Accessibility links

“აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება სხვებისთვის მარცხს არ ნიშნავს”


რობერტ უეკსლერი რადიო თავისუფლებაში

რობერტ უეკსლერი რადიო თავისუფლებაში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ფლორიდელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან რობერტ უეკსლერი ორშაბათს ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობდა. მან მონაწილეობა მიიღო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ფონდის საერთაშორისო კონფერენციაში და უეკსლერი რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინასაც ეწვია.

ჩვენი კოლეგის გრეგორი ფაიფერის პირველივე შეკითხვა შეეხებოდა საქართველოს საკითხს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაში, რომელიც განვითარებას ნახავს სულ მალე, მოსკოვში პრეზიდენტ ობამას ვიზიტისას. ვაშინგტონი და დანარჩენი მსოფლიო არ ეთანხმება გავლენის სფეროების იდეას, რუსეთი კი ახალ რეალობაზე ლაპარაკობს. რუსეთმა დაიწყო ფართო სამხედრო მანევრები საქართველოს საზღვრებთან. ამავე დროს, ის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო მეთვალყურეებს არ უშვებს. რამდენიმე დღის წინ კი ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა შედგა, სადაც გადაწყდა, რომ ალიანსი რუსეთთან ოფიციალურ ურთიერთობას აგრძელებს. რა ხდება, საქართველოს საკითხში ნატო თავის იდეალებს წირავს? ამ შეკითხვას ამერიკელი კონგრესმენი ასე უპასუხებს:

“მე არ მგონია, რომ აქ იდეალების გაწირვასთან გვქონდეს საქმე. ნება მომეცით, შეკითხვაში მოცემული მტკიცება შევცვალო. საქართველო აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის პრინციპულად მნიშვნელოვანი ასპექტია და აშკარად მნიშვნელოვანია აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაშიც. აშშ-ის პრეზიდენტი ობამა რუსეთში მიემგზავრება, ჩემი აზრით, აშშ-სა რუსეთს შორის თემათა ფართო სპექტრში ურთიერთობის განსავითარებლად. დიახ, საქართველო არსებითად მნიშვნელოვანია და ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი ზღვარს არ გადავა და საქართველოს სუვერენიტეტი და სხვა მისთანა არ იქნება დამატებით შეზღუდული."

რობერტ უეკსლერი ჩამოთვლის იმ სფეროებს, რომლებშიც რუსეთი ერთობ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ესენია: ირანის რეჟიმი და მისი ბირთვული პროგრამა, მოსკოვის როლი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელ-პალესტინელთა, ისრაელსა და არაბთა სამყროსთან ურთიერთობაში. ამერიკელი კონგრესმენის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიის უსაფრთხოებაში ამერიკულ-რუსული ორმხრივი ურთიერთობებიც. მომავალ თვეებში მოლაპარაკება გაიმართება ბირთვული იარაღის გარშემო და, საერთოდ, ფიქრობს უეკსლერი, არ არის სფერო, რომელიც არ იქნებოდა მნიშვნელოვანი აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებისა და რუსეთის უსაფრთხოებისთვის. მათში ორივე ქვეყანა ნახავს ხეირს.

რაც შეეხება ნატოს, უეკსლერის აზრით, მას აკისრია არსებითი როლი რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის მოგვარებაში. ამასთან, უეკსლერი თვლის, “რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დაწყებულ დისკუსიებში დადებითი ნიშანი ჩანს. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამის გამო აშშ-სა და რუსეთს შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო. ის ახლაც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ახლა დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, შეიძლება თუ არა, რომ ამ პროგრამაში რუსეთიც ჩაერთოს. დისკუსიას მოჰყვა ცალკეული თანამშრომლობა და კონფრონტაცია რუსეთსა და აშშ-ს შორის და მივედით დისკუსიამდე, როგორ შეუძლიათ ამერიკასა და რუსეთს უკეთესად ითანამშრომლონ საკითხთა მთელ სპექტრში. და ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, გადაუდებლად მნიშვნელოვანია ვითარება საქართველოში.”

ამ ინტერვიუში ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ სხვა შეკითხვებსაც უპასუხა. გაგაცნობთ კიდევ ერთ პასუხს, რომელიც შეეხება ბარაკ ობამას მოსკოვში სტუმრობას, რასაც აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მოუთმენლად მოელიან. ჩვენმა კორესპონდენტმა არ დაუმალა თანამოსაუბრეს, რომ ამ უზარმაზარი რეგიონის მოსახლეობას ეშინია, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობათა ამ ეგრეთ წოდებულ “ხელახლა გადატვირთვას” თავად არ შეეწიროს. რა უნდა გააკეთოს და უთხრას ობამამ ამ ქვეყნებს, სადაც მის ყველა სიტყვას გაფაციცებით ელიან?

“მე მესმის ჩვენი ამ მოკავშირეების მგრძნობიარობა და მათ პატივი უნდა ვცეთ, თქვა უეკსლერმა. მაგრამ ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობა არ არის თამაში, რომლის გაუმჯობესება სხვებისთვის მარცხს უნდა ნიშნავდეს. თუკი შეგვიძლია ვითანამშრომლოთ რუსეთთან უსაფრთხოების კრიტიკულ საკითხებში, ენერგოუსაფრთხოების კრიტიკულ სფეროში, ლოგიკური დასკვნაა, რომ ამით ჩვენი მოკავშირეების საქმეც უკეთ წავა და არა უარესად. როცა უკრაინიდან გაზის მიწოდება წყდება რუსეთსა და უკრაინას შორის ცუდი ურთიერთობის გამო, ვერავინ ხეირობს ევროპაში, პირიქით. ეს ერთი მაგალითია. რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა, თუკი ეს მოიტანს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას, მთელ მსოფლიოში ყველა ჩვენს მოკავშირეს ახეირებს.

რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა, თუკი ეს მიღწეული იქნა, დაეხმარება ჩვენს მოკავშირეებს პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის პროგრამა უფრო თანამშრომლობა იყოს, ვიდრე დაპირისპირება. ანალიზი, რომელიც გვეუბნება, რომ ვერც ერთი მხარე ვერ იხეირებს, მიუღებელია. და ეს არის პრეზიდენტ ობამას ერთ-ერთი საგარეოპოლიტიკური მესიჯიც: წარსულის ანალიზი ყოველთვის აუცილებლად არ მიესადაგება მომავალს. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლაპარაკობს ხალხთან საუბრის იდეაზე, ანუ იდეაზე ხალხთან დისკუსიისა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, სინამდვილეში კი, ჩვენს მტრებს, სხვა ყველაფერი ჰგონიათ, გარდა ჩვენი სიძლიერისა. ეს არ არის სისუსტე. ჩვენს ოპონენტებთან დიალოგზე უარის თქმა არ არის სიძლიერის მაჩვენებელი. პირიქით.”
XS
SM
MD
LG