Accessibility links

logo-print
14 ივნისი, კვირა
გუშინ ჩემს სიდედრთან, ლია მიქელაძესთან ერთად წავედი ბურიანში, სადაც არის ჩვენი ოჯახის მოკრძალებული აგარაკი. როგორც წესი, “ბურიანჩიკის” სეზონი იხსნება აპრილის თვეში. დაახლოებით ერთი ან ორი თვის განმავლობაში, უქმე დღეებში მიმდინარეობს ბაღისა და სახლის მოწესრიგება. როგორც წესი, ჩვენი პატარა აუზის “გადასაფარებელი” მხვდება ჩამოშლილი და მიწევს მისი შეკეთება. აუზის შეღებვა არის კიდევ ერთი აუცილებელი პროცედურა, რომელსაც ყოველ წელს ვიმეორებთ. აგარაკი არის ოჯახის წევრივით, რომელიც ყურადღებას და “ინვესტიციას” საჭიროებს და ეს ყოველივე - ერთი თვის სულიერი და ფიზიკური სიმშვიდისთვის.
გაგანია მუშაობაში ვიყავი, როდესაც მომადგა ჩვენი აგარაკების დარაჯი – მურადი. ერთი ახალგაზრდა ბიჭის მზარეულად მომზადება მთხოვა. ბიჭი მაინცდამაინც მონდომებული არ ჩანს. ავუხსენი, რომ მზარეულის პროფესია ძალზე რთულია და ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული. მოვილაპარაკეთ, რომ კარგად დაფიქრდებოდა და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შეეცდებოდა ჩვენ კოლეჯში ჩაბარებას (სასწავლებელ “იკაროსში” ვამზადებთ სპეციალისტებს ტურიზმის სფეროსთვის, მზარეულების ჩათვლით). სტუმრებს დავემშვიდობე და ფანჩატურის შეღებვას შევუდექი.
მე და ლიამ ვინადიმეთ, დავალაგეთ სახლი და გავემგზავრეთ თბილისში. გზა საშინლად გაფუჭებულია გაუთავებელი წვიმებისგან. კიდევ კარგი მყავს “ფაქიზო” – 16 წლის ჯიპი, რომელიც საფუძვლიანად შესაკეთებელია. იმედია ამ დღეებში მივხედავ “ფაქიზოს”.
მეუღლე – ნინი მიქელაძე - სახლში დამხვდა, თანაც მომზადებული სადილით! ბურიანში წამოსვლა ვერ მოახერხა, რადგან სამსახურში გამოცხადება მოუწია. ნინიკო მსოფლიო ბანკში მუშაობს და ორშაბათიდან აუდიტს ელოდება!!!
გზაში ერთი სული მქონდა ტახტზე წამოვწოლილიყავი და ტელევიზორი ჩამერთო. სურვილი ავისრულე, მაგრამ ცოტა ხნით - ხვალ ლექციები მეწყება და უნდა მოვემზადო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გავიარეთ ”თევზეული და ზღვის ნობათი”. ხვალიდან ვიწყებთ მაკარონის ნაწარმს - “პასტას”, ბურღულეულს და პარკოსნებს. ვცდილობ საინტერესო რეცეპტები მოვიძიო.
მოვამზადე ხვალინდელი სასწავლო გეგმა. შემდეგ დავურეკე ჩემს შვილიშვილს – ზუკას, მაგრამ ვერ დაველაპარაკე, რადგან მეგობრებთან ერთად ეზოში იყო გასული. 9 ივნისს 13 წელი შეუსრულდა, უკვე დიდი ბიჭია და საჭიროა მის მომავალზე ფიქრი.
დღის ბოლოს დავამუშავე ლოკოკინები, რომლებიც უხვად შევაგროვე ბურიანში. ხვალ მეხუთე ჯგუფის სტუდენტებს უნდა ვასწავლო “ლოკოკინები ბურგუნდიულად” - ღვინოში მომზადება.
ძილისპირულის დროც დადგა...

