Accessibility links

logo-print
ცხელ დღეებს ლაგოდეხელი ახალგაზრდები მალე პოლონეთის საზაფხულო ბანაკებში გაატარებენ, პოლონელ სტუმრებს კი ლაგოდეხი უმასპინძლებს. გაცვლით პროგრამებს ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც ლაგოდეხსა და პოლონეთის ქალაქ ოსტრავეკას შორის გაფორმდა. ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წვერავამ და ქალაქ ოსტრავეკას პრეზიდენტმა იანუშ კატოვსკიმ მოაწერეს.

"ეს მოიცავს როგორც ბავშვების ბანაკებში გაცვლას, ასევე კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებს, ისტორიის ერთობლივ კვლევას, მათი გამოცდილების გაზიარებას - თვთმმართველობით პროცესებში როგორ გადავლახოთ სირთულეები", - აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წვერავა. გაცვლითი პროგრამების გარდა კი, როგორც გიორგი წვერავა აღნიშნავს, ორი ქალაქი მომავალში ერთობლივ პროექტებზეც იმუშავებს:

"ევროკავშირიდან როგორ მივიღოთ დაფინანსება, არ ვიცით. პოლონეთს აქვს ამის დიდი გამოცდილება და ქალაქი ოსტრავეკა თანახმაა დაგვეხმაროს პროექტების მომზადებაში."

მემორანდუმის გაფორმებამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან პოლონეთის საელჩო თანამშრომლობდა. მათი ხელშეწყობით, რამდენიმე წლის წინ ლაგოდეხში მცხოვრები პოლონელებისთვის პოლონური სახლიც გაიხსნა, სადაც, ლაგოდეხელი პოლონელების გარდა, აქ მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო სხვადასხვა უფასო სასწავლო კურსების გავლა. ერთ_ერთი მათგანი ლაგოდეხელი ქრისტიანა გრიგორიანია. ქრისტიანა, როგორც ამ სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, პოლონეთის ბანაკში ისვენებდა.

"ლაგოდეხში უამრავი მეგობარი მყავს, რომელიც არის პოლონელი, და ჩვენ 15 სექტემბრიდან ერთად დავიწყეთ სწავლა პოლონურ სკოლაში; ოქტომბერში კი, როგორც წარჩინებული მოსწავლე, პოლონეთშ ორი კვირით ბანაკში გამაგზავნეს. ვიყავით სანატორიაში, შევიძინე უამრავი მეგობარი, ვნახე ბევრი საინტერესო ადგილი; ჩავედით ქალაქ კრაკოვში, ვნახეთ ვაველი, სადაც ცხოვრობდა პოლონეთის ყველა მეფე. ძალიან ლამაზი სასახლეა."

ქრისტიანა ამბობს, რომ ოსტრავეკასა და ლაგოდეხის დაძმობილებას ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

”მიხარია, რომ ლაგოდეხი და ოსტრავეკა დაძმობილდნენ. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაახლოებას და დამეგობრებას. ჩვენ გვექნება უფრო დიდი შანსი, რომ კიდევ უფრო ღრმად გავეცნოთ ამ ორი ქვეყნის კულტურას, ისტორიას.”

საზაფხულო ბანაკებში ახალგაზრდების მიწვევა უკვე დაიწყო. ოსტრავეკასა და ლაგოდეხის ერთობლივ პროექტებზე მუშაობის დაწყება კი შემოდგომიდან იგეგმება.
XS
SM
MD
LG