Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა რუსთავში რეალურ კონტურებს იძენს


ეს პროგრამა ქალაქს დამოუკიდებელი საგარეო ურთიერთობების უფრო აქტიურად წარმართვისა და ეფექტიანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ამის დასტურია პოლონური დელეგაციების ვიზიტები რუსთავში და ის შეთანხმებები, რაც ამ შეხვედრებს მოჰყვა.

მაგალითად, გასულ შაბათს რუსთავს პოლონეთის ქალაქ ლოძის მერი ჯეზი კროპილინსკი ესტუმრა და თავის რუსთაველ კოლეგას, მამუკა ჩიქოვანს, შეხვდა.

ბუნებრივია, საუბარი ორი დაძმობილებული ქალაქის - რუსთავისა და ლოძის - თანამშრომლობის პერსპექტივას შეეხო.

ცნობისთვის: რუსთავისა და ლოძის მეგობრობის ისტორია სათავეს გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან იღებს, თუმცა კონტაქტები მაინც ოფიციალურ დონეს არ გასცილებია და მხოლოდ გაცნობითი ხასიათის იყო. მაგრამ, როგორც ჯეზი კროპილინსკიმ ჩიქოვანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ამცნო, ამგვარი კონტაქტები მალე საქმიან ურთიერთობაში გადაიზრდება.

კერძოდ, შემოდგომაზე რუსთავიდან ოფიციალური დელეგაცია გაემგზავრება პოლონეთში. დელეგაციის შემადგენლობაში რუსთაველი ბიზნესმენებიც იქნებიან, რომლებიც ლოძის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან კონტაქტს დაამყარებენ.

ჯეზი კროპილინსკის სტუმრობიდან მეორე დღეს რუსთავს პოლონეთიდან 11 კაციანი დელეგაცია ეწვია სამი დღით.

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარე პოლონელებს იმაზე შეუთანხმდა, რომ კონკრეტული პროექტები პოლონურ ქალაქებთან პარტნიორობით შემუშავდეს, თავად პროექტები კი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს. დელეგაციას ხელმძღვანელობდა იანუშ შევჩუკი, ქალაქ შჩეცინიდან, რომელიც პოლონეთის ლოკალური ეკონომიკური განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეა.

„ჩვენ შევათანხმეთ თანამშრომლობის საკითხები. უკვე გარკვეულია, რომ მომზადდება ფონდებთან მომუშავე სპეციალისტების ჯგუფი. ასევე შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ რუსთავში სამრეწველო ზონის შექმნასა და შრომის ბაზრის ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა იანუშ შევჩუკმა რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.

რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ პოლონური გამოცდილების მიღება და პოლონეთის ქალაქებთან პარტნიორობა რუსთავს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.

ერთობლივი პროექტების დეტალებზე რუსთავში გამართულ ორდღიან კონფერენციაზეც იმსჯელეს. მასში მონაწილეობა არა მარტო რუსთავის, ქვემო ქართლის სხვა ქალაქების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

მათ იმის სურვილი გამოთქვეს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა და ქალაქების დონეზე თანამშრომლობა მთელ ქვემო ქართლზე გავრცელდეს.
XS
SM
MD
LG