15 ივნისი, ორშაბათი
დილის შვიდის ნახევარზე ავდექი. ამ ბოლო დროს ადრე მეღვიძება, რაც საშუალებას მაძლევს ერთი ან ორი საათი ინტერნეტში “საქექად” გამოვიყენო.
ერთი ჭიქა ყავა, ორი კვერცხი და სიგარეტი წარმოადგენს ჩემს ტრადიციულ საუზმეს. მეუღლემაც ადრე გაიღვიძა. 9 საათზე ჩავსხედით მანქანაში და სამსახურებში გავეშურეთ. ჯერ მივიყვანე ნინიკო ვაკეში, შემდეგ კი მე მივდივარ კოლეჯში, გელოვანის გამზირზე.
სამზარეულოში მხვდება ქალბატონი დოდო – ჩვენი ასისტენტი, რომელიც აღრიცხავს და გასცემს პროდუქტებს სასწავლო პროცესისთვის. პრაკტიკული ლექციის წინ ყავის მეორე ჭიქა დავლიე. დღეს მაქვს ლექცია მე-5 ჯგუფთან. მომმარაგებელი პროდუქტების შემოტანას აგვიანებს, ამიტომ გვიწევს დავკმაყოფილდეთ “ნაშთებით” - სიტყვა ნარჩენი არ იქნება მართებული ჩვენს შემთხვევაში - გაჭირვება მანახეო...
ძალზე საინტერესო კერძი გამოგვივიდა, სრული ექსპრომტი. მოხარშული კარტოფილი, თევზის, ყველის და ნაღების სატენით, გამომცხვარი და გრატინირებული ღუმელში. ბავშვებს ძალიან მოეწონათ და ჩამაცივდნენ:
- მას, რა დავარქვათ ამ კერძს?
- თქვენთვის მომინდვია, ვუპასუხე მე და კულინარული ექსპრომტი დარჩა “უსახელაური”.
ჩემმა კოლეგამ, მარკო კორინტიომ, საზაფხულო მოკლემკლავიანი მზარეულის კიტელი მაჩუქა, რამაც ძალიან გამახარა, რადგან სამზარეულოში ძალიან ცხელა. ლექციების მერე “გუდვილში“ გავეშურე ოჯახისთვის სურსათ-სანოვაგის შესაძენად. დიდი არაფერი: რძე, ხაჭო და არაჟანი. გზაში მივხვდი, რატომ გავიმრუდე გზა: “გუდვილის” კაფეში არაჩვეულებრივ ესპრესოს ამზადებენ. ტყუილად არ წავსულვარ. იქ შემხვდა ნანა გველებიანი, გუდაურში სასტუმრო “თრუსოს” თანამფლობელი, ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მამაკაცებისათვის შესაშური თავდადებით და დიდი შრომისუნარიანობით შექმნა ეს ბიზნესი.
დავბრუნდი სახლში, ვისადილე, ან უფრო ვივახშმე და შევუდექი ხვალინდელი ლექციების მომზადებას. ხვალ მძიმე დღე მელის, 10-საათიანი პრაქტიკული მეცადინეობა მაქვს.
საღამოს თავის მოწესრიგების თემა ნაკლებად საინტერესოა. ხვალამდე!

16 ივნისი, სამშაბათი
დღეს ლექციები 10 საათზე მეწყება. პრაქტიკული გაკვეთილი მაქვს მე-6 ჯგუფთან. ძალიან კარგი სტუდენტები არიან. მოვამზადეთ “კანელონი” ისპანახით და ყველით, სპაგეტი ბოლონიურად და სოკოს ჟულიენი. მშვენიერი გამოვიდა. ჩემი “ფაქიზო” შესაკეთებლად გავატანე ახლობელს - გარიკას. “პერედოკის ართრიტი” უმკურნალეს და დატენეს უკანა ამორტიზატორები. “ფაქიზო” კარგად გრძნობს თავს და მეც მოვისვენე. არ მიყვარს, როცა მანქანას “უცხო ხმები” აქვს.
მარკო სახლში დავტოვე და იქვე, “ვერე სტეიკ ჰაუზში” გავიარე. დავხედე სამზარეულოს და მოვიკითხე ახალი მენიუს ბედი, რომელიც წინა კვირას დავამუშავე. მენიუში შევიტანეთ რამდენიმე ახალი კერძი, მათ შორის “კრევეტ ბენიე”, კრევეტები ტემპურაში.
დამირეკა ზურაბ მირზაშვილმა, “თელავის მარნის” ერთ-ერთმა მესვეურმა. ამ კვირას უნდა მოვამზადოთ რამდენიმე ახალი კერძი, რომელიც შეესაბამება ამა თუ იმ ღვინოს. რეცეპტები შევა ბუკლეტში. ამ საქმეს ვაკეთებ მარკოსთან ერთად. მოვიფიქრეთ ერთი სოუსი, რომელიც შედგება ნიგვზისგან, პომიდვრისგან და ნივრისგან. ძალიან უხდება ქათამს.
დავბრუნდი სახლში. მერსედესი - ჩემი ქალიშვილი - შინ დამხვდა. ნინიკო იგვიანებს. დავწექი ტელევიზორთან და ჩამეძინა. ნინიკოს მოსვლამ გამაღვიძა. ძილი მალევე შევიბრუნე...

17 ივნისი, ოთხშაბათი
გამეღვიძა ადრე, 6 საათზე. მოვიმზადე ერთი ფინჯანი ყავა და შევუდექი გუშინდელი დღის “ქრონოლოგიის” აღწერას. მივხვდი, რომ კვირის ყოველი დღე, მეტ-ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს.
გუშინდელი გამოირჩეოდა “სიურპრიზით”, ჩემი მეუღლის დეიდამ ფეხი იღრძო თავისი სახლის ეზოში. მე ამასობაში ვატარებდი ლექციას კვების ტექნოლოგიაში, როცა სიდედრმა დამირეკა და შემატყობინა, რომ ეთერის აქვს პრობლემა. კიდევ კარგი, ლექცია თითქმის დამთავრებული იყო. ჯერ არც ერთი ლექცია არ მაქვს გაცდენილი. ახალი ნაკადის სტუდენტები დიდი მონდომებით სწავლობენ და ყოველი გაცდენილი გაკვეთილი მათთვის საწყენი იქნება. ზოგიერთ მათგანს უჭირს გზის ხარჯის გაწევა და მათი ტყუილად მოყვანა კოლეჯში არ არის სამართლიანი.
გავუარე სიდედრს და მივაკითხეთ მის დას. ღმერთის წყალობით, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა. ეთერი გადავიყვანეთ ლიასთან, ხვალ უნდა გადავუღოთ რენტგენი, რათა გამოვრიცხოთ ნებისმიერი დაზიანება.
დავბრუნდი სახლში და “თელავის მარნისთვის” მენიუს დამუშავებას შევუდექი. ყველაზე რთული დესერტების შექმნაა. საბედნიეროდ, ბერძენი მზარეულის, მარკოს გამოცდილება გვშველის. ამ შემთხვევაში ველოსიპედს ხელახლა არ ვიგონებთ და, დესერტების სიაში შეგვაქვს, მაგალითად, “მსხალი წითელი ღვინის სოუსში”. კერძების დეგუსტაცია გვაქვს კვირას, 21 ივნისს, ასე რომ შედეგებზე სხვა დროს მოგახსენებთ. მე მგონი, ყველაფერი კარგად დამთავრდება. შესაძლოა, რამდენიმე რეცეპტი ამ მენიუდან შევიდეს წიგნში, რომლის გამოცემასაც ვაპირებთ ერთი ჩვენი ახლობლის ფინანსური მხარდაჭერით. ვაპირებთ, შევაგროვოთ ძველი ქართული რეცეპტები, თავი მოვუყაროთ ამ წიგნში და მოვახდინოთ მათი “გათანამედროვება”.
საღამოს 6 საათზე ვბრუნდები კოლეჯში. თათბირი გვაქვს მომავალი სემესტრის სასწავლო გეგმებთან დაკავშირებით..
დღის ბოლო უინტერესოა. მოვამზადე სადილი: ქათამი მაიონეზის, რეჰანის და თხილის სოუსში. შემდეგ - ტახტი და ტელევიზორი...

18 ივნისი, ხუთშაბათი
ყოველი დილა წინას ჰგავს, ალბათ როგორც ყველა ოჯახში, სადაც ოჯახის წევრები მუშაობენ. საუზმე, თავის მოწესრიგება და სამსახურისკენ გამგზავრება. ნინიკო დავტოვე სამსახურში. დილით ამინდი ჯერ კიდევ გვწყალობს, მაგრამ საღამოსკენ კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ასეთი წვიმიანი ზაფხული მე ჯერ არ მახსოვს. ხვალისთვის სეტყვა და ქარბუქია გამოცხადებული. არ ვიცი, ან ბუნება გვსჯის უთავბოლობისთვის ან უფალი - ამპარტავნობისთვის.
დღეს ცოტა ადრე მომიწია კოლეჯში მისვლა, რადგან დამეზარა სახლში დაბრუნება და მერე ორ საათში ისევ სამსახურში მისვლა. თავისუფალი დრო უქმად არ გამიტარებია. შევხვდი ჩვენი კოლეჯის დირექტორს, თამარ ტაბიძეს. ვისაუბრეთ გამოცდებზე და რეცეპტების წიგნზე, რომლის გამოცემასაც ვაპირებთ კოლეჯის ეგიდით. აგრეთვე ველაპარაკე ჩემს კოლეგას, თამრიკო ელისაშვილს, რომელთან ერთადაც “სწრაფი კვების” მენიუზე ვმუშაობთ ერთი მეგობრის თხოვნით. კოლეჯში შევიტყვე, რომ არის ჩვენი კოლეგის, ზურაბ ძნელაძის დაბადების დღე. ბავშვებმა რამდენიმე სახეობის კერძი მოუმზადეს. მართალია ზურა მკაცრი პედაგოგია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მზრუნველიც. სტუდენტები ერთმანეთში მას “მამა ტერეზად” მოიხსენიებენ, რაც მისდამი მათ თბილ დამოკიდებულებას გამოხატავს. სამწუხაროდ, ვერ ვრჩები ზურასადმი მიძღვნილ “ნადიმზე”, რადგან უნდა გავუარო მეუღლეს და სახლში წავიყვანო. ოთხი პრაქტიკული ლექციის შემდეგ, ცოტა არ იყოს, მეც დავიღალე.
მე და ნინიკო ვბრუნდებით სახლში საღამოს 8 საათისკენ. მერჩუკა, ჩვენი ქალიშვილი, უკვე სახლშია.
მსუბუქი ვახშამი, ტელევიზორი, მერე არაფერი მახსოვს. ჩამეძინა...

