Accessibility links

logo-print

ხელისუფლება პატიმრების შრომის ანაზღაურების ახალი ინიციატივით გამოდის


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პატიმრების შრომის ანაზღაურების ახალი ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების პროექტის თანახმად, პატიმრების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამომუშავებული თანხა ჩვეულებრივად მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება. აქამდე პატიმრებს სხვადასხვა გადასახადების გადახდა უწევდათ. მათ შორის იყო საპატიმრო დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებისთვის დაწესებული მოსაკრებელიც.

ორიოდე დღეში ქალთა მეხუთე კოლონიაში სამკერვალო საამქრო ამოქმედდება. იქ 50–მდე პატიმარს საშუალება ექნება იმუშაოს და შესაბამისი გასამრჯელოც მიიღოს. საამქროში კიდევ 50 პატიმარს ახალ ხელობას შეასწავლიან. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ მსგავსი საწარმოები კიდევ გაიხსნება და პატიმრები შრომის შესაბამისი თანხის გამომუშავებას შეძლებენ.

„ეს არის კერძო ბიზნესი. ჩვენი ხელშეწყობით ხსნიან ამ საამქროებს. პატიმრები გამომუშავებულ თანხას სურვილისამებრ დახარჯავენ ან თავიანთ ოჯახებს დაეხმარებიან“, – აღნიშნა შაშკინმა.

ეს შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს. კანონპროექტის მიხედვით, პატიმრების მიერ გამომუშავებული თანხა, ჩვეულებრივად, მხოლოდ 20 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უკვე წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს და ის კენჭისყრაზე უახლოეს მომავალში დადგება.

პატიმრების შემოსავლების დაბეგვრის ახალი ინიციატივა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გამოაქვეყნეს.

დღემდე არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ რა მოცულობის შემოსავალს იღებდნენ პატიმრები და რა თანხა შედიოდა სახელმწიფო ბიუჯეტში მათ მიერ გადახდილი გადასახადებით. მათ შორის იყო საპატიმრო დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებისთვის დაწესებული მოსაკრებელიც. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პატიმართა შრომის მიზანი არ უნდა იყოს ციხის პირობების გაუმჯობესება. პატიმრების შემოსავლის მიზანი მათი საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნება უნდა იყოსო, აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ივლისის თვეშივე ამოქმედდეს, რათა ქალთა მეხუთე კოლონიის პატიმრებმა პირველი ხელფასი ძველი გადასახადებისგან გათავისუფლებული მიიღონ.
XS
SM
MD
LG