ბრიტანეთის საელჩოს ხუთი ადგილობრივი თანამშრომელი. დანარჩენი ოთხი ჯერაც დაკავებულია.

ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლები ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციებში წვლილის შეტანის ბრალდებით დააკავეს. ლონდონი ბრალდებას უარყოფს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG