Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ ფინანსისტ ბერნი მედოფს ხანგრძლივი პატიმრობა ელის


ბერნარდ მედოფი
ბერნარდ მედოფი
დღეს ნიუ-იორკში 150-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საფინანსო თაღლითს, ამერიკელ ფინანსისტ ბერნარდ მედოფს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსისტის, 71 წლის მედოფის, საქმეს ნახევარ წელიწადს იძიებდნენ. მედოფმა უარი თქვა გამომძიებელთან ეთანამშრომლა და თავის მიერ შექმნილი მრავალმილიარდიანი საფინანსო პირამიდის არსში გაერკვია. იურისტები ფიქრობენ, რომ მედოფი ყველაფერში ვერ გამოტეხეს და არაერთი დანაშაული დაიმალა. მართლა ძნელი დასაჯერებელია, რომ მან, მარტომ, როგორც თვითონ ამტკიცებს, შეძლო გაეცურებინა ინვესტორები მთელ მსოფლიოში.

გამომძიებლების მტკიცებით, 170-მა მილიარდმა დოლარმა გაიარა მისი ფირმის ანგარიშებზე. მედოფის ფირმის თაღლითობა წლების განმავლობაში ვერ შენიშნეს, რადგან პირამიდა ერთობ ჭკვიანურად იყო აწყობილი და ინვესტორებს მაღალ მოგებას ჰპირდებოდა და უხდიდა კიდეც. როცა საფინანსო ბაზრებზე აღმა-დაღმა სვლა იყო, მედოფის ფირმას სარეკორდო მოგება ჰქონდა ხოლმე. იმან, რომ აშშ-ში საფინანსო ბაზრების ზედამხედველობა არ ხორციელდება, ასევე შეუწყო ხელი მას საქმიანობა გაეგრძელებინა.საქმეში გადის ასევე ბუხჰალტერი,რომელიც მას ანგარიშების ყალბად წარმართვაში ეხმარებოდა. სხვა მის გვერდით არავინ არის შემჩნეული, როგორც თანამოსაქმე. ამისა არავის სჯერა. ურწმუნოთა რიცხვშია 30 წლის ექსპერტი, უოლ სტრიტზე მოქმედი საკონსულტაციო ფირმის, “აი-ტის”, მრჩეველი, დიპარ კანბანი: “არა მგონია, რომ მარტო მედოფი იყოს პასუხისმგებელი მთელი ამ თაღლითობისთვის, რადგან ერთი ადამიანი ვერ მოახერხებდა ასეთ დიდ სიყალბეს. მე ვფიქრობ, მხოლოდ ის არ უნდა დაისაჯოს მკაცრად. სხვა პირებიც უნდა გამოჩნდნენ, რომლებიც ამ საქმეში არიან გარეული.”

მაიკლ სოლანო 25 წლისაა. ის ასევე უოლ სტრიტზე მუშაობს, სადაზღვევო ფირმაში. სოლანო ნაწილობრივ დამნაშავედ მთავრობასაც მიიჩნევს, რომელმაც ვერ მოახერხა საფინანსო მრეწველობის ზოგერთი ასპექტის რეგულირება. მედოფი, სოლანოს აზრით, მთავარი პირია ამ თამაშში, მაგრამ ძნელი დასაჯერებელი, რომ მარტო მოქმედებდა: “ჩემი აზრით, არიან პატარა ფიგურები, რომლებიც არ დაუპატიმრებიათ და რომლებმაც გაგვიყვანეს მედოფზე. მაგრამ მედოფი ბინების გამო შექმნილ საფინანსო კრიზისთანაა დაკავშირებული.”

ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, მხოლოდ საფინანსო კრიზისმა გამოავლინა მედოფის პირამიდა. როცა კრიზისი დაიწყო და ბაზრებზე უცბად შემცირდა ფულის რაოდენობა და ეს მედოფის ფონდსაც შეეტყო, სწორედ ამან გამოამზეურა მისი პირამიდა. კრიზისი რომ არა, კიდევ დიდხანს დარჩებოდა ის შეუმჩნეველი. ალბანეთში დაბადებული, 30 წლის აუგუსტინო ნერა, უოლ სტრიტზე დიდი საფინანსო ფირმის ანალიტიკოსია. ის ადამიანური ბუნების ერთი ფაქტორითაც ხსნის ბერნი მედოფის შემთხვევას. მისი აზრით, როცა ადამიანი ხედავს შესაძლებლობას მიიღოს ფული, უარის თქმა უძნელდება, რადგან სიხარბე სძლევს: “მისი კლიენტებიც არიან დამნაშავე, რადგან მათ უნდა მოეკითხათ, საიდან იღებდა მედოფი ამდენ ფულს. ის მათ დივიდენდებს უხდიდა და საიდან მოდიოდა ფული, არ ეკითხებოდნენ.”

მედოფი ერთ დროს ნაზდაკის სააქციო ფონდის ხელმძღვანელი იყო და საკმაოდ კარგი რეპუტაცია ჰქონდა უოლ სტრიტზე. ახლა კი ბევრისთვის მოხდა კატასტროფა. მის კლიენტებს შორის არიან ჰოლივუდელი ცნობილი ადამიანები, ბანკები, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციები და, უბრალოდ, ოჯახები, რომლებსაც ერთ დღეში დაეკარგად დანაზოგი. მედოფის პირამიდის გამოვლენის შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მთავრობამ გარკვეული ზედამხედველობა უნდა დაუწესოს ასეთ ფირმებს, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

ცხოვრების დარჩენილ წლებს ბერნი მედოფი ციხეში გაატარებს. მას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 170 მილიარდ დოლარს დაუკავებენ. მის მეუღლეს, რუთს, ასევე ჩამოაწერენ ფულს, 85 მილიონს, და "მხოლოდ" ორ-ნახევარ მილიონს დაუტოვებენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG