Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა აგვისტოს ომის შემდეგ


გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროპაში გორის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გორს არაერთი ევროპული ქალაქი დაუმეგობრდა. აგვისტომდე ქალაქის ხელმძღვანელობა უკრაინულ ქალაქ ლუცკის ხელისუფლებასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას დამეგობრების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, მაგრამ 23 აგვისტოს გორის დელეგაცია უკრაინაში ვერ გაემგზავრა, თუმცა ორიგინალური გამოსავალი მოიძებნა: გორის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის განცხდებით, ახლა დამეგობრების შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს ლუცკის მეგობარ პოლონურ ქალაქ ლუბლინთან, საიდანაც ჰუმანიტარულ დახმარებას გორი დღემდე იღებს.

„ომმა ჩვენი გეგმები შეცვალა, ლუცკში დელეგაცია ჩასვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ, ჩვენი მეგობრების ინიციატივით, 23 აგვისტოს თბილისში, უკრაინის საელჩოში, ჩავედი და, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერნეტით გავაფორმეთ ხელშეკრულება. ონლაინ რეჟიმში ვხედავდი უკრაინული მხარის განწყობას. დიდი აჟიოტაჟი იყო შექმნილი, იქაური მედია აშუქებდა ამ მოვლენას; მეკითხებოდნენ, რა გჭირდებათ რით დაგეხმაროთო. შემდეგ უკვე ჩვენი მეგობრებისგან წამოვიდა შემოთავაზება, რომ დევნილ ბავშვებს უმასპინძლებდნენ. ათეულობით მოზარდმა გაიარა სარეაბილიტაციო კურსი ლუცკში“, – აცხადებს ზვიად ხმალაძე.

ქალაქების დამეგობრება ხელს უწყობს კულტურულ–საგანმანათლებლო და ბიზნეს–ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას თვითმმართველობის საკითხებში. ამდენად, გორის საკრებულოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა მეგობრობა აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებთან, სადაც კომუნისტური მმართველობის რღვევის შემდეგ ახალი თვითმმართველობები შეიქმნა.

სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქალაქებთან ცალკე ურთიერთობებს ამყარებს გორის უნივერსიტეტი. ომის პერიოდში არ წყდებოდა ზარები ნიუ–იორკის უნივერსიტეტიდან. გორის უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი კი ყველაზე მეტად ვარშავის უნივერსიტეტში კასეტური ბომბებისგან დაცხრილული საკუთარი უნივერსიტეტის დროშის ნახვამ გააკვირვა.

„ასეთი დიდი ყურადღება გორის უნივერსიტეტის მიმართ არასოდეს ყოფილა, როგორც აგვისტოს მოვლენების შემდეგ. საოცარი ფაქტი მოხდა ვარშავაში: გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ვიყავი ჩასული და გახსნის დღეს საკონფერენციო დარბაზში ჩვენი უნივერსიტეტის კასეტური ბომბებით დაგლეჯილი დროშა შემოიტანეს და ყველას თვალწინ ჩვენმა პოლონელმა მეგობრებმა უკან დაგვიბრუნეს. ევროკავშირის საქართველოსა და უნივერსიტეტის დროშები 12 აგვისტოს დაბომბვის დროს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფასადზე იყო ჩამოკიდებული, შემდეგ კი იქიდან პოლონეთში მოხვდა. ახლა ეს დროშა ჩვენი რელიკვიაა, როგორც პოლონურ და ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეებს შორის მეგობრობის სიმბოლო“, – აღნიშნა ზაზა ცოტნიაშვილმა.

ამჟამად გორის უნივერსიტეტი ლატვიის და ესტონეთის უნივერსიტეტებთან საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ჩამოყალიბებაზე მუშაობს. გორის ხელისუფლებამ კი, ლუბლინის გარდა, კიდევ ერთ უკრაინულ ქალაქ იუჟნთან დაიწყო მოლაპარაკება მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
XS
SM
MD
LG