19 ივნისი, პარასკევი
დილიდან წვიმს. განწყობაც შესაბამისია. უნდა გავუარო მარკოს და წავიყვანო კოლეჯში. გზად მეუღლეს სამსახურში ვტოვებ.
ამ კვირას ვამთავრებ “მაკარონის ნაწარმის” თემას. დღეს ვამზადებთ “ლაზანიას”, სპაგეტი “კარბონარას” და პასტა “ნეაპოლიტანას”. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ისწავლონ სპაგეტის მოხარშვა “ალ დენტე”, ანუ სპაგეტი უნდა იყოს ოდნავ მკვრივი.
მარკოსთან ერთად გადავხედეთ საყიდლების სიას. ხვალ მივდივართ “გუდვილში”. მე მგონი, ნინიკოც მომყვება, სახლისთვის რაღაცები აქვს შესაძენი.
ლექციების შემდეგ ვბრუნდები სახლში. მთელი დღე “ვიქექები” ინტერნეტში და კულინარულ წიგნებში. მოსამზადებელი მაქვს სასწავლო გეგმა 1-დან 19 ივლისამდე.
7 საათზე გავუარე მეუღლეს და ერთად წავედით ჩემს ნათლიასთან, ქეთი ფეიქრიშვილთან. გვიან მოვინათლე, 28 წლის ასაკში, ასე რომ, ჩემი ნათლია ჩემზე უმცროსია. ჩემი შვილიშვილი და ქეთის ვაჟი, ვატო, მეგობრობენ.
11 საათზე ვბრუნდებით სახლში. ხვალამდე!

20 ივნისი, შაბათი
ადრე გამეღვიძა. დღეს ვუღალატე “ინგლისურ საუზმეს” კვერცხით, და ხაჭო და არაჟანი მივირთვი.
10 საათზე უნდა გავუარო მარკოს და უნდა წავიდეთ “გუდვილში” საყიდლებზე. გადავხედე პროდუქტების სიას. მგონი, არაფერი გამომრჩა.
ხვალ გვაქვს დეგუსტაცია “თელავის მარნისთვის”, რეცეპტები ფურცელზე გვაქვს შედგენილი, ანუ ვარაუდით. შესაძლოა, რამდენიმე კერძმა არ გაამართლოს. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ კერძებში უნდა გამოვიყენოთ სანელებლები, რომლებიც ევროპაში მოიპოვება (რადგან ბუკლეტი, ძირითადად, ევროპელი მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი), მაგრამ ამავდროულად კერძს უნდა შევუნარჩუნოთ “ქართული ხასიათი”.
“გუდვილის” მერე მივედით კოლეჯში და დავიწყეთ პროდუქტების დახარისხება-დამუშავება. რამდენიმე კერძი, როგორიცაა, მაგალითად, ხბოს ხორცი ღვინის სოუსში ან ქათამი ტარხუნის სოუსით, უნდა მომზადდეს წინასწარ. ფრანგები ამას უწოდებენ - "პლა მიჟოტე". დანარჩენ კერძებს ვამზადებთ ხვალ “ალა კარტ”. რეცეპტების ნაწილი შევა წიგნში, რომლის გამოცემასაც ვაპირებთ კოლეჯში. არ უნდა დამავიწყდეს ციფრული ფოტოაპარატის წაღება კერძების გადასაღებად. სამზარეულოში რამდენიმე სტუდენტი გვეხმარება: ნუცა, ზურა და დათო, რომლებიც ძალიან კარგები და პერსპექტიულები არიან.
ველაპარაკე ჩემს მშობლებს. ისინი ცხოვრობენ ბილბაოში, სადაც გუშინ დაჯგუფება “ეტამ” ტერორისტული აქტი მოაწყო. იყო მსხვერპლი. საბედნიეროდ, ღმერთის წყალობით, ყველანი კარგად არიან.
საღამოს მე და მეუღლე სტუმრად მივდივართ, მაგრამ ეს უკვე სხვა დღიურის თემაა...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG